“უცნობი” ტილოები

უცნობი ფერწერული ტილოები ხანდახან აქა-იქ ამოყვინთავენ ხოლმე. ასე იყო ახლაც, როდესაც 2011 წელი ქართული ფერწერისთვის უჩვეულო აღმოჩენებით  დაიწყო: ჯერ იყო და, ნიკო ფიროსმანის “მამალი და კრუხ-წიწილა” იპოვეს, ხოლო სულ რამდენიმე დღის წინ, ლადო გუდიაშვილის გრანდიოზულმა ფერწერულმა ტილომ  მოზარდმაყურებელთა თეატრის სარდაფიდან „ამოყვინთა”.                 

“მამალი და კრუხ-წიწილა” 


არავინ იცის როგორ და საიდან აღმოჩნდა ერთ-ერთი გადამყიდველის ხელში ნიკალას “მამალი და კრუხ-წიწილა”, რომელიც ავტორის სხვა ნამუშევრების ღირებულებასთან შედარებით, ძალიან დაბალ ფასად, 300 ათას ევროდ უნდა გაყიდულიყო. პროკურატურის საგამოძიებო საქმიანობის შემდეგ, აღმოჩენილი ნამუშევარი სახელმწიფოს გადაეცა, მოხდა მისი ანალიზი, ჩატარდა ექსპერტიზა და დასკვნაც გაკეთდა:  ეს არის ავთენტური ნიკო ფიროსმანი, რადგანაც ამ ხარისხის ასლის გაკეთება უბრალოდ, შეუძლებელია. ხელოვნების ისტორიკოსი გია მარსაგიშვილი აღნიშნავს, რომ  ნამუშევარი, რომელიც მუყაოზე ზეთით არის შესრულებული, არა მხოლოდ მხატვრის ბიოგრაფიის თვალსაზრისითაა ღირებული. ის მნიშვნელოვანია ზოგადად, ქართული ფერწერისათვისაც – „სერიისათვის დამახასიათებელი საერთო კომპოზიციის აგების სტილი, ფერები და ფუნჯის ერთი მონასმით შესრულებული წიწილები, რომელიც ნამუშევარზეა წარმოდგენილი, მხოლოდ ნიკო ფიროსმანის ხელწერისთვისაა დამახასიათებელი”, – აღნიშნავს მარსაგიშვილი.  
 
როგორც ცნობილია, ამ თემაზე ფიროსმანს კიდევ ოთხი ნამუშევარი აქვს შექმნილი, რომელთაგანაც ორი კერძო კოლექციაში და ორიც ხელოვნების მუზეუმში ინახება. სწორედ მათთან შედარებისა და ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ, ექსპერტებმა ნახატს ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებში მიუჩინეს ადგილი. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას ინიციატივით, ნამუშევარი ეროვნულ მუზეუმს გადაეცა, რათა დამთვალიერებელს მისი ნახვის საშუალება მიეცეს.
 
ნიკო ფიროსმანის ბიოგრაფიის გათვალისწინებით, მისი ნამუშევრების აღმოჩენას მომავალშიც არ გამორიცხავენ, რადგანაც მხატვარი ხშირად სხვადასხვა ადგილებში მუშაობდა, რის გამოც მისი ნამუშევრების ერთად თავმოყრა შეუძლებელი იქნებოდა.  

“დღესასწაული მდინარის პირას”


მისთვის დამახასიათებელი თვალის ნუშისებრი ფორმები, ფერადოვანი გამა, თავისებური მონასმი და მხოლოდ ერთი განსხვავება – სოცრეალისტური თემა, რომელიც იდეოლოგიურმა წნეხმა განაპირობა – ასე ახასიათებენ ლადო გუდიაშვილის ტილოს. ის აქამდე საზოგადოებისათვის უცნობი იყო.
ტილო, რომელსაც პირობითად “დღესასწაული მდინარის პირას” უწოდეს, საარქივო მასალის მიხედვით, 1946 წელს შეიქმნა. 1950 წელს ის მოზარდმაყურებელთა თეატრმა შეისყიდა და წლების მანძილზე, არა მხოლოდ ფერწერული, არამედ იდეოლოგიური დატვირთვის გამო თეატრის ხელმძღვანელობის კაბინეტს ამშვენებდა. თუმცა შემდგომ, ისტორიულმა ცვლილებებმა მას არქივში დაუდო ბინა. რაც თეატრის ადმინისტრაციამ  საკუთარი ჟურნალის გამოცემა გადაწყვიტა, რუბრიკისათვის –  “არტეფაქტები” საჭირო გახდა საინტერესო დეტალებისა თუ ნივთების „აღმოსაჩენად” თეატრის არქივის გადახედვა.
 
„მნიშვნელოვანია, რომ გუდიაშვილის ამ ტილოს შესახებ, სამხატვრო წრეებში არაფერი იცოდნენ. მას მხატვრის ნამუშევრების კატალოგებშიც კი ვერ ნახავთ. ახლანდელ ვითარებაში, როდესაც ლადო გუდიაშვილი კლასიკად იქცა, ნამუშევრის სოცრეალისტურ თემატიკას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგანაც ის დიდი მხატვრის ისტორიისა და შემოქმედების ნაწილია”, – აღნიშნავს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის მმართველი მიხეილ ანთაძე. აღნიშნული ტილო კულტურის სამინისტროსა და თეატრის ერთობლივი გადაწყვეტილებით, საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს გადაეცა, სადაც გუდიაშვილის სხვა ნამუშევრებთან ერთად, რესტავრაციის შემდეგ, მუზეუმის საექსპონატო დარბაზში დაიდებს ბინას.

კომენტარები