გონდრის კრაზანა

სუპერგმირებზე ფილმები ყოველთვის პოპულარული იყო ჰოლივუდში. ბეტმენი, სპაიდერმენი, იქს-ადამიანები ყოველთვის ახერხებდნენ მაყურებლის გულის დაპყრობას. ზებუნებრივი ძალით დაჯილდოებულები მუდამ მზად არიან ხალხი დაიცვან კინოში, რეალურ ცხოვრებაში – კინოგაქირავებაში დიდი შემოსავლი მოიტანონ. პიტერ სტებინგის „დამცველით” და მეთიუ ვონის Kick-Ass-ით კი სუპერგმირების ცხოვრებაში ახალი ტალღა დაიწყო, როდესაც უბრალო ადამიანები ყოველგვარი ზებუნებრივი ძალების გარეშე, სუპერგმირობებით ცდილობენ შეცვალონ საკუთარი ცხოვრება. ამ ტალღის შვილია „მწვანე კრაზანაც”.
 
მიშელ გონდრის ფილმის მთავარი პერსონაჟი ბრიტ რიდია (სეტ როგენი), უსაქმური მექალთანე, რომლის დილა მუდამ ფინჯანი ცხელი ყავით იწყება და აღვირახსნილი ღრეობით მთავრდება. ბრიტის მამა, ჯეიმს რიდი (ტომ უილკინსონი) შვილით მუდამ უკმაყოფილოა და თავისუფალ დროს მის კრიტიკაში ატარებს, თავისუფალი დრო კი ძალიან ცოტა აქვს. ის ლოს ანჯელესის ერთ-ერთი უმსხვილესი გაზეთის „დღის გუშაგის” მფლობელი და მთავარი რედაქტორია. ისევე, როგორც ყველგან, ამ ფილმშიც ყველაფერს ერთი უბედური შემთხვევა ცვლის. ჯეიმს რიდის ფუტკრის ნაკბენით გარდაცვალება ბრიტს უბიძგებს ახალი ცხოვრება დაიწყოს. როგენის გმირი მამამისის მექანიკოს კაიტოს (ჯეი ჩოუ) გაიცნობს, რომელიც საბრძოლო ხელოვნებების ოსტატი და ნიჭიერი ინჟინერია. მისით აღფრთოვანებული უმცროსი რიდი გადაწყვეტს სუპერგმირი გახდეს. სახელად მწვანე კრაზანას დაირქმევს, კაიტოს უსახელო თანაშემწედ აიყვანს და ხალხის სამსახურში ჩადგება. თავისი ალტერ ეგოს პოპულარიზაციის მიზნით „დღის გუშაგში” მხოლოდ მწვანე კრაზანაზე აწერინებს ჟურნალისტებს, ასისტენტად კრიმინალისტის ხარისხის მქონე მომხიბვლელ მანდილოსანს, ლენორს (ქამერონ დიასი) აიყვანს, რომლის იდეებსაც ფარულად იყენებს თავისი მიზნების განხორციელებაში.
 
სუპერგმირების თემა იმდენად გაცვეთილია, ძნელია რაიმე ორიგინალურის შექმნა. მიშელ გონდრი კი სწორედ ის რეჟისორია, რომელმაც ზუსტად იცის სიტყვა ნოვაციის მნიშვნელობა. ფრანგი რეჟისორი კინოში რეკლამისა და კლიპების სამყაროდან მოვიდა. იქ არაერთი დაუვიწყარი ნამუშევარი შექმნა – ბიორკი, Daft Punk, The Chemical Brothers,  The White Stripes – ეს იმ შემსრულებლების მცირე ჩამონათვალია, რომლებისთვისაც გონდრის უმუშავია. მან ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ტყვიის შენელების ეფექტი, სწორედ ის ეფექტი, რომელიც ვაჩოვსკებმა „მატრიცაში” გამოიყენეს. გონდრი არასოდეს ერიდება სიახლეს, გამოწვევებს, უყვარს ვიზუალური ექსპერიმენტები. ამ ყველაფერს ის „მწვანე კრაზანაშიც” კარგად იყენებს. ფილმში ბრძოლის სცენები მიშელის კლიპებს ჰგავს –- კამერის საოცარი მოძრაობა, ბრწყინვალედ შერჩეული მუსიკა, მონტაჟით მანიპულირება.
 
 სცენარი ფილმისთვის ევან გოლდბერგმა და სეტ როგენმა დაწერეს. ისინი შეეცადნენ, ფილმი სასაცილო და ჩამთრევი გამოსულიყო. კრისტოფ ვალცის პერსონაჟი ჩუდნოვსკი ცალკე აღნიშვნის ღირსია – მწვანე კრაზანას მთავარი მტერი და არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი ბალზაკის ასაკის მაფიოზი. შუა ასაკის კრიზისში მყოფს ძალიან აღიზიანებს, რომ მისი არავის ეშინია მიუხედავად იმისა, რომ მაფიის უმთავრესი ბოსია და არაერთი ადამიანი მოუკლავს, გადაწყვეტს იმიჯი შეიცვალოს და ბლადნოვსკი (blood-სისხლი) გახდეს. ის მხოლოდ წითელი სამოსით დადის და სპეციალურ ფრაზასაც შეარჩევს, რომელიც ყველა მსხვერპლს სიკვდილამდე უნდა უთხრას – „ჩემი ნიღაბი იქნება თუ შენი სისხლი, წითელი, იქნება ბოლო ფერი, რომელსაც შენ ნახავ”.
 
3D ეფექტები, ისევე როგორც ახალი ტექნოლოგიებით გადაღებულ თითქმის ყველა ფილმში, სრულიად ზედმეტია და მხოლოდ სიამოვნების მიღებას უშლის ხელს. მართალია, „მწვანე კრაზანა” კარგი ექშენ ფილმია, რომელიც ახალს და ორიგინალურს არაფერს სთავაზობს მაყურებელს იდეისა და სიუჟეტის თვალსაზრისით, სამაგიეროდ ვიზუალურად მომხიბვლელი და... სასაცილოა.

შეფასება 4/5