ქაშმირისათვის მისაბაძი კაირო

ჰოსნი მუბარაქის 30-წლიანი დიქტატურა დასრულდა. ამან მოსაზრებას, რომ ტუნისში დაწყებული რევოლუციური ტალღა არაბული სამყაროს სხვა დიქტატურებსაც გადასწვდებოდა, მეტი სიმტკიცე შესძინა. დღეს ანალიტიკოსები განიხილავენ თუ ვინ იქნება შემდეგი... ალჟირი... იქნებ სირია. შესაძლო „შემდეგში” ყველა ავტორიტარული რეჟიმი მოიაზრება.

ბევრისთვის მოულოდნელად ტალღა ინდოეთს, მსოფლიოს ყველაზე დიდ დემოკრატიას მისწვდა. სახელმწიფო არც არაბულ სამყაროს მიეკუთვნება და არც ზემოხსენებული კლასიფიკაციის კრიტერიუმებს იზიარებს. შესაბამისად, ბევრისთვის შესაძლებელია ეს აბსურდადაც ჩანდეს, მაგრამ საკითხი სხვაგვარად დგას.
 
ეგვიპტელებისა და ტუნისელების ამბოხი და ორგანიზებული ბრძოლა მისაბაძ მაგალითად, მსოფლიოს ყველაზე დიდი დემოკრატიის ყველაზე ნაკლებად დემოკრატიულ ნაწილში – ქაშმირში აღიქვეს. ქაშმირელებისათვის ზემოთ ხსენებული რევოლუციები სწორედ პოლიციური და ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლა იყო.
 
ქაშმირელმა სეპარატისტმა ლიდერებმა მუბარაქის გადადგომისთანავე განაცხადეს, რომ ეს ახალ ბიძგს მისცემს საპროტესტო გამოსვლებს. მოძრაობა თავისუფლებისათვის ლიდერმა საიდ ალი შაჰ გეელანიმ განაცხადა, რომ „ეგვიპტისა და ტუნისის რევოლუციები არის მთავარი ნიშანი იმისა, რომ ექსპლუატატორი ძალების დომინირების ეპოქა დამთავრდა... ქაშმირელებმა უნდა გაითავისონ ის დისციპლინა და ორგანიზებულობა, რაც ეგვიპტელმა და ტუნისელმა ხალხმა გამოავლინა... სწორედ ასე მოიმკის ჩვენი ბრძოლა ნაყოფს”.
 
მოძრაობა თავისუფლებისათვის ერთ-ერთია იმ 26 პარტიის გაერთიანებიდან, რომლებიც „ინდური ექსპლუატაციის წინააღმდეგ იბრძვიან”. მათი უმრავლესობა ქაშმირის ინდოეთისგან გამოყოფისა და პაკისტანთან მიერთების მომხრეა.
 
ინდოეთისათვის ქაშმირი ორი მთავარი პრობლემის გამო დამოკლეს მახვილად იქცა: პირველია პაკისტანი, მეორე – დემოგრაფია. ქაშმირში მოსახლეობის 95% მუსლიმია. რაც შეეხება პაკისტანს, იგი რეგიონიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ აცხადებს პრეტენზიას ქაშმირზე. ისლამაბადი მოითხოვს გაეროს 47-ე რეზოლუციის შესრულებას, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობას პლებისციტის მეშვეობით უნდა გადაეწყვიტა, ამ ორი სახელმწიფოდან რომელს შეუერთდებოდა.
 
ორჯერ, 1947-1965 წლებში, ინდოეთთან სამხედრო დაპირისპირების შემდეგ პაკისტანმა ირიბი ჩარევის ფორმა აირჩია. ISI (პაკისტანის უწყებათაშორისი დაზვერვა) აქტიურად ეხმარებოდა ქაშმირში არსებულ ტერორისტულ ორგანიზაციებს. გახშირებული ტერორისტული აქტებისა და ინდუსების შევიწროების გამო ქაშმირში ინდოელ სამხედროთა რაოდენობამ 700 ათასს გადააჭარბა. შესაბამისად, 2000 წლის შემდეგ ძალადობის მასშტაბები შემცირდა.
 
ამის მიუხედავად, ინდოეთის სამხედრო ძალებს ქაშმირი არ დაუტოვებიათ. დროთა განმავლობაში ამან მსოფლიოს ყველაზე დიდი დემოკრატიისათვის პოტენციურად უფრო დიდი საფრთხე შექმნა: ინტიფადას მსგავსი ამბოხი პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ. ახალგაზრდების გარდა მოძრაობამ მათი დები, მშობლები და უფროსი თაობაც მოიცვა. დღეს „ქაშმირული ნაციონალიზმი” სწორედ მათი პოლიტიკური და სოციალური უფლებების დაცვისა და ავტონომიის გაზრდისკენაა მიმართული. ძნელი წარმოსადგენია, მოსახლეობაში ინდოეთისგან გამოყოფასა და პაკისტანთან შეერთებაში ვინმე მნიშვნელოვან სარგებელს ხედავდეს.
 
ამ მოძრაობას რადიკალიზმი დიპლომატიური მოლაპარაკებების ჩიხში შესვლამ და ცენტრალური ხელისუფლების უშედეგო დაპირებებმა შესძინა. 2010 წლის ზაფხულში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის 900-მდე შეტაკება მოხდა. New York Times-ის მონაცემებით არ დაღუპულა არც ერთი ჯარისკაცი, მაშინ როცა მათმა ტყვიამ დაახლოებით 110 ქაშმირელი იმსხვერპლა.
 
ხისტი ძალით ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია – ძალადობა წარმოშობს ძალადობას, შესაბამისად – მეტ წინააღმდეგობას.
 
2010 წლის ზაფხულის მოვლენების შემდეგ მეტ-ნაკლებად შეიცვალა ხელისუფლების დამოკიდებულება, რაც პროგრესის იმედს წარმოშობს: დაპატიმრებული მომიტინგეები გაათავისუფლეს, გაიხსნა დაკეტილი სკოლები და უნივერსიტეტები, გარდაცვლილების ოჯახებს კი ფინანსური კომპენსაცია გადასცეს. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მიმდინარე წელსაც: იანვარში მიღებული გადაწყვეტილებით ქაშმირში დისლოცირებულ სამხედროთა რაოდენობა 25%-ით შემცირდება (ეს ნიშნავს 125 ათას სამხედროს). ასევე გადაამზადებენ პოლიციელებს. ხელისუფლების ფრთხილი დამოკიდებულების მაჩვენებელია ისიც, რომ დამოუკიდებლობის აღლუმამდე რამდენიმე დღით ადრე ინდოეთის სახალხო პარტიას (BJP – ოპოზიციური ნაციონალისტური პარტია, რომელიც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქაშმირში ინდოეთის სახელმწიფო დროშის აღმართვას გეგმავდა) შესაძლო საპროტესტო გამოსვლების თავიდან ასარიდებლად, ქაშმირისაკენ მსვლელობის მოწყობის შესაძლებლობა არ მისცა

კომენტარები