Nokindows: რაღაც აყროლდა ფინეთში

მობილური ტელეფონების ყოველწლიური მსოფლიო კონგრესი ბარსელონაში ტექნომანებისათვის საინტერესო სიახლით დაიწყო. Microsoft-ისა და Nokia-ს წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ სმარტფონების ომში ისინი გაერთიანებული ძალებით მიიღებენ მონაწილეობას. ეს იმას ნიშნავს, რომ ფინელები უარს იტყვიან ოპერაციულ სისტემებზე Symbian OS-ზე და ჩანასახშივე მკვდრად მონათლულ Maemo-ზე, რომელსაც Nokia-ს თავკაცები ანდროიდის კონკურენტად განიხილავდნენ. ისინი მომავალში დამზადებულ ტელეფონებში Windows phone 7-ს ჩატვირთავენ, ხოლო ამერიკელები უახლესი Nokia-ებისთვის მობილური ტელეფონებისათვის ოპტიმიზირებულ Bing-ის ინტერნეტ-სერვისებს და სათამაშო კონსოლის, xBox-ის მობილურ ვერსიებს შექმნიან.

Nokia-ს კანადელი აღმასრულებელი დირექტორის, სტივენ ელოპის თქმით, ისინი, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, განვითარების სამ შესაძლო ვარიანტზე ფიქრობდნენ. პირველი ვარიანტი იმავე კურსის, Symbian OS-ის და Maemo-ს განვითარების გზა იყო, რაც Nokia-ს კრახამდე მიიყვანდა, ვინაიდან Nokia-ს გაყიდვებმა უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე მთელ მსოფლიოში 12%-ით იკლო. მათ უფასო ოპერაციული სისტემის, ანდროიდის Nokia-ზე მორგებაზეც თქვეს უარი, როგორც მეორე შესაძლო ვარიანტზე და მესამე – Microsoft-თან ალიანსის შეკვრა აირჩიეს. ეს, სტივენ ელოპის განცხადებით, ბაზარზე ახალი ანგარიშგასაწევი მოთამაშის დაბადების მომასწავებელი იქნება და თუ აქამდე Apple iOS, Google Android და Blackberry RIM ინაწილებდნენ ბაზარს, ამიერიდან Nokindows-ად მონათლული ფინურ-ამერიკული კავშირიც ჩაერთვება ტიტანების ომში. საინტერესოა ისიც, რომ სტივენ ელოპი სანამ ფინური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გახდებოდა, მანამდე Microsoft-ში მუშაობდა, თუმცა იგი თავს ტროას ცხენად არ გრძნობს და აცხადებს, რომ ალიანსის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მას ერთპიროვნულად არ მიუღია და მასში Nokia-ს ბორდის ყველა წევრი იღებდა მონაწილეობას.

თუ Nokia უარს იტყვის საკუთარი ოპერაციული სისტემის განვითარებაზე, ეს მთლიანად შეცვლის კომპანიის სტრუქტურას, ამიტომ არავის გაკვირვებია ის ფაქტი, რომ ფინეთში Nokia-ს დასაქმებული ოცი ათასი ადამიანიდან, დიდი ნაწილი უსამსახუროდ დარჩება. წინასწარი მონაცემებით სამსახურიდან დათხოვნა ყველაზე ცუდ შემთხვევაში ექვსი ათას ადამიანს შეეხება. ეს ფაქტი Nokia-ს ხელმძღვანელობამ იმით ახსნა, რომ ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად იცვლება და სიტუაცია ბაზარზე იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ მუდმივი სამსახური, ჩვენს დროში, როგორც წესი, არ არსებობს. საკადრო ცვლილებებს Nokia-ში ივნის-ივლისში ელოდებიან, მანამდე კი ფინური კომპანიის თანამშრობლებს შორის ნერვიულობა სუფევს.

მობილური ტელეფონის არსებობის ბოლო ოცი წლის მანძილზე ოთხი დიდი ტალღა შეინიშნებოდა: პირველი ტალღა Nokia-ს ტელეფონებმა შექმნეს. შემდეგ Blackberry მოვიდა თავისი ელექტრონული ფოსტის დაცული სერვისებით. სტივ ჯობსის ხელში ათამაშებული iPhone ყველამ გაყიდვების დაწყებამდე შეიყვარა და ამით მესამე ტალღა დაიწყო, რომელსაც 2010 წლის ბოლოს ოპერაციულმა სისტემა Android OS-მა წაართვა პირველობა... სტივენ ელოპისა და სტივენ ბალმერის კომპანიებს შორის შეკრული ალიანსი, მათივე განცხადებით, მეხუთე ტალღას დაუდებს დასაბამს. რითი აპირებენ Nokindows-ის შემქმნელები Google Android-ის ახალ ვერსიებთან და იაფფასიან ჩინურ ტელეფონებთან ჭიდაობას, რომლებზეც ასევე ანდროიდია ჩატვირთული, ჯერჯერობით მთლად ნათელი არ არის. თუმცა ყველა ექსპერტი თანხმდება იმ მარტივ ჭეშმარიტებაზე, რომ დიდი ცვლილებების ეპოქაში ცხოვრება ყოველთვის საინტერესოა.

კომენტარები