სტრატეგიული დიალოგის დასაწყისი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 16 თებერვალს 20 ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ონლაინკონფერენცია გამართა. ვიდეოკონფერენცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი პროექტის – სტრატეგიული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან – დასაწყისია. კონფერენციის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება, სახელმწიფო მდივნისთვის ონლაინრეჟიმში კითხვები დაესვათ.
 

ბენჟამინ ფრანკლინის სახელობის დარბაზიდან ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ტუნისისა და ეგვიპტის რევოლუციებმა კიდევ ერთხელ აჩვენა თუ რაოდენ  მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის განვითარებისათვის. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ დემოკრატიის მისაღწევად ყველაზე მტკიცე გზა სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობაა.
 

ჰილარი კლინტონმა აგრეთვე განაცხადა, რომ მან  აშშ-ის ელჩებს დაავალა, ყველა ქვეყანაში მუდმივად შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. აშშ-მ ავტოკრატიულ რეჟიმებთან ურთიერთობის, განსაკუთრებით კი ეგვიპტისა და ტუნისის გამო, დამსწრეებისაგან კრიტიკაც დაიმსახურა. ეგვიპტის წარმომადგენელმა აშშ-ის მიერ დემოკრატიების დახმარების შემცირება გააკრიტიკა. სახელმწიფო მდივანს კითხვა დაუსვეს ადამიანის უფლებების როლის შესახებ მოლაპარაკებების პროცესში ისეთ პარტნიორებთან, როგორიც რუსეთი და ჩინეთია.
 

აშშ-ის საელჩოში საქართველოში 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო მიწვეული და მათაც მიეცათ საშუალება სახელმწიფო მდივნისთვის კითხვით მიემართათ. კონფერენციაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის, თამარ ჩუგოშვილის კითხვა დასვეს: ეკონომიკური განვითარება და დემოკრატიული ღირებულებები თანაბრად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ჩვენი აზრით, ზოგიერთ შემთხვევაში დემოკრატიული ღირებულებები და კანონის უზენაესობა ეწირება ეკონომიკურ განვითარებას. გვინდა ვკითხოთ სახელმწიფო მდივანს, რამდენად არის ეს ნორმალური? და რა დონემდე შეიძლება ერთისთვის მეორესთან შედარებით მეტი უპირატესობის მინიჭება?.
 

კითხვას სახელმწიფო მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა მელანი ვერვიერმა უპასუხა. მან ისაუბრა ინსტიტუტების, დემოკრატიული მმართველობის, კანონის უზენაესობისა და თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების კომბინაციის, ასევე კერძო სექტორის ეკონომიკაში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ.

კომენტარები