პეტრა პირველი

ბილოვეჩში სულ ორი საჩოგბურთო კორტია. იყო შვიდი და დანარჩენი ხუთი მოანგრიეს. ქალაქის მერიამ ყველაზე ცნობილი ბილოვეჩელის გამო, საჩოგბურთო კომპლექსის მშენებლობა დეკემბერში დაიწყო. დიდი ხნის ამბავია და მერიაში აზრზე არ არიან, როდის მორჩებიან ყველაფერს. მანამდე ის გოგონა ითამაშებს. ახალ ჩოგბურთს ითამაშებს და მოიგებს. იდეაში, ბევრი უნდა მოიგოს. წელს ძალიან ცოტა საჩოგბურთო ჯეკპოტი გათამაშდა. ორჯერ ჯეკპოტი პეტრა კვიტოვამ მოხსნა.

პეტრა კორტზე სექსუალურად ჭრის დისტანციას, არ ნერვიულობს და ელეგანტურია. კვიტოვა ოხვრა-ხვნეშა-ცქმუტუნზე დიდ დროს ოპონენტის შესწავლას უთმობს. ამ ყველაფერს მალე აგვარებს და იწყება კვიტოვას ფესტივალი. ჰოლივუდური ფორჰენდი, მოსელეშო ბექჰენდი და თუ ბადესთან გადის, მარტინა დეიდასავით ფარავს ყველაფერს. სეზონი ახალი დაწყებულია, ჯერ არ გახურებულა და კვიტოვამ უკვე ორი ტურნირი მოიგო. ჯერ პირველ მეიჯორამდე, ბრისბენის ჰარდზე ჩაატარა მასტერკლასი და ერთი კვირის წინ, კიმ კლაისტერსს პარიზის ფინალში გადაუჯოკრა. ბუნჩულა ბელგიელმა ბრიფინგზე შეაქო პეტრა, ოფლსაწმენდიც აჩუქა და მოგვიანებით დაამატა, ივარჯიშე და ერთჯერადი მოხმარების საგანი არ იქნებიო.

მაღალი, პოდიუმის პარამეტრებში ჩამჯდარი გოგონებიდან დიდხანსდა სტაბილურად, ჩოგბურთი არავის უთამაშია. მაშა შარაპოვა სეზონში ექვსჯერ იხსენებს, რომ ჩოგბურთელია და  მაინც ავიწყდება, რის გამო გადის კორტზე. ალბათ, ვეღარ გაიხსენებს. დანიელა ჰანტუხოვას ყველაზე მაგარი ფეხები და მიზერული რაოდენობის ინტელექტი აქვს, ანუ ვერ ქაჩავს. მანამდე ანა კურნიკოვამ ალა კურნიკოვასთან ერთად დაანგრია პაველ ბურეს კარიერა, სერგეი ფიოდოროვის ბიზნესი, ალექსანდრ მოგილნის პირადი ცხოვრება და დღეს იგლესიას ჯუნიორს ზეწრებს უცვლის.

კვიტოვა რუსებზე და დანიელაზე მოტივირებული გოგოა. შარშან, ჩეხი უიმბლდონის ნახევარფინალში გავიდა და კორტზე სულ ტიროდა. წელს, მხოლოდ ჭორფლიანი კიმისთვის კორტზე სავარძლის მირთმევის პროცესში იტირა. შემდეგ ეგრევე დამშვიდდა, პარიზის ტურნირის მთავარი პრიზი, გიგანტური საბანკო ჩეკიც მიიღო და ბავშვურად გაიხარა.

კლაისტერსი კლასია, სერენა=აგრესიას, ვენუსი გამოცდილებასთან დაქალობს და ზვონარევა-ვოზნიაცკის ჯერ ყველაფერი გასაშიფრი აქვთ. იანინა ვიკმაიერი  დიდი ბავშვია და ნელი ტემპით იზრდება. ანენი საერთოდ წავიდა და წესით, მესამედ არ უნდა დაბრუნდეს. შტეფი გრაფი სულ აქ გვყავს და ხოტორა შოუმენს კოკაინს უმალავს.

პეტრა კვიტოვა კი მომავალია. 183-სანტიმეტრიანი მომავალი. რეალური მომავალი. ჩეხური მომავალი, რომელიც 8 მარტს 20 წლის გახდება.

2011. ბრისბეინი. ფინალი. კვიტოვა-ანდრეა პეტკოვიჩი 6:1, 6:3.

2011. Australian Open. III წრე. კვიტოვა- სამანტა სტოსური 7:6, 6:3. IV წრე. კვიტოვა-ფლავია პენეტა 3:6, 6:3, 6:3. პეტრას მეოთხედფინალში ზვონარევამ აჯობა.

2011. პარიზი. ფინალი. კვიტოვა-კიმ კლაისტერსი 6:4, 6:3.

პეტრამ ფედერაციის თასზეც ორივე საერთეულო VS-ი მოიგო. სეტის წაუგებლად და ელეგანტურად. დღეს პეტრა რეიტინგში მეთოთხმეტეა. მალე პირველ ათეულში შევა.

მანდილოსნების პრო ტურზე ახალი, საინტერესო სერიალი დაიწყო. საუნდტრეკში კარელ გოტის ნაცვლად ზაკ უაილდის ბენდი იქნება. და კორტზე კვიტოვა შეასრულებს

კომენტარები