ყველაფერი მუსლიმური საძმოს შესახებ



"მე ხალიდ ისლამბული მქვია. მე ფარაონი მოვკალი და სიკვდილის არ მეშინია”. ეს სიტყვები 1981 წლის ოქტომბერს კაიროში, პრეზიდენტ ანვარ სადათის მოკვლის შემდეგ, ექსტრემისტმა მუსლიმმა წარმოთქვა. ხალიდ ისლამბული მუსლიმური საძმოს წევრი იყო და სწორედ მისი „დახმარებით” მოვიდა ეგვიპტის სათავეში ჰოსნი მუბარაქი.

30 წლის შემდეგ, მუსლიმური საძმო მომავალი მთავრობის ჩამოყალიბების პროცესში, მნიშვნელოვან როლს კიდევ ერთხელ თამაშობს.

მუსლიმური საძმო 1928 წელს სკოლის მასწავლებელმა და აქტივისტმა ჰასან ალ ბანამ ჩამოაყალიბა. საძმო სუნიტურ ფუნდამენტალიზმს დაეფუძნა და მისი დევიზი დღესაც ასეთია: „ალაჰი ჩვენი მიზანია, ყურანი ჩვენი კონსტიტუცია, მოჰამედი ჩვენი ლიდერი, ჯიჰადი ჩვენი გზაა და ალაჰისთვის სიკვდილი ჩვენი ყველაზე დიდი მისწრაფება”.

მუსლიმური საძმოს დეკლარირებული მიზანი დედამიწაზე ალაჰის სამეფოს – ანდალუსიიდან ინდონეზიამდე გადაჭიმული შარიათის კანონებზე დაფუძნებული ისლამური ხალიფატის აღდგენაა. ახალი ხალიფატის ჩამოყალიბებას ერთადერთი მტერი ჰყავდა და ალ ბანას აზრით, ეს დასავლეთი იყო. საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი დღესაც არაა. მაგალითად, მუსლიმური საძმოს ყოფილი ლიდერი მუჰამედ აკაფი 2004 წელს აცხადებდა, რომ ისლამი ევროპაში და ამერიკაში შეიჭრებოდა.

რამდენად ირონიულიც უნდა იყოს, დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ალ ბანა ევროპაში აღმოცენებულ იდეოლოგიებს, ნაციზმსა და სოციალიზმს იყენებდა. სწორედ აქედან იღებს ისლამიზმში სათავეს ანტისემიტური და ანტიკაპიტალისტური მოტივები.

მუსლიმური საძმოს იდეოლოგიაში ნაცისტური ელემენტები მოიცავს – მილიტარიზმს, ლიბერალური დემოკრატიის ტოტალურ უარყოფას, პიროვნების კოლექტივისთვის დაქვემდებარებას, სახელმწიფოს ბატონობას საზოგადოებასა და ეკონომიკაზე, პატრიარქალურობას და ქალების დისკრიმინაციას, სიკვდილის კულტს და რაღა თქმა უნდა, ებრაელების და კაპიტალისტების სიძულვილს.

ორივე მოძრაობა სოციალისტური იდეოლოგიის გარკვეულ ნაირსახეობას ქადაგებდა, ებრძოდა მორალურ რელატივიზმსა და კულტურულ დეკადანსს და მსოფლიოს დაპყრობას გეგმავდა, იმ განსხვავებით, რომ ნაციზმის შემთხვევაში, მსოფლიო არიელთა რასას უნდა ემართა, მუსლიმური საძმოს ვერსიით კი – მუსლიმებს. მუსლიმური საძმო მოითხოვს საბანკო პროცენტის აკრძალვას, ბირჟების გაუქმებას, მიწისა და ბანკების ნაციონალიზაციას.

ნაცისტებსა და ისლამისტებს შორის თანამშრომლობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. 1937 წელს გერმანიის საგარეო მინისტრმა ფონ ნეურატმა პალესტინაში ებრაული სახელმწიფოს შექმნის ბრიტანულ გეგმასთან დაკავშირებით რაიხის სტრატეგია ასე ჩამოაყალიბა: „მთელი მსოფლიოს ებრაელების ძალაუფლების ამგვარი გზით შესაძლო ზრდის საპირისპიროდ, გერმანიის ინტერესს წარმოადგენს არაბული სამყაროს გაძლიერება”.

არაბები იღებდნენ გერმანულ სტიპენდიებს, გერმანულ ფირმებში სტაჟირების შესაძლებლობებს. არაბ პოლიტიკოსებს ნაცისტურ პარტიულ ყრილობებსა თუ დემონსტრაციებზე იწვევდნენ, ხოლო სამხედროებს ვერმახტის მანევრებზე. ბერლინში არაბული კლუბი დაარსდა.

გებელსის პროპაგანდის სამინისტრომ ახლო აღმოსავლეთში არაბულენოვანი მაუწყებლობა დააარსა. ამ რადიოს ხელმძღვანელი მუსლიმური საძმოს პალესტინური ფილიალის ერთ-ერთი ლიდერი, იერუსალიმის მთავარი მუფტი, ჰაჯამინ ჰუსეინი გახდა. მისი მთავარი გზავნილი ასე ჟღერდა – „დახოცე ებრაელები ყველგან, სადაც ხელი მიგიწვდება. ეს სურს ღმერთს, ისტორიასა და რელიგიას”. ამ რადიოს ერთ-ერთი ერთგული მსმენელი იყო ადამიანი, რომელიც შემდგომში მსოფლიომ აიათოლა ხომეინის სახელით გაიცნო.

1937 წელს ადოლფ ეიხმანი და ეს-ეს-ის ებრაული განყოფილების სხვა წარმომადგენლები ნაცისტთა არაბი მოკავშირეებისათვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის მიზნით ახლო აღმოსავლეთს ეწვივნენ. მუსლიმური საძმო მესამე რაიხის ფულს კაიროში მდებარე გერმანული ლეგაციის მეშვეობით იღებდა. ამან მათ სტამბის დაარსებისა და ნაცისტებისგან პროპაგანდის უახლესი მეთოდების დაუფლების საშუალება მისცა. მუსლიმურმა საძმომ ჰიტლერის „Mein Kampf”-იც გადათარგმნა არაბულად, სახელად კი „ჩემი ჯიჰადი” შეურჩია. თუკი 1938 წლამდე ეგვიპტურ მედიაში და მთლიანად საზოგადოებაში ანტიებრაული განწყობები ძლიერი არ იყო, მუსლიმური საძმოს ძალისხმევითა და ნაცისტური ფულით, ეს ვითარება სულ მალე რადიკალურად შეიცვალა.

ნელ-ნელა მუსლიმურმა საძმომ გავლენა გააფართოვა და პალესტინაც მოიცვა. აქ მის საქმიანობას, ჰასან ალ ბანას ძმა აბდელ რაჰხმანთან ერთად, ზემოთ ნახსენები ჰაჯამინ ჰუსეინი ხელმძღვანელობდა. ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ 1920-1921 წლებში აწყობდა ებრაელთა დარბევებს, ხოლო 1929 წელს ასეთმა რბევამ ჰებრონის უძველესი ებრაული თემი გაანადგურა. 1936-39 წლებში მისი ქადაგების შედეგად და ნაცისტების ფულით ისრაელში დიდ არაბულ აჯანყებად მონათლული ებრაელთა ხოცვა-ჟლეტა მოეწყო.

არაბულმა აჯანყებამ, ნაცისტების დახმარების წყალობით, ორგანიზაციას წარმატება მოუტანა. 1936 წელს საძმოში მხოლოდ 800 ადამიანი შედიოდა, 2 წლის შემდეგ კი წევრების რაოდენობა 200 ათასამდე გაიზარდა. 1930-იანი წლების ბოლოს კი ორგანიზაციაში თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი იყო შესული.

ერაყში ფაშისტური გადატრიალების უშედეგო მცდელობის შემდეგ, ჰაჯამინ ჰუსეინი1941 წელს ბერლინში გაიქცა და იქ ჰიტლერის პერსონალური სტუმრის სტატუსით ცხოვრობდა. მან ვაფენ-ეს-ეს-ის მუსლიმურ დივიზია Handjar-ში ათასობით მუსლიმი გაწვრთნა. არაბი ნაცისტების ეს შენაერთი ხორვატიაში იყო განთავსებული და ჰიტლერის ახალი არმიის ბირთვს წარმოადგენდა, რომელსაც აფრიკა და არაბული ნახევარკუნძული უნდა დაეპყრო.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას მუსლიმურმა საძმომ წერილობითი ვალდებულება აიღო, რომ გენერალ რომელის დასახმარებლად აჯანყებას მოაწყობდა და კაიროსა და ალექსანდრიაში ანტიჰიტლერული კოალიციის ჯარისკაცებს გაანადგურებდა.

არაბულ სამყაროში ნაცისტებმა პოპულარობა მეორე მსოფლიო ომში მარცხის შემდეგაც შეინარჩუნეს. უამრავმა მათგანმა თავშესაფარი ახლო აღმოსავლეთში ჰპოვა, მათ შორის ეიხმანის მოადგილე ალოის ბრუნერმაც, რომელიც დამასკოში დასახლდა. გერმანელი სამხედრო დამნაშავეები რეგიონის ლიდერთა, პირველ რიგში ნაცისტებისადმი სიმპათიებით ცნობილი  გამალ აბდელ ნასერის მრჩევლებად იქცნენ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. ისინი განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდნენ.

1946 წელს ჰაჯამინ ჰუსეინმა თავი ეგვიპტეს შეაფარა, სადაც გასამართლების ნაცვლად პალესტინის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტად აირჩიეს. მუფტი აქტიურად იღვწოდა, რათა არაბებს არ მიეღოთ ისრაელისა და პალესტინის სახელმწიფოთა შექმნის გაეროს გეგმა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1948 წლის ისრაელ-არაბული ომის გაჩაღებაში. სწორედ ამ ომმა უბიძგა იმჟამად კაიროს უნივერსიტეტის სტუდენტ იასირ არაფატს მუსლიმური საძმოს რიგებში შესულიყო.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დეკოლონიზაციის ერა დაიწყო. არაბულ სამყაროში დომინანტურ იდეოლოგიად სოციალისტური ნაციონალიზმი იქცა. 1950-იანი წლების დასაწყისში სხვადასხვა არაბულ ქვეყანაში ახალგაზრდა ნაციონალისტი ოფიცრები სამხედრო გადატრიალებების გზით ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ და საზოგადოების ავტორიტარულ მოდერნიზაციას შეუდგნენ.

სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება სეკულარულ ნაციონალიზმსა და ისლამურ ფუნდამენტალიზმს შორის დაპირისპირება. ისლამური საზოგადოების ტრადიციული ინსტიტუტები მტრულად შეხვდნენ მოდერნიზაციის მცდელობას. ამ წინააღმდეგობაზე სამხედრო დიქტატურის პასუხი უსასტიკესი რეპრესიები იყო – შედეგი კი ისლამისტების რადიკალიზაცია გახდა.

1948 წელს მუსლიმური საძმოს წევრმა მოკლა პრემიერ-მინისტრი მაჰმუდ ნუქრაში, მოგვიანებით კი ნასერის მთავრობას დაუპირისპირდა. 1954 წელს ნასერის მკვლელობის მცდელობის შემდეგ ორგანიზაცია ოფიციალურად აკრძალეს, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ტერორისტული ჯგუფისთვის ეგვიპტურ პოლიტიკაში ჩართულიყო: ორგანიზაციის წევრები დამოუკიდებელი კანდიდატების სახით იყრიდნენ კენჭს საპარლამენტო არჩევნებში.

სოციალისტურმა აღმშენებლობამ არაბულ სამყაროს ვერც ეკონომიკური კეთილდღეობა მოუტანა და ვერც სამხედრო ძლევამოსილება. ისრაელის წინააღმდეგ წამოწყებული ყველა ომი მარცხით დასრულდა. წარუმატებლობას თანდართულმა კორუფციამ სეკულარული ნაციონალისტების ლეგიტიმურობა მნიშვნელოვნად შეარყია და ისლამისტების გავლენის ზრდისათვის ნოყიერი ნიადაგი შექმნა.

არაბი ნაციონალისტებისგან განსხვავებით, ფუნდამენტალისტები არა მხოლოდ ვესტერნიზაციას, არამედ მოდერნიზაციასაც უპირისპირდებოდნენ. ნაციონალისტებმა სწორედ იმიტომ ვერ შეძლეს დასავლეთის და ისრაელის დამარცხება, რომ მათ ქვეყანა არასწორი მიმართულებით – წინ მიჰყავდათ. ეს განწყობა კარგად გამოხატა აიათოლა ხომეინიმ, რომელიც ოპონენტებს 1400 წლით უკან ისტორიაში დაბრუნების სურვილის უქონლობის გამო აკრიტიკებდა.

ეგვიპტე ისლამური ფუნდამენტალიზმის სამშობლოა, ხოლო მუსლიმური საძმო პირველი ისლამისტური პოლიტიკური ორგანიზაცია. დღეს იგი საერთაშორისოს სტატუსს ატარებს და ბაჰრეინში, სირიაში, პალესტინაში, იორდანიაში, ირანში, ერაყში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, ალჟირში, სუდანში, სომალიში, ტუნისში, ლიბიაში მოქმედ ჯგუფებს აერთიანებს. ღაზის სექტორის მმართველი პარტია ჰამასი მისი განშტოებაა.

მუსლიმურ საძმოს უკავშირდება კიდევ ერთი ცნობილი ტერორისტული ორგანიზაცია – ალ-ყაიდა. 1966 წელს მუსლიმური საძმოს მთავარი იდეოლოგის და პროპაგანდის უფროსის, საიდ ქუთბის სიკვდილით დასჯის შემდეგ, მისი ძმა მოჰამედი საუდის არაბეთში გადასახლდა და იქ პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა. ოსამა ბინ ლადენი და მისი მოადგილე აიმან ალ ზავაჰირი მოჰამედ ქუთბის მოსწავლეები იყვნენ.

დღეს მუსლიმური საძმო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეგვიპტურ ოპოზიციაში. თუმცა თუ მის ისტორიას გადავხედავთ, ეს ორგანიზაცია არც სეკულარული ყოფილა ოდესმე, როგორც ამას ზოგიერთი მემარცხენე პოლიტიკოსი ხატავს და არც ლიბერალური დემოკრატიის მშენებელი.

კომენტარები