უკეთ, ვიდრე კვიპროსში

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2011 წელიც გამარჯვებით დაიწყო: კვიპროსში სომხეთის ნაკრებს 2:1 მოუგო.

ყველაზე კარგი ამ მატჩის შედეგი იყო – გამარჯვება. თუმცა ის, რაც საკმარისი გამოდგა სომხეთის ნაკრების დასამარცხებლად, დიდი შანსია, არც ხორვატიას ეყოს და არც ისრაელს. მით უმეტეს, რომ საქართველოს ნაკრებს გაზაფხულზე თამაში ყოველთვის უჭირდა.

22-ე წუთზე პირობითად სტუმრის სტატუსით მოთამაშე ჩვენმა გუნდმა ანგარიში გახსნა: ლამაზად გათამაშებული სამსვლიანი კომბინაცია ლევან კობიაშვილის ზუსტი პასით და ალექსანდრე იაშვილის გოლით დასრულდა. კობიაშვილმა, რომელიც ნაკრებში 93-ე მატჩს ატარებდა, მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა მეკარის საჯარიმოში, იაშვილმა კი მეკარეს დაასწრო და კარიერაში მე-15 სანაკრებო გოლი შეაგდო – 1:0. ახლა ის მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება ნაკრების ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირ თემურ ქეცბაიას (პირველი შოთა არველაძეა – 26 გოლი).

33-ე წუთზე იმავე კობიაშვილმა საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა, მცველებმა ბურთის გამოტანა ვერ შეძლეს, არეულობით კი ყველაზე უკეთ დავით სირაძემ ისარგებლა – 2:0. ბოლო სამი თამაშია ის მინდორს უგოლოდ არ ტოვებს: ოქტომბერში, ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო მატჩებში, მან ჯერ მალტელებს გაუტანა, შემდეგ კი ლატვიელებს. ნოემბერში სლოვენიასთან დათოს არ უთამაშია.

სომხეთის ნაკრებმა ერთადერთი გოლი საეჭვო პენალტით გაიტანა: 63-ე წუთზე მსაჯმა დავით კვირკველია საჯარიმოში წესების დარღვევაში დაადანაშაულა, სომეხთა საუკეთესო მოთამაშემ ედგარ მანუჩარიანმა კი შანსი ხელიდან არ გაუშვა – 2:1.

პირველი ტაიმი თუ ჩვენი იყო, შესვენების შემდეგ მეტოქემ გვაჯობა: შეცვლაზე შესულმა ქართველებმა აშკარად ვერ შეძლეს ძირითადი შემადგენლობის დატოვებულის შენარჩუნება და სავარაუდოდ, ამიტომაც იყო, რომ გიორგი ლორიას ნაცვლად კარში ჩამდგარ ნუკრი რევიშვილს გაცილებით მეტი საქმე ჰქონდა. თუმცა ამხანაგური მატჩი სწორედ იმისთვისაა, რომ ნაკლი დაინახო და მის გამოსწორებაზე იმუშაო. ნაკლი კი სუსტ სომხეთთან უამრავი გამოჩნდა, განსაკუთრებით დაცვის ცენტრში და საყრდენების ზონაში – სომხებმა ჩვენი საჯარიმოს პერიმეტრიდან დაახლოებით ათჯერ დაგვირტყეს და იქ, სადაც მოწინააღმდეგეს ამოსუნთქვის საშუალებას არ უნდა ვაძლევდეთ, ბევრიც ისეირნეს. ხორვატია ამას არ გვაპატიებს, ამიტომ კარგი იქნება, თუ ხიზანიშვილი ცოტა წონას დაიკლებს და დაუშვილი ნაკლებად აგრესიული და უფრო დაკვირვებული იქნება. ბუნებრივია, ქეცბაია ამას შენიშნავდა ბევრ სხვა დეტალთან ერთად. და იმასაც, რომ სათადარიგოებს მოედანზე ერთმანეთის საერთოდ არ ესმოდათ.

ასეა თუ ისე, საქართველოს ნაკრებმა სომხეთის ნაკრებს მეხუთე დაპირისპირებიდან მესამედ სძლია, დარჩენილი ორი მატჩიდან კი ერთი ფრედ დასრულდა და ერთშიც მეტოქემ გვაჯობა. გარდა ამისა, თემურ ქეცბაიას გუნდმა შარშანდელ 8 წაუგებელ თამაშს წლეულს მეცხრეც მიაყოლა და მორიგი, ამჯერად სასიამოვნო რეკორდიც დამყარდა – აქამდე ნაკრებს ამდენი ხნის მანძილზე დაუმარცხებლად არასდროს უვლია.

ახლა გუნდს ამ ჩინებული სერიის დამრგვალების შანსი აქვს: 26 მარტს ხორვატებს თბილისში ვმასპინძლობთ. თუმცა ფეხბურთელებმა გაცილებით უკეთ უნდა ითამაშონ, ვიდრე კვიპროსში სომხებთან.

კომენტარები