ავსტრალიის მეიჯორის ბარმენმა კვნესა-ოხვრა-ხვნეშის კოქტეილი ვერ გაყიდა, მაგრამ მენიუ მაინც კარგი იყო. ყველაფრით კარგი და ყველაფრით წინა ოზურ ტურნირზე საინტერესო.
რამდენიმე პუნქტზე შეგვიძლია შევთანხმდეთ.
ანუ იმაზე, რომ როჯერ ფედერერი უკვე ასაკოვნების გაცვეთილ სავარძელში ზის, ვიდრე იქ, სადაც მანამდე ისვენებდა. როჯი დიდი სლემის ბოლო ოთხ ტურნირზე ფინალამდეც ვერ მიდის.
იმაზეც, რომ ენდი მარეი სულ იწყებს და ვერასოდეს ვერ ამთავრებს. შოტლანდიელ ბიჭუნას ფსიქოლოგ-ნევროპათოლოგის სეანსები აუცილებლად დასჭირდება.
ალბათ იმაზეც, რომ რაფაელ ნადალმა მომავალში უკეთ უნდა შეადგინოს პირადი გრაფიკი, ავსტრალიაში დალეწილ ტურისტად რომ აღარ ჩავიდეს. ესპანელი ზედიზედ მეორედ ჩადის მელბურნში ტრავმით და ზედიზედ მეორედ პასიურ ოფსაიდში რჩება.
იმაზეც, რომ დავიდ ფერერი ვერასოდეს ვერ გახდება დიდი სლემის რომელიმე ტურნირის ჩემპიონი. ვერც ჟო-ვილფრედ ცონგა. ვერც გაელ მონფილზი. ვერც დავიდ ნალბანდიანი. ვერც ლეიტონ ჰიუიტი. ვერც როდ ლეივერი.
იმაზეც, რომ ალექს დოლგოპოლოვი ჩოგბურთელია და არა MEGADETH-ის ახალი ბასისტი. უკრაინელი ბასზეც სერიოზულად უკრავს და ჩოგბურთშიც მაგარია. ალექსის ოცნება დეივ მასტეინის ჯგუფში ბასისტობაა. ალბათ, არ გამოვა. იქ მისტერ ელეფსონი აბასებს.
იმაზეც, რომ კანადელი გიგანტი მილან რაონიჩი პირველ ასეულში შევა, ბევრი ტურნირის ფინალში გავა, ბაზუკას, ანუ მოწოდებას მიმართულებას უფრო დაუკონკრეტებს და ახალი მარკ ფილიპუსისი გახდება.
იმაზეც, რომ ავსტრალიისთვის ბერნარდ ტომიჩი ახალი სკადი, პატრიკ რაფტერი, ლეიტონ ჰიუიტი, ანუ იმედია. სემ სტოსურთან ერთად ტომიჩმა ბევრი უნდა მოიგოს და ცოტა წააგოს.
იმაზეც, რომ ენდი როდიკს დღესაც აქვს მოწოდება, რომელიც სულ ჰქონდა და სხვა – არაფერი. როდიკი მეეისე იმპოტენტი გახდა.
და იმაზეც, რომ კიმ კლაისტერსს მალე მობეზრდება მოგება და ჩოგბურთში ანენი, სელეში ან კრის ევერტი დაბრუნდებიან. მანდილოსნების ჩოგბურთი უფრო მოსაწყენია, ვიდრე ქართული გახმოვანებით „პატარა ფოკერების” ათვისება.
ავსტრალიაში ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ჭორფლიანმა ბელგიელმა გენიოსმა და ივან ლენდლმა მოიგეს. ლენდლი ვეტერან ჩოგბურთელებში გოლფის ტურნირის ჩემპიონი გახდა. ივანთან ერთად იქ მისტერ მაკინროიმ, მისტერ კონორსმა და ჰერ მიხაელ შუმახერმა ითამაშეს. ეს სპექტაკლი 5 საათს გაგრძელდა.
ნოვაკ ჯოკოვიჩი მაკინროიმ მოკლედ დაახასიათა – კარგი მაიკლ ჩანგი. ჩვენც მოკლედ დავახასიათოთ – მაიკლ ჩანგზე უკეთესი. ან, ენდი მარეიზე უკეთესი. შეიძლება ასეც – დღეს საუკეთესო. და ალბათ, დღეს ყველაზე მოტივირებული და ჯანმრთელი.
ჯოკოვიჩმა კარიერაში მეორედ მოიგო დიდი სლემის ტურნირი, ადრეც მელბურნში გახდა ჩემპიონი და რაც სერბი მახსოვს, დღეს ჯოკერი არარეალურად მოტივირებულია.
ჯოკოვიჩმა მარეის სამსეტიანი კორიდა აჩუქა. სქოთი სულ ის დაჭრილი, დაღლილი ხარი იყო და ნოვაკი კორტზე მრავლდებოდა, ერთიდან რამდენიმე მატადორი ჩნდებოდა და ჭრილობების რაოდენობაც იზრდებოდა. ჯოკოვიჩმა ფინალი 6:4, 6:2, 6:3 მოიგო, ფედერერთან სარეიტინგო ჰანდიკაპი მიზერამდე დაიყვანა და აბორიგენების ბაზრობაზე 3 თვის კოალა შეიძინა. ნოვაკმა ბრიფინგზე თქვა, თუ ერთი წლის შემდეგ ტიტულს დავიცავ, უკვე მოზრდილ დათუჩას ვიყიდიო.
ჯოკოვიჩი უკვე დიდი ბიჭია. იცის, ვისთან არ უნდა წააგოს (რაც სულ ეშლება რობინ სოდერლინგს) და აითვისა საზეპიროები მაკინროის ავტობიოგრაფიიდან “ვის, სად, როდის?”. ჯოკოვიჩმა საკუთარი თავი მოაშინაურა, ეს ლასოს წაჭერის გარეშე გააკეთა და შემდგომში, უფრო დაიხვეწება.
ჯოკოვიჩი: “4 წლის წინ ფედერერთან ამერიკის ღია პირველობის ფინალი წავაგე. შარშან ამერიკაში ნადალმა მომიგო. მანამდეც ძირითადად, როჯერთან და რაფაელთან ვაგებდი. დღეს ვგრძნობ, რომ ფავორიტების მეორე ეშელონს ზედმეტად შემოვრჩი. სერბეთის ნაკრებთან ერთად შარშან დევისის თასის მოგებამ შემცვალა. როდესაც ვხედავდი, როგორ განიცდიდნენ გულშემატკივრები ჩემს ნებისმიერ შეცდომას, საკუთარ თავს გადატვირთვა გავუკეთე. შემდგომში, როგორც კი ვიგრძნობ, რომ კორტზე პრობლემები მექმნება, ეგრევე “გადატვირთვას” დავაჭერ და დევისის თასის ფინალს გავიხსენებ”.
ფინალის პირველ სეტში ნოვაკმა და ენდიმ, მარეის მოწოდებაზე 17-წუთიანი გეიმი გაითამაშეს, რომელიც სქოთმა მოიგო. ორი ბრეიქ პოინტი გამოიღო და მოიგო. და იმ გეიმის შემდეგ მარეი ორად გაიყო. ერთი, ძირითადი ენდი სასტუმროში ნერვული სტრესის დიაგნოზით გააქანეს და მეორე მარეი მისი სუროგატი იყო. შემდეგ, ის სუროგატიც გაითიშა და ჯოკოვიჩმა ოსკარი მიიღო. ჯოკოვიჩი გახდა მეორე მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელსაც ღია ერაში ავსტრალიის ღია პირველობა, მინიმუმ, ორჯერ აქვს მოგებული.
სერბმა გააგდო ფედერერი, იხალისა დანარჩენებთან და ყველაფერი მშვიდად, შარმით და ელეგანტურად გააკეთა.
ორ საათში და 39 წუთში რეჟისორმა ჯოკოვიჩმა დაითხოვა გადამღები ჯგუფი, მარეის კი ეპიზოდური როლისთვის 50 დოლარი და ცივი ჰამბურგერი აჩუქა. ენდი თავის როლში დიდხანს შედიოდა, ბოლოში ყველაფერი გააფუჭა და მისი მონაწილეობით გადაღებული სცენები მონტაჟის დროს ამოიჭრება.
მანდილოსნებში არ იყო სერენა, იყო და დაიმტვრა ვენუსი და უილიამსობა კიმმა იკისრა.
კლაისტერსი საყვარელი გოგონაა. ელენა დემენტიევას გაცილებაზე ხელოვნურად არ უტირია, მეიჯორების ფინალში კი კიმის ოპონენტები რჩებიან
ცრემლის ოკეანეში. რჩებიან და იხრჩობიან, სანამ კიმი ოფლს არ მოიწმენდს და ნაპირზე არ გამოიყვანს.
კლაისტერსმა შარშან ვერა ზვონარევასთან ოთხიდან სამი VS-ი წააგო. ბელგიელმა ერთხელ მოუგო რუსს და ისიც ამერიკის ღია პირველობის ფინალში. წელს ეს ორი ქალბატონი ერთი წრით ადრე შეხვდნენ ერთმანეთს და კიმმა ისევ ელეგანტურად შეუსრულა ვერას (6:3, 6:3). პრინციპში, ზვონარევას ადგილზე ნებისმიერს შეუსრულებდა. კიმი ტურნირამდე მესამე იყო, ზვონარევა – მეორე. ტურნირის შემდეგ გოგონებმა ადგილები გაცვალეს.
ფინალში იაო მინის შემდეგ ყველაზე გაპიარებულმა ჩინელმა, ნა ლიმ კიმს პირველი სეტი აუღო. კიმი აზრზე მოვიდა, ფორჰენდი ავტომატურ რეჟიმზე ჩართო და ბადესთანაც რამდენჯერმე საყვარლად მიძუნძულდა. 3:6, 6:3, 6:3. ქალების და ქალბატონების ტურნირი კიმმა მოიგო.




