რაგბი: ნაკრების ღია ვარჯიში

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შაბათს ესპანეთის ნაკრებს თბილისში უმასპინძლებს. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15 საათზე დაიწყება.

მატჩამდე ორი დღეა დარჩენილი და მთავარი მწვრთნელი რიჩი დიქსონი ცდილობს ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენოს. მას უკრაინასთან შეხვედრის შემდეგ ისედაც გადახალისებული შემადგენლობიდან ნაკრების კიდევ რამდენიმე ლიდერი გამოაკლდა: საკუთარ გუნდებს საფრანგეთში დაუბრუნდნენ შერკინების პირველხაზელები დავით ხინჩაგაშვილი და დავით ზირაქაშვილი. სერიოზული ტრავმა მიიღო 8 ნომერმა ბესიკ უდესიანმა. ამათ გარდა, გუნდს ისედაც აკლდნენ - აქვსენტი გიორგაძე, გოდერძი შველიძე, დავით ქუბრიაშვილი, მამუკა გორგოძე და მახო ურჯუკაშვილი. ერთი სიტყვით, საერთო ჯამში ისე გამოვიდა, რომ ესპანელ ლომებს თბილისში საკმაოდ გადახალისებული შემადგენლობით დავუხვდებით.

შოტლანდიელმა სპეციალისტმა დანაკლისის შესავსებად სხვა მოთამაშეებს უხმო. პირველხაზელებს ისევ საფრანგეთის ტოპ-14-ის მოთამაშეები ჩაანაცვლებენ - ანტონ ფეიქრიშვილი და ბექა შეყლაშვილი. მესამეხაზელ უდესიანს კი  - რუმინული ფარულის მოთამაშე ლაშა თავართქილაძე. გუნდის ხელმძღვანელებმა შეკრებაზე გამოიძახეს უკანახაზელ ირაკლი ჩხიკვაძეც. რაც ყველაზე მთავარია, ნაკრებს შეუერთდა ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მორაგბე ილია ზედგინიძე.

სწორედ ამ შემადგენლობით ემზადება საქართველოს ნაკრები ესპანელებთან მომავალი შეხვედრისათვის. დღეს ბორჯღალოსნებმა მიხეილ მესხის სტადიონზე ღია ვარჯიში გამართეს, სადაც ძირითადად მომავალი შეხვერდისათვის სხვადასხვა კომბინაციების დახვეწით იყვნენ დაკავებულები.

ესპანელებმა ევროპის ერთა თასის პირველი რაუნდის შეხვედრა საკუთარ მოედანზე რუსებთან ჩაატარეს და დაძაბულ დაპირისპირებაში დამარცხდნენ - 24:28. წინა წლებისგან განსხვავებით, ლომების შემადგენლობა საგრძნობლად შეცვლილია, მათ რიგებში გამოჩნდნენ ფრანგები და არგენტინელები, ასევე თითო-თითო ქართველი, იტალიელი და ინგლისელი მორაგბე. ამ ყველაფრის შემდეგ გუნდი საგრძნობლად გაძლიერდა.

შეკრებაზე მყოფი საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

შერკინება: ანტონ ფეიქრიშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, ვასილ კაკოვინი, ირაკლი ნატრიაშვილი, ბექა შეყლაშვილი, ილია ზედგინიძე, შალვა სუთიაშვილი, ვახტანგ მაისურაძე, ლევან დათუნაშვილი, გიორგი ჩხაიძე, გია ლაბაძე, ლაშა თავართქილაძე, ზვიად მაისურაძე

უკანა ხაზი: ბიძინა სამხარაძე, ირაკლი აბუსერიძე, ლაშა მალაღურაძე, მერაბ კვირიკაშვილი, თედო ზიბრიბაძე, ირაკლი გიორგაძე, დავით კაჭარავა, ირაკლი მაჩხანელი, ლექსო გუგავა, ირაკლი ჩხიკვაძე, ბექა ურჯუკაშვილი, ბესიკ ხამაშურიძე

ესპანეთის რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოცხადებული სათბილისო შემადგენლობა:

მარტინ ერედია, იგნასიო გუტიერესი, დიეგო ალვარესი, სანტიაგო ფერნანდესი, მარტინ იგნასიო ასენა, მეთიუ კუკი, როდრიგო მარტინეს სანჩესი, მატიას ტუდელა, ფრედერიკო ნეგრილო კოვაჩევიჩი, უნაი ლასა, გაუტიე გიბიუნ ფონტანა, სერხი აუბანელ სევილია, ხესუს რეკუერდა ნუნიესი, ხუან კანო, სივიან ანტეკუერა, დავით გურგენიძე, ადრიენ აიესტარანი, ანდონი ხორახურია, მარტინ აუსქუი, ბენუა აუსქუი, მეტიუ ამორო, მეტიუ როხა, ხესუს მორენო როხა, პიერ ბელსუნე

კომენტარები