საბჭოეთზე ნოსტალგია პრაქტიკულ სიბრტყეში

რამდენიმე დღის წინ შემთხვევით მოვხვდი შორეული ნათესავის პანაშვიდზე. ტრადიციული წრის შემდეგ ასევე ტრადიციულად შევჩერდი სადარბაზოში შეკრებილ მამაკაცებთან. როგორც წესი ამ რიტუალზე დროს არ ვკარგავ ხოლმე, განსაკუთრებით უცნობებთან, მაგრამ ,,მთავრობას აგინებდნენ”, თან საკმაოდ უცნაური მიზეზის გამო, და დამაინტერესა.

ერთ-ერთი მამრობითი სქესის ჭირისუფალი, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად ორგანიზაციულ საკითხებსაც აგვარებდა, აღშფოთებული გამოთქვამდა უკმაყოფილებას ,,დღევანდელი ცხოვრების” გამო. მსგავსი აღშფოთება ბევრჯერ მინახავს, თუმცა მიზეზი ამ შემთხვევაში საკამაოდ უცნაური იყო. ეს კაცი ამტკიცებდა, რომ ადრე, ,,კომუნისტების დროს”, ყველაფერი დათვლილი იყო. რომ ვიღაც მეცნიერმა (სამწუხაროდ გვარი ვერ დავიმახსოვრე) მაგალითად დათვალა რა რაოდენობის 40 გრადუსიანი არაყის დალევა შეიძლებოდა ყოველ დღე სხვადასხვა ტემპერატურულ პირობებში (რატომღაც ნახსენები იყო ორი გეოგრაფიული არეალი - ტაიგა და პიცუნდა). დღეს კი, ,,ამ მთავრობის ხელში”, ძალიან უჭირდა იმის განსაზღვრა თუ რამდენი უნდა ,,დაელია”. შესაბამისად მისი ყოველდღიური ნებაყოფლობითი ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ხშირ შემთხვევაში გაუთვალისწინებელი შედეგებით მთავრდებოდა.

ჩემი პირველი, და ალბათ ბუნებრივი, რეაქცია იყო გაცინება. გამიჭირდა იმის დაჯერება, რომ არყის მიღებაზე საბჭოთა დროს არსებობდა ასეთი ტიპის ნორმები თუ რეკომენდაციები. თუმცა მას შემდეგ რაც ამ ადამიანს დამსწრე საზოგადოებიდან რამდენიმე ,,ჭირისუფალი” დაეთანხმა (ეჰ, აბა, რა დრო იყო, რა დრო?!), დავრწმუნდი რომ რაღაც მსგავსი მართლაც ფიგურირებდა მათ ცხოვრებაში.

რატომღაც მგონია, რომ ამ ადამიანის ერთი შეხედვით პრიმიტიული და სასაცილო პრობლემა სინამდვილეში წარმოადგენს ამ თაობის საბჭოეთზე ნოსტალგიის ძირითად შემადგენელს. ეს არის თაობა, რომელმაც დაკარგა პატრონი, ერთგვარი უსხეულო არსება, რომელიც სადღაც იყო (მოსკოვის მიდამოებში) და ყველას მაგივრად ... არც მეტი, არც ნაკლები – ითვლიდა. ითვლიდა ყველაფერს, წონას, ზომას, სიგრძეს, სიმაღლეს, ფასს თუ ფართს. ითვლიდა დღე და ითვლიდა ღამე.

                და რადგან ადრე, ,,კომუნისტების დროს”, არსებობდა ასეთი მთვლელი, ადამიანებს ნაკლები ფიქრი და გადაწყვეტილებების მიღება უწევდათ. ვგულისხმობ რიგით ადამიანებს და მათ ყოველდღიურ, ყოფით გადაწყვეტილებებს.

                მაგალითად, ადრე იმ პროდუქტებისა და მომსახურებების ჩამონათვალი, რომელთა შეძენაც შეიძლებოდა, საკმაოდ მწირი იყო. გასტრონომში შეგეძლო აგერჩია რისი ყიდვა გსურდა ყველის, კარაქის, ძეხვის თუ სოსისის. სხვა არაფერი იყიდებოდა (ნუ, მაქსიმუმ დამატებით ორი ნაირსახეობის თევზის კონსერვი გეპოვა, ერთი ზეთის, ხოლო მეორე ტომატის სოუსით). შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებაც იოლი იყო – გუშინ ძეხვი მივირთვი, ამიტომ დღეს სოსისს ვიყიდი.

                ადრე ყველა პროდუქტი ერთნაირი იყო. მნიშვნელობა არ ქონდა რომელ გასტრონომში შეხვიდოდი, ყველგან ერთი წონისა და ფასის მქონე კარაქს წააწყდებოდი. მთავარია კარაქის ტალონი გქონოდა ჯიბეში და ე.წ. ,,სეტკა” (რადგან საბჭოთა დროს პოლიეთილენის პარკი ან საერთოდ არ იყო ან პრინციპულად ფასიანი იყო). ამიტომ გადაწყვეტილების მიღება, თუ სად გეყიდა რაიმე პროდუქტი, აგრეთვე იოლი იყო.

                ადრე დროს არ კარგავდი პროდუქტის ხარისხის შემოწმებაზე. ან რა უნდა შეგემოწმებინა, როცა ყველა სავაჭრო ობიექტში ერთი და იგივე პროდუქტი შეჰქონდათ ერთსა და იმავე დღეს. როგორ უნდა აარჩიო ძეხვი თუ ის მხოლოდ ორი ნაირსახეობის არსებობს და სადაც კი იყიდება, ყველგან იგივეა?

                ადრე ყველა პროდუქტს ერთი ფასი ქონდა მიუხედავად იმისა სად იყიდდი. ფასი არ იცვლებოდა არათუ ქალაქის ფარგლებში, არამედ რესპუბლიკის თუ კავშირის მასშტაბით. ეს მნიშვნელოვნად აადვილებდა ცხოვრებას, რადგან რაიმე პროდუქტის შეძენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კრიტერიუმი – ფასი – საერთოდ არ ფიგურირებდა. ანუ მთავარი იყო გადაგეწყვიტა დალევდი თუ არა ამ თვეში ლიმონათს ან ბორჯომს. დანარჩენზე ფიქრს აზრი არ ქონდა.

                ადრე სავაჭრო ობიექტების რაოდენობაც შეზღუდული იყო. მაგალითად თუ ავტომობილში საწვავის ჩასხმა გსურდათ, ამისთვის თბილისში არსებობდა მხოლოდ თხუთმეტამდე ბენზინგასამართი სადგური, სადაც ,,მთვლელის” მიერ დადგენილ ფასად შეიძენდით რომელიმე ტიპის ბენზინს. არჩევანის გაკეთება მხოლოდ ამ სადგურებს შორის იყო შესაძლებელი და გადაწყვეტილება როგორც წესი გეოგრაფიული სიახლოვის მიხედვით მიიღებოდა.

                ადრე არ არსებობდა რეკლამა. არავინ ცდილობდა ყველა საშუალებით ადამიანის დარწმუნებას რომ სწორედ ესა თუ ის პროდუქტი იყო მისთვის სასურველი, სასიკეთო თუ მომგებიანი. ან რა აზრი უნდა ქონოდა რეკლამას, როდესაც ყველაფერი ერთგვაროვანი იყო?

                სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადრე ცხოვრება მარტივი იყო, ყოველ დღე მისაღები გადაწყვეტილებების რაოდენობა მცირე, ხოლო თავად ეს გადაწყვეტილებები კი – საკმაოდ იოლი. ყველაფერი ეს შესაძლებელი იყო სწორედ იმ ,,მთვლელის” არსებობის გამო, რომელიც ადამიანებზე ზრუნვაში ათენებდა და აღამებდა.

                დღეს კი გართულდა ცხოვრება. პროდუქტებისა და მომსახურების ჩამონათვალი დრამატულად გაიზარდა. ისეთი რაღაცეების ყიდვა და მოხმარება შეიძლება, რისი არსებობის შესახებაც კი საბჭოთა ადამიანს ინფორმაცია არ გააჩნდა. ასევე მკვეთრად გაიზარდა ერთი და იგივე პროდუქტის ნაირსახეობები. ისინი განსხვავდებიან როგორც ფასით, ისე ხარისხით. გამრავლდა სავაჭრო ობიექტების რიცხვიც. რაც მთავარია გაჩნდა რეკლამაც, რომელიც ბოლოს უღებს ისედაც დაბნეულ ჰომო სოვიეტიკუსს.

                დღეს ადამიანი თავად წყვეტს რა შეიძინოს, რა ჩაიცვას, რა ფილმს უყუროს, რა მიირთვას, სად იმკურნალოს, რომელ სკოლაში მიიყვანოს შვილი, რომელი წიგნი წაიკითხოს და რა ფერის იატაკი ჰქონდეს ბინაში. არჩევანი მრავალფეროვანია, მიუხედავად იმისა რა ოდენობის შემოსავალი აქვს ადამიანს. არჩევანის ასეთი სიმრავლე კი იმან მოიტანა, რომ აღარ არსებობს ,,მთვლელი”.

საბჭოთა ადამიანის ნოსტალგია ბედნიერ წარსულზე, სინამდვილეში მახინჯ, მაგრამ უზრუნველ ყოფაში დაბრუნების სურვილია, ყოფაში სადაც ყველაფერი დათვლილია და მას არ უწევს ფიქრი და გადაწყვეტილებების მიღება. ეს არის პრობლემა – არჩევანის მრავალფეროვნება და პასუხისმგებლობა საკუთარ არჩევანზე - და არა 37 მანეთიანი ბილეთი მოსკოვისკენ (ეს 37 მანეთი უმეტესობას არც ქონდა. ან თუ ქონდა, მოსკოვში გასეირნება მხოლოდ რამდენჯერმე შესძლო).

ამდენის ატანა შეუძლებელია. ყოველ დღე ამდენი გადაწყვეტილების მიღება - წარმოუდგენელი. გასკდა თავი! არ გვინდა თავისუფლება. დააბრუნეთ ,,მთვლელი”!

 

კომენტარები