100%-ით ელექტრონული

2011  წლის ბიუჯეტის მიხედვით, სულ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის 800 ათასი ლარია გამოყოფილი, აქედან 179 ათასი საქონლისა და მომსახურების შეძენას ხმარდება. ბიუჯეტში კონკრეტულად არ არის გაწერილი, რომელ საქონელსა თუ მომსახურებაზე, კონკრეტულად რა თანხა დაიხარჯება. თუმცა, სულ მალე ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე შესყიდვების სრულ ციკლს დააკვირდეს – ბიუჯეტის დამტკიცებიდან, შესყიდვების გეგმის შემუშავებისა და ტენდერის გამოცხადების ჩათვლით.

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მისაღებში დღესაც უამრავი ქაღალდი აწყვია. თანამშრომლები ამბობენ, რომ აქ 2008-2009 წლებში დაგროვილი 3 მილიონამდე სატენდერო ფურცელია და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ 4 ათასამდე ტენდერი გამართულიყო. ამ დოკუმენტების გამოთხოვას, მათ ანალიზს და რაიმე დასკვნის გამოტანას ტენდერის მიმდინარეობის თუ ხარჯების ეფექტიანობის შესახებ, წარმოუდგენლად დიდი დრო მიაქვს. ცალკე საკითხია, რომ სულ მცირე, 8 ათასმა ადამიანმა ამ დოკუმენტების შეგროვებაზე ტყუილად იწვალა.

ქაღალდების დასტები აღარ იქნება. 2010 წლის დეკემბრიდან ტენდერები მხოლოდ ელექტრონულად ტარდება. ახალი სისტემის მთავარი პრინციპი მაქსიმალური გამჭვირვალობაა.

სახელმწიფო შესყიდვების ბაზრის გამართული მუშაობა, რამდენიმე მნიშვნელოვან დაშვებას ეფუძნება: საჯარო ინსტიტუტები ანგარიშვალდებულნი არიან საზოგადოების წინაშე; კანონით დადგენილი ყველა პროცედურა დაცულია; სახელმწიფოს შეუძლია კორუფციის კონტროლი.

სინამდვილეში, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ირღვევა ამ პირობებიდან ერთ-ერთი მაინც: სახელმწიფო იცავს ელიტის ინტერესებს; კანონით დადგენილი პროცედურები თავისუფლად თანაარსებობს უფრო მოქნილი, არაფორმალური წესების გვერდით; კერძო და საჯარო ლიდერები ძალაუფლების ქსელის ნაწილები არიან და მათ შორის ფულისა და კეთილგანწყობის ურთიერთგაცვლა ჩვეული პრაქტიკაა.

მსგავსი გამრუდებები განსაკუთრებით საზიანოა ნაკლებად განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებისათვის, რადგან ბაზრის არაეფექტიანი მუშაობა ეკონომიკას საგრძნობლად  აუარესებს – აფერხებს ეკონომიკურ ზრდას, ანუ რეალურად ამცირებს იმ ფულს, რაც სახელმწიფო შესყიდვებსაც უნდა მოხმარდეს.

ამ გამრუდებების მოხსნა მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფითაა შესაძლებელი. ბაზარი უკეთესად მუშაობს იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველებსაც და მიმწოდებლებსაც მეტი ინფორმაცია აქვთ შესყიდვებთან დაკავშირებით. თუ ყველა მიმწოდებელს ექნება სრული ინფორმაცია შესაძლო გაყიდვების შესახებ, კონკურენციაც გაიზრდება. თუ თითოეული გამყიდველისთვის ხელმისაწვდომი იქნება ყველა ტიპის შესყიდვებზე დახარჯული თანხები, ფასების შემცირების ალბათობა გაიზრდება. თუ მყიდველებს ეცოდინებათ, რა ფასი გადაიხადეს სხვა შემსყიდველებმა, ის მეტი წარმატებით აწარმოებს მოლაპარაკებებს, რაც შეამცირებს ფასს და მასთან ერთად კორუფციის შესაძლებლობასაც.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სახელმწიფო მოხელეებს მეტად ანგარიშვალდებულს ხდის. თუკი გადასახადის ნებისმიერ გადამხდელს შესაძლებლობა მიეცემა, ნებისმიერ დროს შეამოწმოს მისი ჯიბიდან რა რაოდენობით თანხა დახარჯა სახელმწიფომ ამა თუ იმ საქონელსა თუ მომსახურებაზე, ის შეძლებს ეს ხარჯები თავად აკონტროლოს. ეს გაცილებით უფრო ეფექტიანი გზა იქნება, ვიდრე ნებისმიერი რეგულირების მექანიზმი, რაც, როგორც წესი, კი არ ამცირებს კორუფციას, ხშირად კორუფციული ჯაჭვის ნაწილი თვითონ ხდება.

სახელმწიფო შესყიდვების ბაზრის მეტი ეფექტიანობისთვის საჭიროა რამდენიმე ტიპის ინფორმაცია. ჯერ ერთი, კონკურენციისთვის, კომპანიებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია თუ რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს მათთვის ბაზარი. მეორეც, სჭირდებათ სატენდერო მოთხოვნების დეტალები და დრო, წინადადებების მოსამზადებლად. ტენდერების გამართვის ახალი, ელექტრონული სისტემა ყველა ამ პუნქტს ითვალისწინებს.

ტენდერი ორი ტიპის შეიძლება იყოს: ელექტრონული და გამარტივებული ელექტრონული. ელექტრონული ტენდერი ტარდება მაშინ, როცა შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 200 ათას ლარზე მეტია. ამ დროს პრეტენდენტს სულ მცირე 20 დღე აქვს იმისთვის, რომ წინადადება წარმოადგინოს. გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ტარდება მაშინ, როცა შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 ათასიდან 200 ათას ლარამდეა. ამ დროს პრეტენდენტს წინადადების წარმოსადგენად სულ მცირე 3 დღე აქვს.

ადრე ტენდერი მხოლოდ ორ შემთხვევაში ტარდებოდა: თუ მომსახურების ან საქონლის ღირებულება აღემატებოდა 100 ათას ლარს ან თუ სამშენებლო სამუშაო აღემატებოდა 200 ათას ლარს. ტენდერის ჩასატარებლად მხოლოდ ერთი ზღვარი – 5 ათასი ლარი არსებობს. ამასთან, სავალდებულო არ არის 5 ათასი ლარის ოდენობის საქონელი ან მომსახურება ერთდროულად გავიდეს ტენდერზე. თუ მაგალითად, წლის განმავლობაში ერთი და იგივე საქონლის ან მომსახურების შესყიდვა ნაწილ-ნაწილ ხდება, ჯამური ოდენობა კი 5 ათას ლარზე მეტია, შესყიდვა მაინც ტენდერით მოხდება.

ამასთან, ნებისმიერი ინფორმაცია – ტენდერის შინაარსის, მონაწილეებისა და სტატუსის შესახებ – ღიაა. დროებით დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. სტუმრის სტატუსით მოსარგებლე ვიზიტორს მიმწოდებლისა და შემსყიდველისგან უფლებრივად მხოლოდ ის გამოარჩევს, რომ სტუმარს არ შეუძლია რაიმე იყიდოს ან გაყიდოს. თუმცა შეუძლია სრული ინფორმაცია მიიღოს, მათ შორის, ტენდერში მონაწილე მხარეებზე, ყველანაირ დოკუმენტაციაზე და გადაწყვეტილებებზე. სისტემაში ძიება მრავალი პარამეტრის – სატენდერო განცხადების ნომრის, შესყიდვის ობიექტის, შემსყიდველი ორგანიზაციის, მიმწოდებლის, ტენდერის მიმდინარე სტატუსისა და ტიპის, საქონლის ან მომსახურების, ტენდერის გამოცხადების თარიღის, თანხის ოდენობის მიხედვით შეიძლება.

ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც მიმწოდებლებისთვის, ისე შემსყიდველებისთვისაც. მიმწოდებლები ვერ შეძლებენ კონკურენციაში სრულფასოვნად ჩაბმას, თუ მომხმარებლის გადახდის ისტორიაზე ინფორმაცია არ ექნათ. ამ ინფორმაციის უქონლობის პირობებში, პოტენციურმა მიმწოდებელმა შეიძლება საერთოდ უარი თქვას ტენდერში მონაწილეობაზე ან ფასი აწიოს და ბრმა რისკი ამით დაფაროს. მეორე მხრივ, თუ შემსყიდველს არ ეცოდინება ადრე შეთავაზებული ფასების ანატომია, იგი შეიძლება ადვილად მოტყუვდეს და გაცილებით ძვირი გადაიხადოს სერვისსა თუ მომსახურებაში, რაც საბოლოო ჯამში ისევ გადასახადის გადამხდელს დააწვება ტვირთად.

ინფორმაციის გამჭვირვალობასთან ერთად, შესყიდვების ახალი ელექტრონული სისტემა კიდევ ორი პრინციპით ხელმძღვანელობს – ხარჯების შეკვეცა და პროცედურების გამარტივება. ეს ეხება ელექტრონული ტენდერის ყველა ეტაპს, საიტზე დარეგისტრირებიდან დაწყებული და სატენდერო წინადადების წარდგენით დასრულებული.

ადრე ტენდერში მონაწილეობა მომხმარებელს 200 ლარი უჯდებოდა. აქედან 150 ლარი მოსაკრებელი, ხოლო 50 – ტენდერში მონაწილეობის საფასური იყო. მოსაკრებელი გაუქმდა. 50 ლარი კი ის თანხაა, რაც შესყიდვების სააგენტოს დამოუკიდებლად ფუნქციონირებისათვის სჭირდება.

დარეგისტრირება მარტივია: მომხმარებელი შედის ვებგვერდზე www.procurement.gov.ge. შემდეგ ირჩევს ფორმას – მიმწოდებელი ან შემსყიდველი ორგანო. თუ მიმწოდებელია, უნდა აირჩიოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმებიდან ერთ-ერთი (მაგალითად, იურიდიული ან ფიზიკური პირი, ამხანაგობა). როგორც ნებისმიერ ფორუმზე დასარეგისტრირებლად, აქაც მარტივი პროცედურაა: მომხმარებელი გადის რეგისტრაციას და აქტივაციის კოდი მისდის ელექტრონულ ფოსტაზე (იმეილზე). შემსყიდველის შემთხვევაში რეგისტრაციის პროცედურა ორეტაპიანია: აქტივაცია დარეგისტრირებისთანავე არ ხდება. ჯერ უნდა ამოიბეჭდოს სარეგისტრაციო ამონაწერი. შემდეგ კი, ოფიციალურ წერილთან ერთად, შემსყიდველმა სააგენტოს უნდა მიაწოდოს. დროის მოგების მიზნით, მომხმარებელს შეუძლია დასკანერებული ვერსია გადააგზავნოს სააგენტოში. ორეტაპიანი პროცედურა საჭიროა იმისთვის, რომ რომელიმე სახელმწიფო უწყების სახელით ვინმე არ დარეგისტრირდეს. არც შემსყიდველს და არც მიმწოდებელს დამატებითი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები არ მოეთხოვებათ: შემსყიდველის შემთხვევაში საკმარისია მხოლოდ ოფიციალური მიმართვა, ხოლო მიმწოდებლის შემთხვევაში – საკრედიტო ბარათი.  

მარტივია ტენდერის გამოცხადებაც: საიტზე აიტვირთება დოკუმენტაცია – 8 მეგაბაიტამდე – pdf ფაილი. ეკრანზე გამოსულ ფანჯარაში შემსყიდველი მოკლედ აღწერს დოკუმენტაციას და თანდართულად მიაბამს ფაილს. შემდეგ უკვე განთავსდება განცხადება და დამატებითი ფაილებიც აიტვირთება. სისტემას რედაქტირების ფუნქციაც აქვს: შემსყიდველმა შეიძლება რომელიმე დოკუმენტი გაააქტიუროს ან საერთოდ წაშალოს. ყველა ქმედება ინახება და ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი იმის ნახვა, თუ რა დარედაქტირდა და შეიცვალა.

მარტივია ტენდერში მონაწილეობაც: მიმწოდებელი იხდის საფასურს – 50 ლარს. შემდეგ წარადგენს საგარანტიო თანხას (1%). საგარანტიო თანხის წარდგენა ორნაირად არის შესაძლებელი: პირველი, ელექტრონული გარანტიაა, როდესაც მიმწოდებელზე გარანტიის გაცემის პროცესში, ბანკი ინფორმაციას ცვლის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან – თვითონ მიაქვს ინფორმაცია ტენდერის შესახებ, ახდენს გარანტიის ნომრის გენერირებას და გარანტიასთან ერთად პინკოდს  მიმწოდებელს გადასცემს. ბანკი შესყიდვების სააგენტოს სწორედ ამ კოდს აწვდის. ამიტომ, როცა მიმწოდებელი სისტემაში გაააქტიურებს კოდს, სისტემა უკვე ხვდება, რომელ ბანკში აქვს მას გადახდილი ტენდერში მონაწილეობის საფასური.

მეორე – ბიზნესბარათით თანხის გადარიცხვაა. ამ შემთხვევაში, ბანკში მისვლა საჭირო აღარ არის. საფასურის გადახდისა და საგარანტიო თანხის წარდგენის შემდეგ, მიმწოდებელი უკვე სიატზე ატვირთავს სატენდერო წინადადებას. აქაც ფაილი pdf ფორმატში უნდა იყოს  და 8 მეგაბაიტს არ აღემატებოდეს. ფაილში მიმწოდებელმა ტექნიკურად უნდა აღწეროს საქონელი ან მომსახურება. ფაილის ატვირთვისთანავე, ეკრანზე გამოვა ფასის წარდგენის ფანჯარა. სისტემის მოტყუება შეუძლებელია: თუ ფასის წარდგენისას, მიმწოდებელი ბევრად ნაკლებ ფასს ჩაწერს, სისტემა მას არ მიიღებს.

მოიხსნა სხვა ბარიერებიც. ადრე მიმწოდებელს სატენდერო განცხადების გაცნობისა და ტექნიკური წინადადების წარმოდგენის შემდეგ, ტენდერში მონაწილეობის საკვალიფიკაციოდ სჭირდებოდა 5 სხვადასხვა დაწესებულებიდან 6 სხვადასხვა საბუთი. საბუთების შეგროვება ხარჯთან იყო დაკავშირებული, თან თითოეულის მისაღებად სულ მცირე მთელი დღის ლოდინიც სჭირდებოდა. ხშირად ისე ხდებოდა, რომ ტენდერამდე ამ საბუთების უმეტესობა ძველდებოდა და საბუთების შეგროვების პროცესი ისევ თავიდან იწყებოდა. დღეს მხოლოდ გამარჯვებულს მოუწევს, ტენდერის დასრულების შემდეგ, სამი საბუთი წარმოადგინოს: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, გადახდისუუნარობის ცნობა სასამართლოდან და დავალიანების ცნობა საგადასახადოდან.

ელექტრონული ტენდერის მთავარი პრინციპები – გამჭვირვალობა, ხარჯების შეკვეცა და სიმარტივე ზრდის კონკურენციას. იზრდება დაინტერესებულ მიმწოდებელთა არეალი. მიმწოდებლებს რეგიონებიდან მეტი მოტივაცია აქვთ, ჩაერთონ ტენდერში. შესყიდვების სააგენტოს შეფასებით, ტენდერების ნახევარზე მეტი ცხადდება ცენტრალური ხელისუფლების მიერ. შესაბამისად, ადრე, თბილისში ჩამოსვლა აუცილებელი იყო. თუმცა დღეს, ელექტრონულად წვდომის გამო, რეგიონიდან თბილისში ჩამოსვლის აუცილებლობა აღარ არსებობს. შესაბამისად, ხარჯებიც განულებულია. ამასთან, მოსაკრებლის თანხაც გაუქმდა.

შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი საქართველოში ფასია. ვაჭრობის დროს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ფასის კლების ბიჯს აწესებს: 0.5%-დან 2%-მდე. კლების კონკრეტულ ოდენობას თვითონ შემსყიდველი ორგანიზაცია ირჩევს. უპირატესობა დაბალ ფასს ენიჭება. სისტემა ავტომატურად ავლენს ფასის მიხედვით გამარჯვებულს. შემდეგ ფასდება დოკუმენტაცია. ქულები არ არსებობს. არის მხოლოდ კრიტერიუმები – მაგალითად, საგარანტიო პერიოდი საქონელზე ან მომსახურებაზე, ხარისხი, მიწოდების ვადები. თითოეული  კრიტერიუმი ფასდება პლუსით ან მინუსით. ანუ შეფასება ფაქტობრივად ავტომატურია. ეს გამორიცხავს სუბიექტივიზმს. წინა მოდელთან (შეფასების ათბალიანი სისტემა, სადაც სატენდერო კომისიის წევრი თავისი შინაგანი რწმენით იღებდა გადაწყვეტილებას) შედარებით კი – საგრძნობლად ამცირებს კორუფციული გარიგებების ალბათობას. რაც, თავის მხრივ, სტაბილურად ზრდის კონკურენციას და ამცირებს შესყიდვის ფასს: სხვადასხვა გათვლით, ელექტრონული ტენდერების პირობებში, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხარჯები 10-15%-ით მცირდება.

ევროკავშირი,  ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოსგან  ელექტრონული შესყიდვების პროცედურების მეტ ჰარმონიზებას მოითხოვს. საქართველოში დანერგილი ელექტრონული შესყიდვების სისტემა სხვა ქვეყნებში, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში არსებულისგან მართლაც პრინციპულად განსხვავდება. ქვეყანაში ქაღალდის ტენდერი აღარ არსებობს. ყველა ტენდერი ტარდება ელექტრონულად. მსოფლიოში ასეთი პრეცედენტი მხოლოდ ალბანეთშია. საქართველოს და ალბანეთს მოსდევს ბოსნია-ჰერცოგოვინა, სადაც ტენდერების 90%-ზე მეტი ელექტრონულია. კორეაშიც კი, რომელიც ელექტრონული ტენდერების პიონერ ქვეყნად ითვლება, ტენდერების 30-40% ჯერ კიდევ ქაღალდზე რჩება.

ელექტრონულ ტენდერს რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს, მათ შორის, არჩევანის თავისუფლება და კონკურენტუნარიანი ფასი, ნაკლები სუბიექტივიზმი და კორუფცია.           

კომენტარები