ტრაიბალიზმის დაბრუნება?

იანვარში ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ძინტაო სახელმწიფო ვიზიტით ვაშინგტონს ეწვია. ჩინეთის ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთს მსოფლიოს ორი უძლიერესი სახელმწიფოს ლიდერი შეხვდა. ჩინეთის წინსვლას განსხვავებული პროგნოზები და შეფასებები ახლავს. ერთი მოსაზრებით, ქვეყანა იბრუნებს ლიდერის კუთვნილ ადგილს მსოფლიო პოლიტიკაში. ეს იდეა იქაურ პოლიტიკურ ელიტასა და საზოგადოებაშიც არის გავრცელებული, რასაც ჩინეთის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაზე გარკვეული გავლენა აქვს.
სახელწოდება ჩინეთი – ჩინურ ენაზე ცენტრალურ ქვეყანას ნიშნავს. ტრადიციული პოლიტიკური თვალთახედვით, როგორც ჩინეთში მცხოვრები სხვა ეთნიკური ჯგუფები და მეზობელი ქვეყნები, ისე სხვა კონტინენტზე განლაგებული სახელმწიფოებიც პერიფერიებად მიიჩნევიან. მე-18 საუკუნეში, როდესაც ბრიტანელებმა ერთ-ერთი პირველი დიპლომატიური მისია გაგზავნეს ჩინეთის იმპერატორთან, ამ უკანასკნელს გაუკვირდა, თუ რატომ არ მიართვეს ხარკი ევროპელმა ბარბაროსებმა. 
 
მე-19 საუკუნეში ქვეყანა ევროპის პოლიტიკური და კულტურული გავლენის ქვეშ მოექცა. ამ პერიოდს ჩინეთში შეურაცხყოფის ასწლეულს უწოდებენ. მე-20 საუკუნეში სოციალისტური ალტერნატივა გამოჩნდა. ამას, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ეკონომიკური განვითარებას ამბიციების გაზრდაც მოჰყვა თან. ჩინელებს გაუჩნდათ საკუთარი ტრადიციული პოლიტიკური თუ კულტურული ღირებულებების წინ წამოწევის საშუალება. ამ ქვეყნის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტისა და მედიასაშუალებების განვითარება არ ნიშნავს დასავლური ფასეულობების, კონკრეტულად კი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების გავრცელებას. ჩინეთის მთავრობა აკონტროლებს როგორც ბეჭდურ მედიას, ისე ინტერნეტს. პეკინს არ სურს საკუთარი კრიტიკის ან მეტი პოლიტიკური თავისუფლების მოთხოვნის მოსმენა, თუმცა მისთვის რადიკალური ნაციონალიზმი მისაღებია. მრავალი გადამდგარი სამხედრო მოსამსახ ურე წერს პოლიტიკურ ნაშრომებს ჩინეთის მსოფლიო ლიდერობაზე. ასეთი წიგნები დიდი პოპულარობით სარგებლობს.
 
ჩინეთის ქალაქებში ხშირადაა ნაციონალისტური გამოსვლები, რომლის მონაწილეები მთავრობისგან უფრო აგრესიულ საგარეო პოლიტიკას ან პრინციპულ გადაწყვეტილებებს მოითხოვენ. სწორედ ასეთი რეაქცია მოჰყვა სექტემბერში იაპონელების მიერ სენკაკუს სადავო კუნძულებთან ჩინური სარეწაო გემის დაკავებას. ერთი მხრივ, საკითხავია, რა როლი აქვს მთავრობასა და კომუნისტურ პარტიას ნაციონალისტური სენტიმენტების ამოფრქვევაში, მეორე მხრივ კი, რამდენად შეძლებენ ისინი ამ ემოციების გაკონტროლებას.
 
ჩინეთის მოსახლეობის 92% – 1.2 მილიარდი ადამიანი – მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვან, ჰანის ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება. ისინი ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობენ. ჩინეთში კიდევ რამდენიმე ათეული ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, რომელთა საერთო რაოდენობა 150 მილიონამდეა. ისინი გაბნეული არიან ჩინეთის ტერიტორიაზე და ზოგიერთ პროვინციაში უმრავლესობასაც წარმოადგენენ. ქვეყნის შიგნით არსებობს პრობლემები უიღურებთან და ტიბეტელებთან. უიღურებით დასახლებულ სინძიანის ავტონომიურ ოლქსა და ტიბეტში 2007-2008 წლებში ჩინეთის სამთავრობო პოლიტიკას ძალადობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი რეგიონში ჰანის ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლების დიდი რაოდენობით მიგრაცია იყო. მთავრობა ხელს უწყობს შიდა მიგრაციას სინძიანის პროვინციაში ეთნიკური ბალანსის შესაცვლელად. მიგრაციის კიდევ ერთი მიზეზია მწირად დასახლებული დასავლეთი პროვინციების ათვისება და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის გადანაწილება.
 
ჩინურ ნაციონალიზმზე საუბრისას, აღსანიშნავია სამხედროების როლი. მათ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე არაპროპორციულად დიდი გავლენა აქვთ. სხვადასხვა კვლევები ცხადყოფს, რომ გარკვეულ საგარეო პოლიტიკურ საკითხებზეც კი სამხედროებს მეტი გავლენა აქვთ, ვიდრე საგარეო საქმეთა სამინისტროს. ხოლო სხვა პოლიტიკურ უწყებებთან შედარებით სამხედრო ელიტა ნაციონალისტურობითა და რადიკალიზმით გამოირჩევა. ორიოდე კვირის წინ ამერიკის თავდაცვის მდივანი რობერტ გეიტსი ჩინეთს ესტუმრა. მის ვიზიტს დაემთხვა ჩინელების მიერ რადარებისთვის პრაქტიკულად შეუმჩნეველი, სტელსის ტექნოლოგიით აღჭურვილი თვითმფრინავის გამოცდა. როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, გეიტსთან შეხვედრისას ამ ფაქტზე კომენტარს ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ძინტაომ თავი აარიდა. ნაკლებ მოსალოდნელია, პრეზიდენტს არ ჰქონოდა ინფორმაცია თვითმფრინავის ტესტირების შესახებ, თუმცა ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დასვა კითხვა თუ რამდენად ექვემდებარება სამოქალაქო პოლიტიკურ კონტროლს ჩინეთის სამხედრო ელიტა. 2012 წლიდან ჩინეთს ახალი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ეყოლება. მათი  ერთ-ერთი მთავარი მიზანი სამხედროების როლის შეზღუდვა იქნება. 
 
განვითარების მიუხედავად, ჩინეთს რადიკალური ნაციონალიზმი კარგს არაფერს უქადის. აზიაში ჩინეთის გარდა აღმავლობის გზაზე ინდოეთიცაა. იაპონია სამხრეთ კორეასთან, ინდოეთთან და სხვა აზიურ ქვეყნებთან თანამშრომლობას აღრმავებს, ამერიკა კი ჯერჯერობით ისევ მთავარ ძალად რჩება მსოფლიოს ყველა კონტინენტზე. ასეთ პირობებში აგრესიულმა საგარეო პოლიტიკამ ჩინეთი, შესაძლოა, დანარჩენი მსოფლიოსგან გარიყული დატოვოს. 

კომენტარები