ნახევარმთვარის მოტაცება

"ვინც ამბობს, რომ მეჩეთი არ უნდა აშენდეს, ცდება. ჩვენ ამით პირდაპირ ვეუბნებით ხულოელ და მარნეულელ მუსულმანებს, რომ არაა საქართველოში მათი ადგილი. მეჩეთების თემით სიტუაციის ამტუტება და სპეკულირება რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დაუშვებელია”, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მედიაპროექტში „პრეზიდენტი პასუხობს ხალხის შეკითხვებს”. თურქულ-ქართული მოლაპარაკებების თემა, ტაოში მდებარე ქართული ტაძრების აღდგენის სანაცვლოდ, საქართველოში თურქებისთვის მნიშვნელოვანი მეჩეთების რესტავრაციასა და აშენებას გულისხმობს. მათ შორისაა აზიზეს მოჩუქურთმებული მეჩეთი, რომელიც ბათუმში კომუნისტებმა დაანგრიეს. თურქეთი სანაცვლოდ ახალი მეჩეთის აშენებას მოითხოვს.

სიტუაციის „ამტუტება” საზოგადოების იმ ნაწილის პრობლემაა, რომელიც მუსლიმური სალოცავის მშენებლობის შემთხვევაში ბუნტის დაწყებით იმუქრება, თუმცა ქვემო ქართლის, ქობულეთისა და ადიგენის რაიონებში მდგარ არაერთ მეჩეთს, სწორედ სახელმწიფოს უმოქმედობის გამო, თავისუფლად შეგვიძლია „ამტუტებული” ვუწოდოთ. უკვე რამდენიმე წელია, მუსლიმები მეჩეთების გადაცემას მოითხოვენ, რომელთა ნაწილი სავალალო მდგომარეობაშია, ხოლო ერთი მათგანი ხელისუფლებამ დაანგრია. უნდა აღინიშნოს, რომ გადასაცემი მეჩეთების რაოდენობა ბოლომდე დადგენილი არ არის, ქვემო ქართლში არსებული ოცამდე უმოქმედო სალოცავის საკითხი კი შესწავლას საჭიროებს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რელიგიური ნაგებობების ისტორიული პატრონისთვის დაბრუნება სახელმწიფო პოლიტიკას წარმოადგენდა, მაგრამ ეს სრულყოფილად მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის შემთხვევაში განხორციელდა. კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით, საქართველოში მდგარი ყველა მართლმადიდებლური ტაძარი, განურჩევლად მისი ისტორიული და კულტურული ღირებულებისა, საპატრიარქოს კუთვნილებაშია. უმცირესობათა ისტორიული ქონების ნაწილის დაბრუნება კი დღემდე სტერეოტიპული გარჩევების თემად არის ქცეული. საპატრიარქოს არგუმენტი, რომ საქართველოში 240-ზე მეტი მეჩეთი მოქმედებს და მეტის აგება საჭირო აღარ არის, საბჭოურ „ყველას საჭიროების მიხედვით” აზროვნებას წარმოადგენს და პირადი საკუთრების ფუნდამენტურ ღირებულებას ეწინააღმდეგება. აჭარის დედაქალაქში მეჩეთის აშენება მუსლიმებს იქამდე უნდოდათ, სანამ სახელმწიფო ტაო-კლარჯეთში მდებარე ტაძრებით დაინტერესდებოდა და თურქული მხარე აზიზეს მეჩეთის აღდგენის სურვილს გამოთქვამდა. ქალაქის მთავარ მეჩეთში, პარასკევ დღეს ხალხი ვეღარ ეტევა. ასეც რომ არ იყოს, რელიგიური ნაგებობის მშენებლობა „მოთხოვნა-დაკმაყოფილების” ფარგლებში არ უნდა განვიხილოთ. რელიგიური ნაგებობის მშენებლობის უფლება ყველა მოქალაქისთვის თანაბრად არის გარანტირებული.

ქობულეთის რაიონში, სოფელ მუხაესტატეს მე-18 საუკუნეში აგებულ მეჩეთს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სახელმწიფო პოლიციის განყოფილებად იყენებდა. მოგვიანებით შენობა დაანგრიეს და მის ნაცვლად ახალი, გამჭვირვალე პოლიციის შენობა აშენდა. ადგილობრივი მუსლიმები სანაცვლოდ ახალი მეჩეთის აგებას მოითხოვენ, თუმცა დღემდე მათი სურვილი არ კმაყოფილდება.

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე დგას მეორე, ისტორიული მეჩეთი. აღნიშნული შენობა ფინანსთა სამინისტროს ბალანსზე ირიცხება, თუმცა უცნობია რა ბედი ეწევა მომავალში. რამდენიმე წლის წინ ხელისუფლება მუსლიმურ თემს დაჰპირდა, რომ სალოცავის გადაცემა მალე მოხერხდებოდა, თუმცა პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა. მუსლიმები სოფელ ლეღას 1847 წელს აგებულ მეჩეთსაც ითხოვენ, რომელიც ასევე სახელმწიფოს საკუთრებაშია და სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება.

თურქული მხარე ახალციხის რაბათის ისტორიული მეჩეთის, იქვე არსებული მედრესესა და აბანოების რესტავრაციითაც არის დაინტერესებული. ქართველი მუსლიმები აღნიშნული ძეგლების გადმოცემას მოითხოვენ, მანამდე კი მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების იმედი აქვთ.

ახალციხის ამ ისტორიულ უბანში, მეჩეთი 1752 წელს ახმედ ფაშა ჯაყელს აუშენებია. ჯაყელების საგვარეული ციხეში მეჩეთის ასაშენებლად ფაშამ იტალიიდან ხუროთმოძღვარი მოიწვია და სტამბოლის აია სოფიას ტაძარს მიამსგავსებინა. აქვე ამოქმედდა მედრესე, ანუ უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი, სადაც უნიკალური ბიბლიოთეკა ყოფილა. „1828 წელს, ქართველთა და რუსთა გაერთიანებულმა ლაშქარმა გენერალ პასკევიჩის ხელმძღვანელობით სამცხის ციხე აიღო, მედრესე გააუქმა, ხოლო მეჩეთი რუსულ ეკლესიად გადააკეთა და საკურთხეველი მიადგა”, ამბობს სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის ადმინისტრაციული მენეჯერი, ციური ლაფაჩი. კომუნისტების პერიოდში ნამეჩეთარ ეკლესიაში მუზეუმი გაიხსნა. დღეს კი იქ ეპიგრაფიული ძეგლების გამოფენაა. ქალბატონი ციური განმარტავს, რომ მათ უკვე მოახერხეს შელესილი ფენის ჩამოღება და მისთვის სათანადო ისტორიული ფორმის დაბრუნება. არქიტექტურულად კი ძეგლი შეკეთებას არ საჭიროებს, მხოლოდ სახურავის განახლება გახდება საჭირო. სამაგიეროდ, კატასტროფულ მდგომარეობაშია როგორც მედრესე, ასევე შუა საუკუნეების აბანოები.

ქართველი მართლმადიდებლები ხშირად წუხან თურქული სახელმწიფოს უყურადღებობაზე, რომელსაც ის ქართული ტაძრების მიმართ იჩენს. რამდენიმე წლის წინ პილიგრიმებს ოშკზე მიშენებული ტუალეტიც აღაშფოთებდათ, თუმცა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ძეგლი იუნესკოს სიაშია შეტანილი. მორწმუნისთვის ტაძარზე მიშენებული საპირფარეშო, რელიგიურ ემოციებთან არის დაკავშირებული და შეურაცხმყოფელია. იმავეს განიცდიან ის მუსლიმები, რომლებიც ადიგენის რაიონის სოფელ აბასთუმნის, მოხესა და ფლატეს მეჩეთებს ხედავენ.

აბასთუმანში, გზიდან მარჯვნივ თუ გადაუხვევთ, მეცხრამეტე საუკუნეში აშენებული მეჩეთის ნანგრევებთან აღმოჩნდებით. აქვე რეპატრირებულ მესხთა 12-მდე მუსლიმი ოჯახი ცხოვრობს. ისინი ყოველდღე უყურებენ შებღალულ სალოცავს, რომელსაც მოსახლეობამ კარები ჩამოხსნა და ახლა ბოსლად იყენებს. ამის გამო მეჩეთი ცხოველთა ფეკალიებითაა სავსე. ბატონი ალი მეხრიევი ამ სოფლის მცხოვრებია, ხელის გაშვერით მიგვანიშნებს მეჩეთისკენ და ამბობს: „როგორ გგონიათ, რას ვგრძნობ ამის მხილველი? სწორედ იმავეს, რასაც ქრისტიანები იგრძნობდნენ, ეკლესიაში მორბენალი ძროხა რომ ენახათ”.

სოფელ ფლატეს მეჩეთშიც, მოხსნილი კარების გამო საქონელს ადვილად შეუძლია შესვლა. აქაც უხვად არის ფეკალიები და ნაგავი. კედლებზე ყურადღებას იქცევს ადგილობრივი არასრულწლოვნების ფერადი შემოქმედება. სოფლის მოსახლეობა მეჩეთს არ იყენებს. 1917 წელს აგებულ საკულტო ნაგებობას კომუნისტებმა ხან მაღაზიის ფუნქცია მისცეს, ხანაც ბიბლიოთეკის. ორი წლის წინ ის მართლმადიდებელ ქრისტიანთა მსხვერპლად იქცა. ზარზმის მონასტრის ძმობამ შენობის დანგრევა სცადა, მოხსნა ზედა ორი რიგი ქვა და კარიბჭის ნაწილი ჩამოანგრია. ქვები სენაკების ასაშენებლად დასჭირდათ. რომ არა მუსლიმების პროტესტი, ზარზმის მონასტერში ალბათ უფრო მეტი მუქთა სამშენებლო მასალა ექნებოდათ. ორი წლის წინ სახალხო დამცველის აპარატიდან ჩასულმა ჯგუფმა, ზარზმის მონასტერში ფლატედან წაღებული ქვები აღმოაჩინა. საქმე დაიძრა, მაგრამ ამ დრომდე არავინ არის დასჯილი. მუსლიმები სოფელ ფლატეში ძეგლის გადაცემას ღვთისმსახურების აღსადგენად არ მოითხოვენ, მათ ფეკალიების სუნი აწუხებთ. მიუხედავად იმისა, რომ ფლატეში მხოლოდ რამდენიმე მუსლიმი ოჯახი ცხოვრობს, საკულტო ნაგებობაში ფეკალიების სუნს, შეურაცხმყოფელი ხასიათის გამო, ჩვეულებრივზე დიდი გავრცელების დიაპაზონი აქვს.

სოფელ მოხეში სამოციან წლებში მაღალმთიანი აჭარიდან მუსლიმები გადმოსახლდნენ. მოსახლეობის უმრავლესობას ისლამის მიმდევრები წარმოადგენენ. ცენტრში 1940 წელს აგებული მეჩეთი დგას, რომელიც საბჭოთა რეჟიმის მიერ იძულებით გადასახლებული მესხების აშენებულია. შენობას მაშინდელი მთავრობა ხან საწყობად, ხან ბიბლიოთეკად, ხანაც სოფლის კლუბად იყენებდა. დღეს ის ამორტიზირებული და უფუნქციოა. 2008 წელს მუსლიმებმა მისი დანგრევის თავიდან აცილების მიზნით მეჩეთის გარშემო ღობის შემოვლება დაიწყეს. ამან ქრისტიანული მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. იმამი მამუკა ვაშაყმაძე გვიყვება, რომ „ძირითადად ქალბატონები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, ამ სოფელში მეჩეთი არ გვჭირდებაო, ჩვენც გავჩერდით. არ გვინდოდა სიტუაცია გაგვემწვავებინა”. ინციდენტის შემდეგ, მოხეელმა მუსლიმებმა მუნიციპალიტეტს მიმართეს, რომელმაც 2008 წლის 25 თებერვალს გამოგზავნა წერილი, სადაც ვკითხულობთ: „გაცნობებთ, რომ აღნიშნული შენობა არის ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრება და მისი შეკეთება მოხდება მუნიციპალიტეტის მიერ”. მას შემდეგ ორი წელი გავიდა, მაგრამ ბატონი მამუკა სამი სოფლის მრევლს კვლავ საგანგებოდ ნაყიდ სახლში მიუძღვის და ლოცვას აღავლენს. „ფული ავკრიბეთ და სახლი ვიყიდეთ, ახლა იქ ვლოცულობთ, რადგან ჯერჯერობით არ გვაქვს საშუალება ჩვენს მეჩეთში ვილოცოთ”, ამბობს იმამი და ამატებს: „ბოლოს და ბოლოს  ამ მეჩეთს უნდა ჰყავდეს პატრონი. ეს ეკუთვნის მუსლიმებს. ჩვენ ამგვარი სიტუაცია შეურაცხმყოფლად მიგვაჩნია და როგორც მორწმუნისთვის, მტკივნეულია. ეს არ შეეფერება დემოკრატიულ სახელმწიფოს, გვინდა ჩვენსავე სამლოცველოში კანონიერად ვილოცოთ”.

ბატონი მამუკა ერთ ინციდენტს იხსენებს. სოფელ ჭელაში მეჩეთს აშენებდნენ. ზარზმის მონასტრიდან, მოლხენილი მრევლი სოფელში დაიძრა. „შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოგვმართავდნენ, ამბობდნენ, რომ ჩვენ ვართ თათრები. ყვიროდნენ, ამ რეგიონში ისლამს ვერ გაავრცელებთო”, ამბობს ბატონი მამუკა. აღნიშნული ინციდენტი ორჯერ განმეორდა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩარევით მოგვარდა.

სამწუხაროდ, საზოგადოება აღნიშნულ პრობლემებზე დუმს. მეტიც, როდესაც საქმე საქართველოს მოქალაქე მუსლიმთა აღმსარებლობის თავისუფლების შელახვასა და სახელმწიფოს მხრიდან არათანასწორ მოპყრობაზე მიდგება, ხშირად ისმის გაუაზრებელი შედარებები. საზოგადოების ერთი ნაწილი, მათი პრობლემების პასუხად ისტორიულ ტაოსა და საინგილოში ქრისტიანთა პრობლემებზე იწყებს საუბარს. მუსლიმებს კი კიდევ ერთხელ უწევთ დაგვარწმუნონ – „ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ! ჩვენ არაფერი გვაკავშირებს უცხო ქვეყანასთან! ჩვენ არ და ვერ ავიღებთ მათზე პასუხისმგებლობას!”

კომენტარები