ბორჯღალოსანთა 21-ე კაპიტანი ზირაქაშვილია

ხვალ 15 საათზე მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები უკრაინის ნაკრებს დაუხვდება. ეს ბორჯღალოსანთათვის 2011 წლის ევროპის ერთა თასის პირველი შეხვედრაა.

უკრაინასთან დაპირისპირება პირველი ოფიციალური შეხვედრა იქნება საქართველოს ნაკრების ახალი სამწვრთნელო შტაბისათვისაც. აქამდე რიჩი დიქსონის ხელმძღვანელობით ქართველებმა ორი ტესტ მატჩი გამართეს ნოემბერში ამერიკასა და კანადასთან და ორივე შემთხვევაში გაიმარჯვეს.

სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში, სადაც ბორჯღალოსნები არიან დაბანაკებულები, წინასამატჩო პრესკონფერენცია ორ ნაწილად გაიმართა. პირველი ქართველებს დაეთმოთ, მეორე კი უკვე უკრაინელებს.

პირველი სიტყვა საქართველოს ნკარების მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა აიღო: „ეს თამაშები მსოფლიო თასისათვის მოსამზადებელი ეტაპია. ბიჭებთან ერთად დიდ დროს არ ვატარებთ, ამიტომ ვცდილობთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ და დავხვეწოთ გარკვეული სათამაშო ელემენტები.“

ჟურნალისტებმა იქვე შევიტყვეთ, რომ ნაკრების კაპიტნად მოთამაშეებს დავით ზირაქაშვილი დაუსახელებიათ. ის ირაკლი აბუსერიძეს შეცვლის, რომელიც ხვალინდელ შეხვედრას სათადარიგოთა სკამზე იწყებს. საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელებული ზირაქაშვილისათვის ეს პირველი მატჩი იქნება კაპიტნის რანგში. ის ბორჯღალოსანთა ისტორიაში რიგით 21-ე კაპიტანია.

„ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა კაპიტნობა. მითუმეტეს როცა იცი, რომ შენ მთელმა გუნდა აგირჩია. მე მაშინვე ვუთხარი ბიჭებს, მარტო მე ვერაფერს მოვახერხებ-მეთქი, ყველა მათგანის დახმარება დამჭირდება. თუმცა ეს სასიამოვნო პასუხისმგებლობაცაა. ნაკრების თითოეული მოთამაშე სრული პასუხისმგებლობით ეკიდება მომავალ შეხვედრას. რაგბიში ადვილად დასამარცხები მეტოქეები არ არსებობს.“ - განაცხადა დავით ზირაქაშვილმა.

გუნდში შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა ნაკრების ვეტერანმა გია ლაბაძემ: „ნელ-ნელა საქმისადმი მიდგომით და პროფესიონალიზმით  ევროპულ დონეს ვუახლოვდებით. გუნდში კარგი განწყობაა. ვარჯიშები კი ასეთ დროს საინტერესოცაა და სასიამოვნოც. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ნაკრებს ერთად ყოფნისათვის დიდი დრო არ გვაქვს ხოლმე და საკმაოდ მცირე პერიოდში გვიწევს თამაშებისათვის მომზადება.“

ამით ქართველთათვის გამოყოფილ დრო დასრულდა და დარბაზში უკრაინელები შემოვიდნენ. სწორედ იქ გავიგეთ, რომ ნაკრების კონსულტანტად, საქართველოს ნკარების ყოფილი მოთამაშე, უკრაინის შვიდკაცა ნაკრების და ოდესის კრედო-63-ის დამრიგებელი ზაზა ლეჟავა დაუნიშნავთ.

„უკრაინელებმა რამდენიმე დღის წინ შემომთავაზეს ნაკრების კონსულტანტის პოსტის დაკავება და მეც დავთანხმდი. ჩემთვისაც საინტერესო წინადადება იყო. ფაქტობრივად ორი დღეა რაც გუნდს შევუერთდი. თუმცა მოთამაშეებს კარგად ვიცნობ, ძირითადად ჩემი გუნდის კრედო-63-ისა და ხარკოვის ოლიმპის მორაგბეები არიან. ამჯერად ჩვენთან ერთად მხოლოდ ერთი ქართველი მორაგბეა, ზურაბ კიკაჩეიშვილი. ჯაბა მალაღურაძემ ოპერაციის მერე ფორმა ჯერ  ვერ აღიდგინა და ამჯერად ვერ ითამაშებს.“ - განაცხადა ზაზა ლეჟავამ.

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კოჩანოვმა აღნიშნა: „ახლა უკრაინულ რაგბიში ის მდგომარეობაა, რომელიც საქართველოში 90-იანი წლების დასაწყისში იყო. თუმცა ჩვენ უნდა ვცადოთ, რომ თქვენი შეცდომები გავითვალისწინოთ და მაქსიმალურად სწორი გზით ვიაროთ.“

ამით პრესკონფერენცია დასრულდა და ორივე გუნდის ხელმძღვანელებმა ნაკრებების ხვალინდელი შემადგენლობები დანომრილი სახით მოგვაწოდა. ერთადერთი უკრაინელებმა სათადარიგოები არ გადანომრეს და ხვალამდე გადადეს ეს საქმე.

საქართველოს ნაკრები: 15. ბესიკ ხამაშურიძე 14. ირაკლი მაჩხანელი 13. დავით კაჭარავა 12. ირაკლი გიორგაძე 11. ლექსო გუგავა 10. მერაბ კვირიკაშვილი 9. ბიძინა სამხარაძე 8. ბესო უდესიანი 7. გიორგი ჩხაიძე 6. გია ლაბაძე 5. შალვა სუთიაშვილი 4. ლევან დათუნაშვილი 3. დაზით ზირაქიშვილი (კაპიტანი) 2. ირაკლი ნატრიაშვილი 1. დავით ხინჩაგაშვილი. სათადაგიგოები: 16. ჯაბა ბრეგვაძე 17. ვასილ კაკოვინი 18. ვახტანგ მაისურაძე 19. ზვიად მაისურაძე 20. ირაკლი აბუსერიძე 21. ლაშა მალაღურაძე 22. ბექა ურჯუკაშვილი

უკრაინის ნაკრები: 15. ვიაჩესლავ პონომარენკო 14. სერგი მონასტიროვი 13. სერგი გაკავი 12. პავლო მასიუკოვი 11. ოლეგ კრასიოვი 10. სერგი ცერკოვნი 9. ზურაბ კიკაჩეიშვილი 8. ოლექსანდ ცაპენკო 7. ოლექსანდ ლომაკინი 6. ოლექსანდ მიშინოვი 5. რომან კულაკიევსკი 4. ვიაჩისლავ კრასილნიკი 3. ივან ზალიზნიაკი 2. მიკოლა კირსანოვი 1. სერგეი სუხინი

კომენტარები