ვაშა, ამხანაგებო კი არა და... დელეგატებო!

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტად ყოფნის 16 თვის განმავლობაში გაიძახოდა, ეს საქმე არ მაინტერესებს და ვადის ამოწურვისთანავე წავალო, „არჩევნებში” მონაწილე დელეგატებმა არ დაიშალეს, მანაც უარი ვერ თქვა და გადაწყდა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 2015 წლამდე დომენტი (ზვიად) სიჭინავა უხელმძღვანელებს!

სასტუმრო ჰოლიდეი ინში გამართულ სფფ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის უფლების მქონე ოცდაათივე დელეგატმა ერთადერთ კანდიდატს, ანუ დომენტი სიჭინავას დაუჭირა მხარი. მერე რომ არავინ შემომედავოს, გეტყვით, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება 33 დელეგატს ჰქონდა, უბრალოდ, სამი არ გამოცხადდა (თავიანთ თავს დააბრალონ ამ ისტორიული მოვლენის გამოტოვება), დანარჩენის არჩევანზე კი უკვე გითხარით.

30 ამომრჩეველი და ამდენივე ხმა. იდეალური, სკკპ-სთვისაც კი მისაბაძი ჰარმონიაა.

და თქვენ რა, სხვა აზრის იყავით?

ნუთუ ფიქრობდით, რომ რომელიმე დელეგატს კანდიდატის წინააღმდეგ წასვლა თუ არა, თავის შეკავება მაინც მოუვიდოდა აზრად?

აპ, აპ, აპ!

ეგეთები არ იყოს – ეჭვიანობის დრო წარსულს ჩაბარდა!

უცნაურია, მაგრამ დომენტი სიჭინავასგან არაერთგზის გაკრიტიკებული სფფ-ს წინამორბედი ხელმძღვანელობის დროს შემუშავებული სლოგანი – ჩვენ ერთი გუნდი ვართ! – ახლა უფროა ზედგამოჭრილი ქართული ფეხბურთის მმართველი სახლისთვის, ვიდრე 2006-2009 წლებში.

არის ამაში რაღაც სიმბოლური. კი, უდავოდ.

ხუმრობა ხომ არაა: ოცდაათივე სუბიექტი შენს სიმართლეში დაარწმუნო?!

ამას მოხერხება უნდა, ბატონმა პრეზიდენტმა კი ეს შეძლო!

ვინ იყო ის, შარშან ეროვნული ნაკრების დაუმარცხებელ სვლაში ლომის წილი რომ დაიდო?

კარგით ახლა, იმას ნუ იტყვით, რომ ქეცბაიას რჩეულთა შორის სიჭინავა ერთხელაც ვერ მოხვდა.

ვინ იყო ის, სახელმწიფოსგან გამოყოფილი თანხებით ვალების დიდი ნაწილი რომ დაფარა?

ნუ, რა ლაპარაკია? კი, ამას სხვაც მოახერხებდა, მაგრამ მისნაირად? გამორიცხულია!

ვინ იყო ის, საქართველოს სამ კლუბს ღირსეული პატრონი რომ მოუძებნა? ბოროტი ენები აქ იტყვიან, რომ ამდენივე კლუბი სულს ღაფავს და თამაშიდან თამაშამდე ფეხბურთელები იფიცებიან, მაგრამ ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ აყვებით. ამის დროა ახლა?

ვინ იყო ის, უეფას პრეზიდენტი ყანასთან რომ მიიყვანა და სთხოვა, ერთ-ორ წელიწადში აქ ევროთასის ფინალი ჩაგვატარებინეო?

უი, ეს რა დამიბეჭდია? მართლა ეშმაკის მანქანაა კომპიუტერი – კაცი ერთთავად სიკეთეზე, ჩახუტებაზე, სიყვარულზე ფიქრობ და ისეთი რაღაც შემოგებეჭდება ხელში, რომ...

ჯანდაბას, კომპიუტერი იქით იყოს და განა მარტო საქმით ფასობს კაცი? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რას აპირებს.

აი, მაგალითად, მართალია ბატონმა დომენტიმ სამოქმედო პროგრამა არ წარმოადგინა (ისედაც ყველამ ვიცით, რომ ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ იღვაწებს), სამაგიეროდ პრიორიტეტები გაგვაცნო.

აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ ორი წლის წინანდელისგან განსხვავებით, მისეული პრიორიტეტები ამჯერად ჟურნალისტებისთვის არ დაიბეჭდა – მხოლოდ დელეგატებისთვის (პატიოსანი კაცი ამაში პრეზიდენტის მომჭირნეობას დაინახავს – ფინანსებს დაზოგვა უნდა, ვალს კი დაფარვა). მეც, დარბაზის ერთ-ერთ მაგიდაზე მიგდებული (ამის გაკეთება იქნებოდა?!) რამდენიმე ბროშურიდან ერთ-ერთი გადავშალე და:

კი მაგრამ, ეს ხომ ორი წლის წინ წავიკითხე?

რა კარგია, რომ სფფ-ს მესვეური არჩეული კურსის მიმდევარია!

დიახ, ამჯერად კორექტურული შეცდომა კიდევ უფრო ნაკლებია – სულ ერთი-ორი, წინადადებებიც გამართულია, მაგრამ პრიორიტეტები?

რამდენიმე გამონაკლისის გარდა, თითქმის იგივე – ახლა არ დამიწყოთ, ჩამონათვალში ყველაფერი ფედერაციის მოვალეობაა და მეტი არაფერიო. ამას ბროშურის ადრესატთაგან ერთი, ჰა, ორი კაცი თუ მიაქცევდა ყურადღებას და ჩვენც ჩუმად ვიყოთ – საქმისთვის ასე აჯობებს. (ისე, ძალიან საეჭვოა, ეს ბროშურა საერთოდ ვინმეს წაეკითხა).

ყველაზე დასამახსოვრებელი და, რა თქმა უნდა, ამაღელვებელი კი ჩემთვის ორი პროექტი აღმოჩნდა: ბავშვთა საფეხბურთო ტურნირების გაშუქება და ფინალური შეხვედრების პირდაპირი ტრანსლაციები, რომელიც დამატებითი სტიმული იქნება ნორჩი ფეხბურთელებისთვის, და სპორტულ-საგანმანათლებლო გადაცემა სახელწოდებით “ვეტერანები გვიამბობენ”, რომელიც “ხელს შეუწყობს ვეტერანთა როლის ამაღლებას ქართულ ფეხბურთში და რაც მთავარია მათ ცნობად სახეებად აქცევს ახალგაზრდა თაობაში” – ეს ისე ლამაზად ჟღერს, რომ სიტყვასიტყვით გადმოვბეჭდე.

დიახ, აბა როგორ? ვიღაც უნიჭო შოუბიზვარსკვლავები თუ არიან ცნობადი სახეები, ვეტერანმა ფეხბურთელებმა რა დააშავეს?

ცნობადი შოუბიზვარსკვლავები იქით იყოს და განა ჩვენ სულმნათ წინაპრებს არ უთქვამთ, რომ აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა?

ვაშა, ამხანაგებო კი არა და... დელეგატებო!

კომენტარები