არმია საქართველოს თასის მფლობელია

თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველოს საკალათბურთო თასის გათამაშების ფინალში არმიამ შსს-ს 71:51 მოუგო. ეს გუნდი ჯერ ერთი წლისაც არაა და ამის მიუხედავად, უკვე პირველი ტიტულიც გაიფორმა.

არმიას დიდად არ გასჭირვებია მეტოქის დამარცხება. ამაზე ანგარიშიც მეტყველებს, მაგრამ თამაშის დროს დაძაბულობა მაინც ყოველ წამს იგრძნობოდა. მოთამაშეებს შორის რამდენჯერმე მცირე გაწევ-გამოწევაც მოხდა. საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე არმიის ახალწვეული, 20 წლის გიორგი შარაბიძე გახდა, რომელმაც მეტოქეს 17 ქულა ჩაუგდო, ამას 16 მოხსნაც დაუმატა და ორმაგი დუბლით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საკუთარი გუნდის გამარჯვებაში.

თავდაცვის სამინისტროს გუნდიდან შარაბიძის გარდა 10 ქულაზე მეტი ორმა მოთამაშემ დააგროვა: 11 - ანატოლი ბოისამ და 15  კლუბის კიდევ ერთმა ახალწვეულმა ბუბა ბერიშვილმა. მის ანგარიშზე 7 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრაც იყო და საბოლოოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

შსს-ს მხრიდან კი 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ ერთი კალათბურთელი, ბესიკ ლეჟავა გადაცდა, რომლის ანგარიშზეც მატჩის ბოლოს 15 ქულა იყო. ეს კი გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ლევან მოსეშვილი (არმიის მთავარი მწვრთნელი): „კმაყოფილი ვარ ამ გამარჯვებით, ვულოცავ გუნდის ყველა გულშემატკივარს ამ მოგებას და მადლობას ვუხდი მხარდაჭერისათვის. მოთმაშეებმა ბევრი იშრომეს და საბოლოოდ თასიც ავიღეთ. ახლა უკვე მთელ აქცენტს სუპერლიგაზე გავაკეთებთ.“

კომენტარები