ჩრდი­ლო­ეთ ევ­რო­პა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას აღ­რ­მა­ვებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა, იანვრის ბოლოს, ლონდონში სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების დელეგაციებს (შვედეთი, ფინეთი, დანია, ლატვია, ესტონეთი, ლიტვა, ნორვეგია, ისლანდია) უმასპინძლა. მხარეებმა ეკონომიკური ზრდის, ერთმანეთთან ვაჭრობის გაღრმავებისა და დასაქმების პერსპექტივები განიხილეს. მომავალში „საერთო ინტერესების მქონე ალიანსის” შექმნასაც არ გამორიცხავენ. სამიტი ჩრდილოეთ ევროპულ ქვეყნებს შორის გაძლიერებული თანამშრომლობის ერთგვარი გაგრძელებაა. დამსწრეთა განცხადებით, მთავარი მიზანი არსებული ფინანსური კრიზისის პერიოდში ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება, ქვეყნებს შორის ვაჭრობის წახალისება და თანამშრომლობის გაღრმავებაა.

რუსულმა მედიამ სამიტი „მინი-NATO-ს” შექმნის მცდელობად შეაფასა. ცხრა ქვეყნის შეხვედრა 2009 წელს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტორვალდ სტოლტერბერგის მიერ „ნორდული პაქტით” ინიცირებული  პროექტის განახლებად მიიჩნიეს. ინიციატივის მიხედვით, უნდა შეიქმნას ბლოკი – „სკანდინავიის ქვეყნები  და არქტიკა”. იგი მოიცავს სკანდინავიური ქვეყნების სამხედრო და საზღვაო ძალებს, დაზვერვას, კიბერშეტევებისგან თავდაცვით და არქტიკაზე მოქმედ საკოორდინაციო ცენტრებს. დასავლეთის ქმედებები რუსეთს მისი მხრიდან არქტიკის (Arctic Shelf) შელფის ათვისების მცდელობისადმი პასუხად მიაჩნია. ექსპერტების განცხადებით, არქტიკაში გაზისა და ნავთობის მნიშვნელოვანი მარაგებია (დაახლოებით 25%).

სამიტზე ჩრდილოეთი ზღვის ოფშორული ქარის ძალის წყაროს გამოყენების პერსპექტივები განიხილეს. ბრიტანეთის პრემიერი ეკონომიკის განვითარებისთვის ციფრული და „მწვანე” ტექნოლოგიის დანერგვას ემხრობა. ამისთვის მას სკანდინავიური ქვეყნების დახმარება სჭირდება. ნორვეგიამ ქარის ენერგიის განვითარებისთვის ბრიტანეთში ინვესტიციები ჩადო. მშენებლობა 2014 წლისთვის იწყება. მიღებული ელექტროენერგია ბრიტანეთის მოთხოვნის 10%-ს უზრუნველყოფს.

ენერგეტიკული საკითხების გარდა განიხილეს მონაწილე ქვეყნებს შორის ვაჭრობის პერსპექტივები. ეს ფინანსური კრიზისის შემდეგ თითოეული მათგანის ეკონომიკას  დიდად წაადგება. აღსანიშნავია, რომ ამ რეგიონის ქვეყნებს საკმაოდ ძლიერი კომერციული კავშირები გააჩნიათ. ბრიტანეთსა და დანარჩენ რვა ქვეყანას შორის ორმხრივი ვაჭრობა 86,3 მილიარდი დოლარია. არსებული საბანკო კრიზისისა და რეცესიის აღმოსაფხვრელად, მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ეკონომიკური რეფორმების განხილვას.

დევიდ კამერონი ქვეყნის ეკონომიკის ზრდისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს დანახარჯების შემცირებას, ლიბერალური რეფორმების გატარებას, მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვას. ის ემხრობა საჯარო სამსახურების ნაცვლად კერძო სექტორში დასაქმების გაფართოებას. როგორც ჩანს, ამ მხრივ თანამოაზრეები სწორედ ჩრდილოეთ ევროპაში იპოვა. საგულისხმოა, რომ ამ რეგიონის ქვეყნებს დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ეკონომიკები აქვთ. Freedom House-ის მონაცემების მიხედვით, უმეტესმა მათგანმა 2011 წლისთვის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გააუმჯობესა. ცხრა ქვეყნიდან შვიდი „უმეტესწილად თავისუფალ” კატეგორიაში მოხვდა. თუ ევროპისთვის აღნიშნული ინდექსი საშუალოდ 66,8-ს უტოლდება, იგივე მაჩვენებელი ამ ცხრა სახელმწიფოს შემთხვევაში 72,2-ია. ეს ქვეყნები დღეს  ლიბერალურ რეფორმებს აქტიურად უჭერენ მხარს. დიდ ბრიტანეთში ამგვარი ცვლილებების საჭიროებას კამერონი ლეიბორისტული მთავრობის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის გამო ხედავს. წინა წელთან შედარებით გაერთიანებულმა სამეფომ ეკონომიკური თავისუფლების მხრივ მე-11 ადგილიდან მე-16-ზე გადაინაცვლა. ამ პირობებში, პრემიერი ეკონომიკის წახალისებას თავისუფალ ვაჭრობაში, მეზობლებთან თანამშრომლობის გაფართოებასა და მათი გამოცდილების გაზიარებაში ხედავს. სწორედ შვედეთის მაგალითის გათვალისწინებით მშობლებს, მასწავლებლებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს „თავისუფალი სკოლების” (free school) დაფუძნების უფლება მისცეს.

ეკონომიკური სიძნელეების გარდა სამიტის მონაწილე ქვეყნებს ევროინტეგრაციისადმი სკეპტიციზმი, თავისუფალი ბაზრისადმი მიდრეკილება აერთიანებთ. დღეს მხოლოდ ორი (ფინეთი და ესტონეთი) მათგანია ევროზონის წევრი, ნორვეგია და ისლანდია კი საერთოდ არ შედიან ევროკავშირის შემადგენლობაში. ამიტომაც ზოგმა კამერონის მიერ სამიტის მოწვევის ინიციატივა ატლანტიკური ქვეყნების „ჩრდილოეთის ლიგის” შექმნის მცდელობად აღიქვა, რომელიც მიმართული იქნებოდა სამხრეთ ევროპელების და მთლიანად ევროკავშირის წინააღმდეგ. კამერონის განცხადებით კი, „ჩრდილოეთის ალიანსი” ევროპაში ღია ბაზრის, ახალი, „მწვანე” ტექნოლოგიების (green technology) დანერგვის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდება.

შეხვედრის მიზანი მხარეებს შორის იდეების გაცვლა და გამოცდილების გაზიარება იყო. ამგვარ კონსულტაციებს მომავალშიც განაგრძობენ. ეს ამ ქვეყნებს შორის მანამდე დაწყებული სამხედრო თანამშრომლობის გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს. ორი თვის წინ ნორვეგიაში ცხრავე ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა. გარდა ამისა, ცხრა თვის წინ დანიამ, ფინეთმა, ისლანდიამ და შვედეთმა გააფორმეს  შეთანხმება (სკანდინავიური/ნორდული თავდაცვის თანამშრომლობა – Nordic Defense Cooperation) კოლექტიური სამხედრო თანამშრომლობის მექანიზმის შექმნის შესახებ.

როგორც ჩანს, ჩრდილოეთ ევროპული ქვეყნები თანამშრომლობას აგრძელებენ, თანაც უკვე სხვადასხვა სექტორში. მაღალჩინოსნების განცხადებით, ამგვარი სამიტები და კონსულტაციები შესაძლოა, რეგულარულად ჩატარდეს.

კომენტარები