ოფიციალური იდილია და დაფარული პრობლემები

 22-23 იანვარს, ერევანში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტმა ორივე სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან მეგობრული რიტორიკის ფონზე ჩაიარა.

ერევანში ვიზიტის ფარგლებში, როგორც პრეზიდენტების პირისპირ მოლაპარაკება, ასევე საგარეო უწყებების მეთაურებისა და სამთავრობო დელეგაციების შეხვედრები გაიმართა. ოფიციალური კომენტარების თანახმად, თბილისმა და ერევანმა სავაჭრო-ეკონომიკური და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება, თბილისის ინიციატივით, სასაზღვრო რეჟიმის გამარტივებას დაეთმო. ამან, საბოლოოდ, საზღვრის უფრო მეტ გამჭვირვალობას უნდა შეუწყოს ხელი. 

  მოლაპარაკებების მონაწილეებს იმ პრეტენზიების თაობაზე საჯარო კომენტარები ამჯერადაც არ გაუკეთებიათ, რასაც სომეხი პოლიტიკოსებისა თუ საზოგადოების ნაწილი თბილისს დიდი ხანია უყენებს. ქართული დელეგაციის ვიზიტის წინ ჯავახეთის სომეხთა უფლებების დაცვის საბჭომ მორიგი მიმართვა გაავრცელა. მიმართვაში ჯავახეთში მცხოვრები სომხების უფლებების დაცვის აუცილებლობაზეა ყურადღება გამახვილებული. ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე სოციალური მდგომარეობის გარდა, აქტივისტები უკმაყოფილებას  საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების გამო გამოთქვამენ. მათი აზრით, ეს მშობლიური ენის შესწავლისა და სომხეთიდან ლიტერატურის მიღების შესაძლებლობებს ზღუდავს. ზოგიერთი სომეხი პოლიტიკოსი თბილისს ჯავახეთის  სომხური ორგანიზაციების აქტივისტების უკანონო დევნაში ადანაშაულებს. 

უკმაყოფილებას სომხურ საზოგადოებაში საქართველოში სომხური ეკლესიის სტატუსის გაურკვევლობა და ზოგიერთი ტაძრის კუთვნილების შესახებ გაჭიანურებული დავა იწვევს.

როგორც სააგენტო რეგნუმს სომხეთის პარლამენტის წევრმა, ორგანიზაცია ჯავახკის სათვისტომოს ლიდერმა შირაკ ტოროსიანმა განუცხადა, „თუ ეს პრობლემები არ მოგვარდა და აქცენტი მხოლოდ ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროზე გაკეთდა, არსებული სირთულეები გაღრმავდება და ორივე ქვეყანა მათ ადრე თუ გვიან შეეჯახება”.

სააკაშვილის ერევანში ვიზიტთან დაკავშირებით რადიო დოიჩე ველე აღნიშნავს, რომ ყველაზე მწვავე პრობლემა, რაც დღეს თბილისსა და ერევანს შორის დგას, საქართველოზე გამავალი ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის შესაძლო გასხვისებაა. მისი პრივატიზების მიმართ ინტერესი ოფიციალურად აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია სოკარმა დაადასტურა. ერევანში მიიჩნევენ, რომ სინამდვილეში ბაქოს ინტერესი არა ეკონომიკური, არამედ წმინდა პოლიტიკური ხასიათისაა. სომხეთის პოლიტიკური ელიტა ენერგეტიკული ბლოკადის შიშმა შეიპყრო. სომეხმა პოლიტიკოსებმა აზერბაიჯანზე გაზსადენის  შესაძლო გასხვისებას საქართველოს მხრიდან „მტრული დემარში” უწოდეს.

„მაგისტრალური გაზსადენის საქართველოს მონაკვეთზე კონტროლი აზერბაიჯანს საშუალებას მისცემს გააფართოოს სომხეთზე ზეწოლის მექანიზმები მთიანი ყარაბაღის საკითებში, რაც სომხეთის ეროვნულ ინტერესებს დიდ დარტყმას მიაყენებს”, – განუცხადა დოიჩე ველეს სომეხმა ექსპერტმა, ჟურნალ ბაზისის რედაქტორმა აშოტ აბრამიანმა.  

საქართველოს პრეზიდენტის ერევანში ვიზიტმა ორი ქვეყნის ურთიერთობებში კიდევ ერთი გარემოება გამოავლინა – საქართველოში გატარებული რეფორმები თანდათან სომხეთის შიდა პოლიტიკის ფაქტორი ხდება. თავის გამოსვლაში სერჟ სარგსიანმა აღნიშნა, რომ სომხეთს „შეუძლია ბევრი რამ ისწავლოს საქართველოსგან” რეფორმების გატარებასა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში. როგორც რადიო ეხო კავკაზას ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ექსპერტმა რუბენ მეხრაბიანმა განუცხადა, პრეზიდენტის ეს განცხადება „შიდა მოხმარებისთვის” იყო განკუთვნილი. მისი თქმით, ერევანი ბოლო დროს „საკუთარი სახის გაუმჯობესებით” არის დაკავებული, საქართველო კი სომხეთში ბოლო დროს „მოდური” თემა გახდა. მეზობელ ქვეყანაში დასასვენებლად ამ სახელმწიფოს უამრავი მოქალაქე  იმყოფებოდა, რომლებმაც საკუთარი თვალით იხილეს ქართული რეფორმების შედეგები, მაგალითად, არაკორუმპირებული პოლიცია.

გამოცდილების გაზიარების გარდა, თბილისს ერევანთან რამდენიმე მნიშვნელოვანი ინტერესი აკავშირებს. პირველ რიგში ეს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებაა. გარდა ამისა, ქვეყანა სომხეთიდან ტურისტებისა და ინვესტიციების მოზიდვით, ასევე საქართველოს გავლით ტვირთების ტრანზიტის გაზრდით მნიშვნელოვნადაა დაინტერესებული. გასულ წელს, ერევანთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ზემო ლარსის გამშვები პუნქტი გაიხსნა, რითაც პირველ რიგში სომხეთი იყო დაინტერესებული.

თბილისისა და ერევნის თანამშრომლობას, თითქოს, ის უშლის ხელს, რომ სომხეთი რუსეთის პოლიტიკის ფარვატერში მოიაზრება. თუმცა, ამავე დროს, ერევანი რეგიონში დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას ცდილობს. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მოლაპარაკებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე ე. წ. მადრიდის პრინციპების გარშემო ბოლო პერიოდში დამუხრუჭდა. ასევე გაჭიანურდა სომხეთ-თურქეთის „ისტორიული შერიგების” პროცესი, რომლის ფარგლებშიც ორ ქვეყანას შორის მიმოსვლისთვის საზღვარი  უნდა გახსნილიყო.

დღეისთვის ცხადია, რომ სომხეთის იზოლაციიდან გამოსვლა ისევ  შორეულ პერსპექტივას წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოსთან ურთიერთობას ქვეყნისათვის კვლავაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

თბილისთან ურთიერთობის განვითარების მიმართულებით ერევანი ზოგჯერ ისეთ ნაბიჯებსაც დგამს, რომელსაც მოსკოვის გაღიზიანება შეიძლება მოჰყვეს. ასეთ გადაწყვეტილებად შეაფასეს სომხეთში 2009 წლის ზაფხულში, ერევანში მიხეილ სააკაშვილის წინა ვიზიტის დროს, საქართველოს პრეზიდენტისთვის ქვეყნის უმაღლესი ჯილდოს გადაცემა. სააკაშვილს კრემლი მაშინ „პოლიტიკურ გვამს” და „პერსონა ნონ გრატას” უწოდებდა.

სომეხი ექსპერტის რუბენ მეხრაბიანის შეფასებით, გულთბილი მასპინძლობა, რომელიც ერევანმა სააკაშვილს როგორც წინა, ასევე ბოლო ვიზიტის დროს გაუწია, პირველ რიგში მოსკოვისათვის განკუთვნილი გზავნილია. ამით, მისი აზრით, ერევანმა კრემლს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ყარაბაღის საკითხებზე მოლაპარაკებებში სომხეთის ინტერესები მეტად უნდა გაითვალისწინოს. მით უმეტეს, რომ სააკაშვილის ვიზიტი ერევანში წინ უძღოდა მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდს სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შორის.

კომენტარები