ბილიარდის გამო ნიგერიაში 5 მეჩეთი დაწვეს

 უწყინარი თამაში ნიგერიის ერთ-ერთ ქალაქში მასობრივი კონფესიათაშორისი დაპირისპირების მიზეზი გახდა, იუწყება ტელეკომპანია ბი-ბი-სი. ინციდენტი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მოხდა, სადაც რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტები საკმაოდ ხშირად ხდება. დაპირისპირება ხუთშაბათს საღამოს ბილიარდის მაგიდის მფლობელსა და ერთ-ერთ მოთამაშეს შორის თამაშის საფასურის გამო დაიწყო. პოლიციის ცნობით, ბილიარდის მაგიდის მფლობელი ქრისტიანია, ხოლო მოთამაშე - მუსულმანური აღმსარებლობის მიმდევარი.

კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ჩხუბის მიზეზი - ბილიარდის მაგიდა დაწვეს. ”ქრისტიანმა ახალგაზრდებმა მაგიდის დაწვა მუსულმანებს დააბრალეს, ამის შემდეგ ისინი ქალაქის ქუჩებში გავიდნენ და სახლებისა და მეჩეთების გადაწვა დაიწყეს,” განუცხადა ჟურნალისტებს ადგილობრივი პოლიციის კომისარმა. ოფიციალური ცნობებით, არეულობებს 4 ადამიანი ემსხვერპლა. დაიწვა 5 მეჩეთი და 50 საცხოვრებელი სახლი. პოლიციის განცხადებით, პროვინცია ტაფავა ბალევაში, სადაც კონფლიქტი მოხდა, გაძლიერებულია უსაფრთოების ზომები - ქუჩებში სამართალდამცველები პატრულირებენ, ხოლო ქალაქის შემოსასვლელებთან ბარიკადებია აღმართული.

ოფიციალური მონაცემებით, ნიგერიის ცენტრალურ ნაწილში რელიგიათაშორისი დაპირისპირების ნიადაგზე 1000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. 

კომენტარები