თბილისი – დაკარი

ჯუნგლების არ იყოს, თბილისის ქუჩებშიც ყოველ წამს უნდა ელოდო ხიფათს. იქ ნატურალური ცხოველებისგან, აქ – რკინის, იქ ერთბაშად რამდენიმე მხრიდან შეიძლება თავს დაგესხან – აქაც, ჯუნგლებში არანაირი კანონი არ მოქმედებს და აქ, ჩვენს ჭაღარა დედაქალაქშიც პარანორმალური ქაოსია. კი, წითელზე გაჩერებაც ვისწავლეთ და ღვედებიც გადავიჭირეთ, მაგრამ მძღოლების დაახლოებით ოთხმოცმა პროცენტმა, უბრალოდ, მანქანის ტარება არ იცის, ვერ ცნობს საგზაო ნიშნებს და ვერ ხვდება, რატომაა დახაზული ქუჩები. შესაბამისად, აქ რამდენიმე სახეობის ძირითადი წინაღობა გვხვდება:

ტაქსები: სულ ნადირობენ, ოღონდ ბრაკონიერულად. სიჩქარეს მოულოდნელად ანელებენ ყველგან, სადაც სულიერი ჭაჭანებს და ვინაიდან სულიერი თითქმის ყველგან ჭაჭანებს, ტაქსის უკან მანქანით სიარული რეკომენდებული არაა. პირველ ხაზში არიან, მეორეში თუ მესამეში, ძალიან ნელა დადიან, თვალი ტროტუარისკენ უჭირავთ (მხოლოდ ტროტუარისკენ და არსად სხვაგან) და საკმარისია ვინმემ თუნდაც თავის მოსაფხანად ასწიოს ხელი, მდგომარეობა ფორმულა 1-ის ფინალური წრესავით იძაბება: ზოგი მესამედან მკვეთრად გადადის პირველ რიგში, თან ისე, რომ არც სარკეში იყურება და არც მაჭუტს რთავს, ზოგი შორიდან ამჩნევს ამ ამბავს და წამებში ოციდან ასამდე ზრდის სიჩქარეს. არაა გამორიცხული, სავარაუდო კლიენტს გაცილებულმა ტაქსისტმა სარკეში დაინახოს რაც ხდება, უცებ დაამუხრუჭოს და უკან მოაკაწრინოს. ისმის ბღუილი, პიპინი, გინება (სხვა მანქანებიდან), იქმნება ავარიის და საცობის საფრთხე და, რაც მთავარია, ამ პორნოგრაფიას სულ თავისუფლად შეიძლება შეეწიროს ჩვენი საწყალი თანამემამულე, რომელიც თავს იფხანდა.

მარშუტკები: ჩვეულებრივი ტაქსი კუბში, როგორც ზომა-ტევადობით, ისე თავხედობა-უცოდინრობით. ყველაფერზე მიდიან, რაც შეიძლება წარმოიდგინო და ვერ წარმოიდგინო. სალონის თავიდანვე შესავსებად მარშრუტის საწყის მონაკვეთს გადიან მიზერული სისწრაფით. ეს, მით უმეტეს ვიწრო ქუჩაზე, გარანტირებული მძიმე საცობია. აქაც ისმის გინება და პიპინი (ეს ჰანგები თბილისში პერმანენტულია და თუ ოდესმე ქალაქის ჰიმნი შეიქმნება, ფონად დავადოთ მოურიდებლად), მაგრამ მარშუტკის მძღოლებს უკვე იმუნიტეტი აქვთ და ამაყი, გაძეგლებული სახეებით გადიან ფონს. მეტიც, საცობის სათავეში მოქცეულნი რამდენჯერმე აჩერებენ კიდეც ხანგრძლივად, რასაც არაერთხელ მოჰყოლია ძეგლთა ფიზიკური წაბილწვა. ტრანსპორტის ეს უნიკალური, პოსტსაბჭოთა სივრცეში ალაგ-ალაგ, საქართველოში კი უხვად შემორჩენილი სახეობა, რომელსაც ხშირად არ აქვს არც ერთი სარკე, სიგნალი და მინიმუმ ერთი ფარი, აკლია სკამები და კარბურატორი, ენითაუწერელ გადაწყვეტილებებს იღებს და მერე სისრულეში მოჰყავს. შეიძლება მგზავრები ჩამოსვას მესამე ხაზში, ან აიყვანოს გზაჯვარედინის ეპიცენტრში პიკის საათისას (მაგალითად, კავსაძე-ფალიაშვილის კვეთაზე საღამოს შვიდის ნახევრისთვის), შეიძლება ავარდეს ტროტუარზე, შემოგივარდეთ სახლში და გაგიტაცოთ, მაგრამ არ დაიდარდოთ, იქ თქვენ რადიო არ დაიდარდო გელით მგზავრების ერთნაირ კომპოზიციათაგან რომელიმეთი. 

ავტობუსები: მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ავტობუსი დადის პირველ ხაზში, მხოლოდ პირველ ხაზში და არსად პირველი ხაზის გარდა. დადის სწრაფად და ორგანიზებულად, გრაფიკით. აქ სხვანაირადაა. ჩქარა დადიან, კი, მაგრამ უგრაფიკოდ და ნებისმიერ ხაზში. ხშირად ასე ხდება – ერთი და იგივე ნომრის სამი ავტობუსი ერთდროულად უახლოვდება გაჩერებას, სადაც სხვა ერთნომრიანი ავტობუსის მძღოლები უკვე ჩხუბობენ. რა უნდა ქნან მოახლოებულებმა? რასაკვირველია, კონკურენტს უნდა მიასწრონ! იწყება დინოზავრების რბოლა სამივე ხაზში! ამ დროს მოჩხუბარი მძღოლების კონფლიქტი მთავრდება მხოლოდ იმიტომ, რომ მომდევნო გაჩერებაზე მიასწრონ ერთმანეთს – ერთი წინაურდება, მეორე გასწრებაზე ზრუნვას იწყებს, მესამე მეორეს ეჯიკავება. ბრძოლა გრძელდება. ეს მუდმივი ომია.

დიაცნი:  შეიძლება საჭესთან წაისვან პომადა, დაიწყონ გვერდითა სკამზე მდებარე ჩანთის ხანგრძლივი ქექვა, ტელეფონზე ჭორაობა სიგარეტის აკომპანიმენტით, დალიონ ყავა და მერე ჩაიხედონ, უცებ გააღონ კარი და ისევ დახურონ, ჩართონ მარცხენა მაჭუტი და გაუხვიონ მარჯვნივ, თვალი კარგა ხნით გააყოლონ ნებისმიერ მეტ-ნაკლებად საინტერესო ამბავს და პარალელურად, სულაც არ ახსოვდეთ, სად არიან და რას აკეთებენ.

გრანდიოზული ჯიპნი: რაც უფრო დიდია ჯიპი, მით უფრო დიდია ზევიდან ყურების, წესთა ფეხზე დაკიდების, აგრესიის და სიქაჯის ხარისხი. გამორიცხულია, ვინმეს რამე დაუთმონ და შუქნიშანზე ყვითელისთანავე განწირული, პანიკური სიგნალების სერია არ დაგატეხონ. ძირითადად არსად ეჩქარებათ, მაგრამ თამაშობენ, რომ ეჩქარებათ. ეს ქართული ხალხური თამაშია. ეროვნული საგანძური. მათთვის მაჭუტის გამოყენება სამშობლოს ღალატის ტოლფასია. როგორც ყველა ზემოჩამოთვლილი კატეგორია, ისინიც საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას ნახაზებს და დანარჩენებივით უმეტესად ორ რიგს ერთად იკავებენ, მაგრამ არის განსხვავებაც – გრანდიოზულნი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ხაზებშიც ხშირად გადადიან მოტრიალების, საცობის უკან ჩამოტოვების ან უბრალოდ, თავის გამოჩენის მიზნით. შუა გზაში ერთმანეთთან მიჩერებული ორი ტკბილად მოსაუბრე ჯიპი კი უკვე დაპატენტებული კლასიკაა.  

ფეხით მოსიარულენი: თუ მძღოლებმა არ იციან, რატომ იხაზება ქუჩები, ფეხით მოსიარულენი ვერ ხვდებიან, რა საჭიროა მიწისქვეშა გადასასვლელი. ცენტრალურ ქუჩებზე შეხვდებით შემდეგ კატაკლიზმებს: დედას უჭირავს შვილი და გადარბის; ტიპს უჭირავს ტელეფონი და გადასვლისას მესიჯს კრეფს; გადამსვლელი მოახლოებული მანქანის მძღოლს უყურებს თვალებში და ტემპს ანელებს, ან სულაც ჩერდება; ფეხით მოსიარულე საერთოდ სხვა მიმართულებით იყურება. ხოლო თუ შორიახლოს ეკლესიაა, ამათ ემატებათ გადარბენისას პირჯვრის გადამწერნი და ზეცაში ნეტარი სახით მომზირალნი.

ახლა  წარმოიდგინეთ, რომ მიდიხართ, ვთქვათ, რუსთაველზე, მეორე ხაზში, ასე 40-50 კმ/სთ-ით. უცებ მესამე ხაზში მყოფი ტაქსი მარცხნიდან გიჭრით გზას და მიქრის კინო რუსთაველთან მდგომ კლიენტთან. მარჯვნივ იღებთ, მაგრამ იქიდან მეორე ტაქსი მოწუილებს. სვლას ანელებთ და გადადიხართ მესამე ხაზში, სადაც, გაგიკვირდებათ და, საპირისპირო მიმართულებიდან მოფრინავს ენითაუწერელი სიდიადის ჯიპი. პანიკა! ბრუნდებით მეორე ხაზში და თითქმის ჩერდებით, მაგრამ უცებ სარკეში ხედავთ, რომ უკნიდან ორი ავტობუსი გეწევათ ქაშუეთთან მისასწრებად. სადაცაა გაგჭყლეტენ, ამიტომ გაზია საჭირო ბოლომდე, აჭერთ კიდეც და გადადიხართ ისევ მესამეში, სადაც მოსეირნობენ გოგო და ბიჭი – გოგო ტელეფონზე ლაპარაკობს სიცილით, ბიჭი განრისხებული გიყურებთ და პირჯვარს იწერს. რა გინდა, რომ ქნა? რა და, ხელის მუხრუჭი და მერიოტთან ჩახვევა სასწრაფოდ. უხვევთ. ქვევიდან ერთბაშად ორი გრანდიოზული მონავარდობს, ძლივს არიდებთ თავს (აბა, ის ხო არ გაიწევა?) და უახლოვდებით თაბუკაშვილთან კვეთას, სადაც ქალი-მძღოლი მაჭუტით ფინტს გიკეთებთ და რომ არ შეასკდეთ, უხვევთ მარცხნივ, სადაც, რასაკვირველია, მარშუტკა დგას. თან რამდენიმე ერთად. ჩერდებით. ალილუია!

კომენტარები