უნგრეთის სკანდალური მედიაკანონი

ცენტრალურ ევროპას ნაცნობი ჩრდილი დაეცა: The Washington Post-ი „პუტინიზაციაზე” საუბრობს. ბრიუსელის ევროკრატები ერთპარტიულ მმართველობაზე ალაპარაკდნენ. გერმანული პრესა ახალი Führerstaat-ის შექმნის შესახებ იტყობინება. რუხი სახელმწიფო უნდა დაისაჯოს: სანქციები დაწესდეს მის წინააღმდეგ.

ასე დაიწყო წელი ევროპის შუაგულში მდებარე 10-მილიონიანი ქვეყნისთვის, რომელმაც 2011 წლის 1 იანვრიდან ევროკავშირის მონაცვლეობითი პრეზიდენტობა ექვსი თვით გადაიბარა.

თითქმის ერთი თვეა, უნგრეთი ხელისუფლების მიერ მომზადებული მედიის ახალი კანონის გამო საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის ობიექტად იქცა. ევროპელმა ლიდერებმა, რომლებიც, როგორც წესი, არ გამოირჩევიან მოკავშირე სახელმწიფოების კრიტიკით, დუმილი დაარღვიეს. მათ 2011 წლის 1 იანვრიდან ძალაში შესულ უნგრულ მედიარეგულაციებს დემოკრატიული სტანდარტები დაუწუნეს. გერმანიამ ეს ქვეყანა გააფრთხილა კიდეც, რომ, როგორც ევროკავშირის პრეზიდენტს, მას “განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ევროპის საერთო იმიჯზე”. საფრანგეთმა კი უნგრეთს პირდაპირ მოსთხოვა კანონის შეცვლა.

“ვის უნდა ასე დაწყება? მე არ დამიწერია ეს სცენარი. ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც ნორმალურად მიგვაჩნდა. მსოფლიო კი მას აკრიტიკებს... უნგრეთი დაიცავს უკვე ძალაში შესულ კანონს, მე კი – ჩვენს ეროვნულ პოლიტიკას”, – ამ სიტყვებით შეეცადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი კრიტიკოსთა მოგერიებას. მაგრამ  პრემიერმა უკანდასახევი გზა მაინც დაიტოვა: უნგრეთმა კანონი დამატებითი ანალიზისთვის ევროკომისიას გადაუგზავნა. თუ ევროკომისია ფორმალურად დაასკვნის, რომ კანონი ევროკავშირის სტანდარტებს არღვევს, ქვეყანა მზად იქნება გადახედოს და ცვლილებები შეიტანოს. თუკი კომისია ევროსტანდარტებთან შეუსაბამობას ვერ დაადგენს, მაშინ, ორბანის განცხადებით:   „მედიაკანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა სხვა ქვეყნებსაც დასჭირდებათ. თუ უნგრეთის მედიაკანონმდებლობა უნდა შეიცვალოს, მაშინ ცვლილებები  საფრანგეთის, გერმანიის და ნიდერლანდების კანონებშიც უნდა განხორციელდეს.  ჩვენს კანონმდებლობაში არაფერია ისეთი, რაც ამ ქვეყნების მედიაკანონებში არ არის”.

საქმე ისაა, რომ 2010 წლის მიწურულს, პრემიერ-მინისტრის მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტია ფიდესმა, რომელიც საპარლამენტო მანდატების ორ მესამედს ფლობს, ოპოზიციის მცირე წინააღმდეგობის ფონზე იოლად შეძლო მედიის შესახებ ახალი კანონის მიღება. დოკუმენტის თანახმად, რომელიც ყველა სახის მედიას ეხება, უნგრეთში იგეგმება მძლავრი საზედამხედველო სახელმწიფო ორგანოს  – მედიასაბჭოს შექმნა. ამ ინსტიტუტის მთავარი ფუნქცია დაუბალანსებელი ინფორმაციის გავრცელების შეჩერება და ადამიანის ღირსების დაცვა იქნება. თუ გამომცემელი, მაუწყებელი ან ჟურნალისტი აღნიშნულ მოთხოვნებს დაარღვევს, მარეგულირებელს მედიასაშუალების დაჯარიმების უფლებამოსილება ექნება. ჯარიმები კი კოლოსალურია – 750 ათასი ევრო მაუწყებლებისთვის, 90 ათასი ევრო ბეჭდური და ონლაინ მედიასაშუალებებისთვის და 35 ათასი ევრო ყოველკვირეული ან ყოველთვიური გამოცემებისთვის. მაღალი ჯარიმების მიუხედავად, კანონი არ აკონკრეტებს ამ ჯარიმებიდან თავის დაღწევის კრიტერიუმებს და ინტერპრეტაციის პრეროგატივას მთლიანად მარეგულირებლებს უტოვებს. კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მარეგულირებელი ორგანო – მედიასაბჭო, რომლის ხუთივე წევრს ექსკლუზიურად ქვეყნის პარლამენტი დანიშნავს, მმართველი პარტიის (ფიდესი) წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული. ეს „კრიტიკული მედიის და საჯარო დებატების დადუმებას” გამოიწვევს (ეუთოს განცხადება).

მიმდინარე კვირის დასაწყისში, ნელი კროესმა, ციფრული დღის წესრიგის (ყოფილი ინფორმაციული საზოგადოების და მედიის) კომისარმა ევროკომისიის წინასწარი დასკვნა გაახმოვანა. კროესმა უნგრეთის სადავო მედიაკანონმდებლობის გარკვეულ ნაწილებს „არადამაკმაყოფილებელი” უწოდა. მაგალითად, მან ხაზი გაუსვა კანონის იმ პუნქტს, რომელიც დაბალანსებული გაშუქების მოთხოვნას ყველა ტიპის მედიასაშუალებას უყენებს, მათ შორის ბლოგერებსაც. მან ასევე გამოყო ის რეგულაციები, რომლებიც ეხებათ უცხოეთში რეგისტრირებულ მედიაკომპანიებს. თუმცა, ევროკომისარმა დამატებითი დეტალების გამჟღავნებისგან თავი შეიკავა.

ნიშნავს თუ არა, რომ უნგრეთი დიქტატურისკენ მიექანება?

მას შემდეგ, რაც მემარჯვენე პარტია ფიდესმა 2010 წლის არჩევნებში საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა, პრემიერ-მინისტრი ორბანი საკუთარ უფლებამოსილებას პოლიტიკური ძალაუფლების სრული კონსოლიდაციისთვის იყენებდა. ფიდესის ერთ-ერთი ყოფილი წევრი პრეზიდენტად დაინიშნა, მეორე – სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი გახდა. გაუქმდა ფისკალური სამსახური, რომელიც ბიუჯეტის შესრულებას ზედამხედველობდა; შემცირდა საკონსტიტუციო სასამართლოს ძალაუფლება. ათობით საჯარო ფონდი, რომლებიც ხელოვნების, კულტურის, ბოშა უმცირესობის და უსახლკაროების საკითხებზე მუშაობდა, გაქრAა და მათი ფუნქციები სახელმწიფოს გადაეცა. ყოველივე ამას სადავო მედიაკანონის მიღებაც დაემატა.

პრემიერ-მინისტრის ბევრი გადაწყვეტილება საკამათოა, მაგრამ რთულია მისი მიღწევების უგულებელყოფა: უკანასკნელ პერიოდში მკვეთრად შემცირდა ქვეყანაში არსებული დეფიციტი (2010 წლის მონაცემებით მშპ-ს 3.9%), გაუმჯობესდა შრომის ბაზარი. წინასწარი პროგნოზის თანახმად, უნგრეთის სახელმწიფო ვალი 2014 წლამდე მშპ-ს 70-73%-მდე შემცირდება.

რა თქმა უნდა, ფიდესის მიერ ძალის ცენტრალიზება არავის ახარებს, თუმცა გადამეტებული ყიჟინა ქვეყანას არ ეხმარება. პირიქით, ეს ხელს უშლის იმ რეფორმატორებს, რომლებიც უნგრეთის 21-ე საუკუნეში „გადათრევას” ცდილობენ.

ზედმეტად ცენტრალიზებულ დემოკრატიასა და დიქტატურას შორის განსხვავება დიდია. “ვიქტორ ორბანი ვლადიმირ პუტინს კი არა, მარგარეტ თეტჩერს უფრო წააგავს”, – აცხადებენ პრემიერის მეხოტბე ანალიტიკოსები. ქალბატონი თეტჩერიც ხომ მემარცხენე პარტიის მიერ დასუსტებული ქვეყნის მოსახლეობამ იმედით აირჩია და მანაც თავის დროზე ძალაუფლების უპრეცედენტო ცენტრალიზება განახორციელა.

კომენტარები