მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლება 0.3 ქულით გაუმჯობესდა

  2011 წლის ეკონომიკური თავისუფლების გლობალური ინდექსი 59.7-ია. წინა წელთან შედარებით, მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლება 0.3 ქულით გაუმჯობესდა.

179 ქვეყნის ეკონომიკიდან მხოლოდ ექვსია „თავისუფალი”. ამ ქვეყნების ქულა 80-ზე მეტია. ჰონგ კონგი უკვე 17 წლის განმავლობაში რეიტინგის პირველი ნომერია. მას მოსდევს სინგაპური. ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ ისევ შეინარჩუნეს მესამე და მეოთხე ადგილები. შვეიცარიამ კი – რეიტინგში საკუთარი პოზიცია 5 პუნქტით გააუმჯობესა და გაუსწრო ირლანდიას, რომელიც რეიტინგში მეშვიდე ადგილზე მოხვდა. მეექვსე ადგილზე – კანადაა.

კატეგორიაში „მეტწილად თავისუფალი” 27 ქვეყანა თავსდება. მათი ქულა 70-დან 80-ის ფარგლებში მერყეობს. ყველაზე მეტი – 114 ქვეყნის ეკონომიკა – თანაბრად ნაწილდება შემდეგ ორ კატეგორიაში: „ნაწილობრივ თავისუფალი” და „მეტწილად არათავისუფალი”. 50 ქულაზე ნაკლები აქვს 32 ქვეყანას. ისინი ეკონომიკურად „რეპრესირებულები” არიან. 

პირველ ორ კატეგორიაში შესული 33 ქვეყნის ეკონომიკა ყველაზე ახლოა ისეთ ინსტიტუციურ გარემოსთან, სადაც ინდივიდებს თავისუფალი არჩევანის საფუძველზე შეუძლიათ კეთილდღეობისა და წარმატების მიღწევა, სადაც მათი წარმატებაც და მარცხიც მხოლოდ ინდივიდუალური ძალისხმევის შედეგია, სადაც მათ კანონი იცავს, მთავრობის გადაწყვეტილებები კი – გამჭვირვალეა, სადაც ეკონომიკა ღიაა და წარმოებისა და მოხმარებისთვის საჭირო რესურსები სამართლიანი კონკურენციის პირობებში ნაწილდება.

2011 წლის ინდექსში მსოფლიოს ყველა რეგიონიდან თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ოცეულში სულ მცირე ერთი ქვეყანა მაინც შედის

ამასთან, ყველა რეგიონში ეკონომიკური თავისუფლების ერთი ან მეტი კომპონენტი ჩამორჩება მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს. მიუხედავად იმისა, რომ, წინა წელთან შედარებით, ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის რეგიონების გარდა, ყველა რეგიონმა ეკონომიკური თავისუფლების გაზრდილი დონე აჩვენა, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში, ყველა სხვა რეგიონთან შედარებით, მაინც უფრო მაღალი ეკონომიკური თავისუფლებაა.

ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონის შემთხვევაში დაბალი ქულებით შეფასდა ფისკალური თავისუფლება და მთავრობის ზომა. წინა წელთან შედარებით, მსოფლიომ ფისკალური თავისუფლების ზრდის ტენდენცია აჩვენა, ხოლო მთავრობის ზომის კომპონენტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1.1 ქულით შემცირდა. 

ჩრდილოეთ ამერიკაში ბიზნესის, ვაჭრობის, მონეტარული და შრომის თავისუფლებაა. საკუთრების უფლებებისა და კორუფციისგან თავისუფლების შედარებით დაბალი მაჩვენებლების მთავარი მიზეზი მექსიკაა, რომელიც „ნაწილობრივ თავისუფალ” კატეგორიაშია. „თავისუფალი ეკონომიკის” კატეგორიაში რჩება კანადა. „მეტწილად თავისუფალ” კატეგორიაში გადმოინაცვლა აშშ-მ, ძირითადად, გაძლიერებული რეგულაციების, კერძო ფირმების გამოსყიდვის პრაქტიკის, არათანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკისა და მზარდი პროტექციონისტური სავაჭრო პოლიტიკის გამო. 

ზოგადად, გლობალური ფინანსური კრიზისის საპასუხო პოლიტიკამ 2011 წლის ინდექსის ეკონომიკურად თავისუფალი ქვეყნების ოცეულში კორექტივები შეიტანა. დანიამ გაუსწრო აშშ-ს, რომელიც ახალ რეიტინგში მეცხრე ადგილზეა. გაუარესდა გაერთიანებული სამეფოს ინდექსი და 15 ქვეყანას შორისაც ვეღარ ხვდება. თუმცა ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალი 20 ქვეყნიდან 9 ევროპული ქვეყანაა.

თავისუფალი ბაზრის კარგად განვითარებული და დამკვიდრებული ინსტიტუტები ევროპის რეგიონს შესაძლებლობას უქმნის ეკონომიკური თავისუფლების 10 კომპონენტიდან 7-ში მსოფლიო საშუალო მაჩვენებლებზე მაღალი ქულები ჰქონდეს. ევროპა მსოფლიოს საშუალოდ 15 ქულით უსწრებს საკუთრების უფლებებისა და კორუფციისგან თავისუფლების მიხედვით, ხოლო 10 ქულით – ბიზნესისა და ვაჭრობის თავისუფლების მხრივ. გლობალური ფინანსური კრიზისის მიუხედავად, გადასახადების შემცირებით, რეგულირების გამარტივებით და უმეტესად ლიბერალური პოლიტიკის წყალობით, 26 ქვეყანაში – მათ შორის, ბულგარეთში, მოლდოვაში, სერბეთში, ლიტვასა და პოლონეთში – ინდექსი ყველა კომპონენტის მიხედვით გაუმჯობესდა. თუმცა, ევროპა კონტრასტების რეგიონია: 16 ქვეყანაში – მათ შორის, ისლანდიაში, ირლანდიაში, იტალიაში, საბერძნეთსა და გაერთიანებულ სამეფოში – ეკონომიკური თავისუფლება 2 ქულაზე მეტით შემცირდა. ევროპის რეგიონის ეკონომიკურ თავისუფლებას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის დაბალი ქულები მთავრობის ზომის, ფისკალური და შრომის თავისუფლების კომპონენტებში.  შრომის კანონმდებლობის მძიმე რეგულირების პირობებში, მცირდება პროდუქტიულობა და დინამიური დასაქმება, რაც იწვევს უმუშევრობას და ანელებს ეკონომიკურ ზრდას. ეკონომიკური ზრდის ნელი ტემპი ამძიმებს ვალის ისედაც რთულ მდგომარეობას, რაც ბევრ ევროპულ ქვეყანას ფისკალური დეფიციტის შემცირებისკენ უბიძგებს. 43 ევროპული ქვეყნის დაახლოებით 80%-ის ინდექსი 60-დან 80 ქულის ფარგლებშია, სტატუსით „ნაწილობრივ თავისუფალი” ან „მეტწილად თავისუფალი”. ევროპის რეგიონში მხოლოდ უკრაინა და ბელარუსი რჩება „რეპრესირებული” ეკონომიკის კატეგორიაში, 50-ზე დაბალი ქულით. საქართველო „მეტწილად თავისუფალი” ეკონომიკის კატეგორიაშია, 70.4 ქულით. საქართველოს შემთხვევაშიც, ყველაზე პრობლემური კომპონენტი მთავრობის ზომაა: წინა წელთან შედარებით, ამ კომპონენტის მაჩვენებელი 5 პუნქტით შემცირდა.

2011 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ნათლად აჩვენებს, რომ გლობალური ფინანსური კრიზისის საპასუხოდ მთავრობის ხარჯის ზრდამ სწრაფი ეკონომიკური განვითარება არ გამოიწვია. პირიქით, მოთხოვნის ხელოვნურმა, კეინსიანურმა სტიმულირებამ შეზღუდა კერძო სექტორის ინვესტიციები და კრიზისი დროში გაჭიმა. ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო ვალის მაღალმა დონემ ეკონომიკური დაღმასვლა ფისკალურ კრიზისში გადაზარდა, ეკონომიკურმა სტაგნაციამ კი – დასაქმების კრიზისი გამოიწვია. უახლესი კვლევებით, სრულ განაკვეთზე მსოფლიო მოსახლეობის 40%-ია დასაქმებული. 

კომენტარები