ჰარი პოტერი და უესლი სნეიდერი

ფიფამ და ფრანს ფუტბოლმა წლეულს პირველად გააერთიანეს რეფერენდუმი და მთავარი ინდივიდუალური ჯილდო – ოქროს ბურთი – ბარსელონას და არგენტინის ნაკრების ლიდერს ლეო მესის გადასცეს.

მესიმ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე უსახურად იასპარეზა, თანაკლუბელებსა და სამხრეთ აფრიკა 2010-ის მთავარ გმირებს, ხავის და ანდრეს ინიესტას აჯობა. ტურნირზე აკრედიტებულმა ჟურნალისტებმა ხავი ესპანეთის ტრიუმფის მთავარ არქიტექტორად მონათლეს, ინიესტამ კი, კარგად გეხსომებათ, ფინალში ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
 
ერთი სიტყვით, ოქროს ბურთი დარჩა ფეხბურთელს, რომელმაც მთავარი სანაკრებო ტურნირი ჩააგდო, მაგრამ ბარსელონასთან ერთად გაზაფხულზეც და შემოდგომითაც დაუვიწყარი სპექტაკლები დადგა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ იმავე ხავიმ და ინიესტამ არანაკლები როლი ითამაშეს ბარსელონას წარმატებებში, თუმცა, ჩემი აზრით, საკლუბო დონეზე მესი მაინც მათზე მაღლა იდგა.
 
იყო თუ არა არგენტინელი ჰარი პოტერის ტრიუმფი ლოგიკური?
ბევრი თვლის, რომ ლეოს გამარჯვება მოულოდნელობა იყო, რადგან მან წლის მთავარ ტურნირზე ვერ ივარგა, მაგრამ ეს არაა არგუმენტი, რის გამოც კატალონიელთა მეათე ნომერი უღირს გამარჯვებულად უნდა მივიჩნიოთ და ვამტკიცოთ, რომ ვთქვათ, ხავის ან ინიესტას გამარჯვება უფრო სამართლიანი იქნებოდა.
 
საქმე ისაა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი კარგა ხანია აღარ ითვლება უძლიერეს საფეხბურთო შეჯიბრებად და ფიფას ოქროს თასმა, წლებია, რაც ძველი პრესტიჟი და მნიშვნელობა დაკარგა. ან, უკეთესი იქნება თუ ვიტყვით, რომ მსოფლიო ჩემპიონატმა სტატუსი – ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო შეჯიბრება – მისდაუნებურად, უეფას პირმშოს, ევროპის ჩემპიონთა ლიგას დაუთმო, დღეს უკვე ზღაპრულ ტურნირს, რომელიც მთელი სეზონი გრძელდება და სადაც პლანეტის უძლიერესი ფეხბურთელები ასპარეზობენ. მათ შორის ისეთებიც, ობიექტური მიზეზების გამო მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი რომ არ აქვთ და მათი სამშობლოს საფეხბურთო შესაძლებლობიდან გამომდინარე, არც ახლო მომავალში ექნებათ. 
მსოფლიო ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაში ერთი და იგივე რაოდენობის მონაწილეა – 32, თუმცა თუ ფიფას ოქროს თასის მოსაგებად გუნდს 7 თამაში ჰყოფნის, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო თასის გათამაშებაში გამარჯვებისთვის, მინიმუმ, 13 ბრძოლის გადატანაა საჭირო.
ამით იმის თქმა მსურს, რომ მესის მიერ 2010 წლის გაზაფხულზე და შემოდგომით ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული 12 მატჩი და 12 გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე კონკურენტების კარგ თამაშზე არანაკლებ მნიშვნელოვანი და წონადია (თუ უფრო მეტი არა – გულშემატკივარს გააჩნია).
ჩემპიონთა ლიგის დღევანდელ მნიშვნელობაზე შექმნილ ამ მოსაზრებას 2010 წლის კიდევ ერთი ლაურეატი, წლის მწვრთნელად აღიარებული პორტუგალიელი ჟოზე მოურინიუც ამყარებს. ისევე, როგორც ფეხბურთელის შემთხვევაში, ამ ნომინაციაშიც ლიგის მომგებმა აჯობა მსოფლიო თასის ტრიუმფატორს – ესპანელთა მთავარ მწვრთნელ ვისენტე დელ ბოსკეს.
 
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, იმის თქმა, რომ ფრანს ფუტბოლის და ფიფას რეფერენდუმების შერწყმით გამოკითხვამ ობიექტურობა დაკარგა, არასერიოზულია და არც ისაა სიმართლე, რომ ლეოს ოქროს ბურთი არ ეკუთვნოდა. წლების წინ, როცა ფრანს ფუტბოლი დამოუკიდებლად ავლენდა ბებერი კონტინენტის საუკეთესო მოთამაშეებს, ხანდახან ფიფა სხვას ანიჭებდა უპირატესობას, ასე რომ, რაიმე არნახული არ მომხდარა. დღეს არსებული ერთადერთი პრიზი ერთი მხარის რჩეულს გადაეცა, სხვების ფავორიტი კი უპრიზოდ დარჩა. მარტივად რომ ვთქვათ, გემოვნების ამბავია, გააჩნია, რა კუთხით შეხედავ.
 
სხვათა შორის, შარშანდელის მსგავსად, ფრანგულ გამოცემას დამოუკიდებლად რომ ჩაეტარებინა გამოკითხვა, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს ვერც მესი მოიგებდა, ვერც ხავი და ვერც ანდრეს ინიესტა.
 
1956 წელს დაარსებული და 2009 წელს ფიფასთან შეზიარებული ჯილდო მილანის ინტერის ჰოლანდიელი გამთამაშებლის უესლი სნეიდერის საკუთრება გახდებოდა. ევროპელ ჟურნალისტთა ხმები რომ დავთვალეთ, სნეიდერს 14 პირველი ადგილი და 117 ქულა აღმოაჩნდა, მეორე ადგილზე გასულ ხავის კი 88 (11 პირველი ადგილი). მესამე ინიესტა იქნებოდა 84 ხმით (10).
და მესი?
 
მსოფლიოს დე ფაქტო საუკეთესო მოთამაშე ფრანს ფუტბოლისეულ ვარიანტში შვიდი პირველი ადგილით და 60 ქულით მეხუთე ადგილზე გავიდოდა...
 
 
ფრანს ფუტბოლის ოქროს ბურთის მფლობელები 1956-2009
1956 – სტენლი მეტიუზი (ინგლისი; ბლექპული),
1957, 1959 – ალფრედო დი სტეფანო (ესპანეთი; რეალი),
1958 – რაიმონ კოპა (საფრანგეთი; რეალი),
1960 – ლუის სუარესი (ესპანეთი; ბარსელონა),
1961 – ენრიკე ომარ სივორი (იტალია; იუვენტუსი),
1962 – იოზეფ მასოპუსტი (ჩეხოსლოვაკია; დუკლა),
1963 – ლევ იაშინი (სსრკ; მოსკოვის დინამო),
1964 – დენის ლოუ (შოტლანდია; მანჩესტერი),
1965 – ეუსებიო (პორტუგალია; ბენფიკა),
1966 – ბობი ჩარლტონი (ინგლისი; მანჩესტერი),
1967 – ფლორიან ალბერტი (უნგრეთი; ფერენცვაროში),
1968 – ჯორჯ ბესტი (ჩრდ. ირლანდია; მანჩესტერი),
1969 – ჯანი რივერა (იტალია; მილანი),
1970 – გერდ მიულერი (გფრ; ბაიერნი),
1971 – იოჰან კრუიფი (ჰოლანდია; აიაქსი),
1972, 1976 – ფრანც ბეკენბაუერი (გფრ; ბაიერნი),
1973-1974 – იოჰან კრუიფი (ჰოლანდია; ბარსელონა),
1975 – ოლეგ ბლოხინი (სსრკ; კიევის დინამო),
1977 – ალან სიმონსენი (დანია; გლადბახი),
1978-1979 – კევინ კიგანი (ინგლისი; ჰამბურგი),
1980-1981 – კარლ-ჰაინც რუმენიგე (გფრ; ბაიერნი),
1982 – პაოლო როსი (იტალია; იუვენტუსი),
1983-1984-1985 – მიშელ პლატინი (საფრანგეთი; იუვენტუსი),
1986 – იგორ ბელანოვი (სსრკ; კიევის დინამო),
1987 – რუუდ გულიტი (ჰოლანდია; მილანი),
1988, 1989, 1992 – მარკო ვან ბასტენი (ჰოლანდია; მილანი),
1990 – ლოტარ მატეუსი (გერმანია; ინტერი),
1991 – ჟან-პიერ პაპენი (საფრანგეთი; მარსელი),
1993 – რობერტო ბაჯო (იტალია; იუვენტუსი),
1994 – ხრისტო სტოიჩკოვი (ბულგარეთი; ბარსელონა),
1995 – ჟორჟ ვეა (ლიბერია; მილანი),
1996 – მატიას ზამერი (გერმანია; დორტმუნდი),
1997, 2002 – რონალდო (ბრაზილია; ინტერი & რეალი),
1998 – ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი; იუვენტუსი),
1999 – რივალდო (ბრაზილია; ბარსელონა),
2000 –- ლუიშ ფიგუ (პორტუგალია; რეალი),
2001 – მაიკლ ოუენი (ინგლისი; ლივერპული),
2003 – პაველ ნედვედი (ჩეხეთი; იუვენტუსი),
2004 – ანდრეი შევჩენკო (უკრაინა; მილანი),
2005 – რონალდინიო (ბრაზილია; ბარსელონა),
2006 – ფაბიო კანავარო (იტალია; იუვენტუსი),
2007 – კაკა (ბრაზილია; მილანი),
2008 – კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია; მანჩესტერი),
2009 – ლეო მესი (არგენტინა; ბარსელონა).

კომენტარები