იორდანიის და აფხაზეთის სავაჭრო პალატები ითანამშრომლებენ

2011 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკური სიახლეები იორდანიელი ბიზნესმენების სოხუმში ვიზიტით იწყება. საინფორმაციო სააგენტო აფსნიპრესის ინფორმაციით, აფხაზეთისა და იორდანიის სავაჭრო პალატებმა საქმიანი საბჭოს შექმნის შესახებაც გააფორმეს ხელშეკრულება. 

იორდანიელი ბიზნესმენების დელეგაციის შემადგენლობაში ბანკების, სასტუმროების, ტელე-რადიო კორპორაციის, სამშენებლო და ფარმაცევტული კომპანიების მეპატრონეები შედიოდნენ. მათ შორის მყოფი იორდანიის აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, ამ ვიზიტის ორგანიზატორებადაც გვევლინებიან.
 
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის თანახმად, ნებისმიერი ბიზნესაქტივობა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებელია – უკანონოა.
 
თუმცა ფინანსური მოგების მიღების მსურველები ოკუპირებულ აფხაზეთში არა მხოლოდ ოკუპანტი რუსეთიდან, რამდენიმე სხვა სახელმწიფოდანაც აქტიურობენ. ჟურნალი ტაბულა უკვე წერდა, რომ დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შემდეგ მეორე კერძო ინვესტორი საქართველოს მეზობელი და პოლიტიკური პარტნიორი თურქეთია. თუმცა, რუსეთისაგან განსხვავებით, ბიზნეს და ეკონომიკური კავშირები აფხაზეთთან თურქეთს
 
ოფიციალურ და სამთავრობო დონეზე არ აქვს დამყარებული.
 
იორდანიის შემთხვევაშიც საქმე არასახელმწიფო, მაგრამ ოფიციალურ სტრუქტურას ეხება – სავაჭრო პალატის სახით. 
 
იორდანიაში, თურქეთის და ზოგიერთი სხვა ქვეყნის მსგავსად, მუჰაჯირების შთამომავლების საკმაოდ დიდი ე.წ. ჩერქეზული დიასპორა არსებობს. იქ უმრავლესობას ადიღეელები შეადგენენ, მათთან ერთად კი აფხაზები და ჩეჩნებიც არიან. ეს დიასპორა იორდანიაში საკმაოდ ძლიერია, პარლამენტში ტრადიციულად  სამი წარმომადგენელი ჰყავს, ფლობენ საკმაოდ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებსაც. გადმოცემით, იორდანიის მეფისა და პრინცის დაცვაში სწორედ კავკასიელები შედიან.
 
საქართველოსა და იორდანიის დიპლომატიური ურთიერთობა 16-წლიან ისტორიას ითვლის. თუმცა ეკონომიკური თანამშრომლობა ქვეყნებს შორის ჯერჯერობით მხოლოდ სოფლის მეურნეობის სფეროშია და ისიც – მინიმალურ დონეზე. საქართველოში გაწეული ინვესტიციების მიხედვით, იორდანია დღემდე მინუსებში რჩება, ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი კი 2010 წელს სულ 411, 4 ათასი აშშ დოლარი იყო. სავაჭრო ბრუნვა მილიონს მხოლოდ 2008 და 2009 წელს ასცდა.
 
ბოლო წლებში საქართველომ, არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში, იორდანიასთან ურთიერთობა განსაკუთრებულად გაააქტიურა. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ორჯერ იმყოფებოდა – 2007 წლის და 2009 წლის მაისში. 2010 წლიდან კი ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებაც დაიწყო – 2010 წლის ივლისიდან ძალაშია საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება. იორდანიელ ბიზნესმენთა პირველი წარმომადგენლობითი დელეგაციაც თბილისში 2010 წელს – სექტემბერში ჩამოვიდა, როცა საქართველო-იორდანიის ბიზნესფორუმზე საქართველოში ინვესტირების პერსპექტივები განიხილეს. იორდანიაში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, იორდანიის სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან ერთად თბილისში ბიზნესმენთა მორიგი ვიზიტის ორგანიზება 2010 წლის გაზაფხულისთვისაც იგეგმებოდა. აფხაზეთში ვიზიტმა და იორდანიის სავაჭრო პალატის მიერ ხელმოწერილმა დოკუმენტებმა ეს შეხვედრა, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.
 
ამასთან, საქართველოს ახალი კავკასიური პოლიტიკა ჩერქეზულ დიასპორებთან ურთიერთობასაც გულისხმობს, მათ შორის – იორდანიაში. კავკასიური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია ასევე საქართველოს მიერ ინიცირებული დისკუსიები ჩერქეზთა გენოციდის აღიარების თემაზე, რომელიც ამ დიასპორის ინტერესებსაც პასუხობს. შესაბამისად, ოკუპირებულ აფხაზეთში იორდანიული ბიზნესის აქტიურობის საპირწონედ დღეს საქართველოს ხელისუფლების მიერ ზემოთ უკვე ნახსენები პოლიტიკა დევს. საქართველოს დიპლომატები აფხაზეთში იორდანიული ბიზნესის ოფიციალური აქტივობის პრევენციისთვის, სავარაუდოდ, სწორედ ამ არგუმენტებს გამოიყენებენ.

კომენტარები