ერთჯერადი ტრონი

 1976 წელს ანიმატორ სტივენ ლისბერგერს გიჟური იდეა დაებადა – სურდა გადაეღო ფილმი, რომელიც კინოსა და ვიდეოთამაშებს გააერთიანებდა. მას სამყაროს გაოცება უნდოდა. 1982 წელს მსოფლიოს კინოეკრანებზე ლაივ-ექშენ ტექნოლოგიისა და კომპიუტერული ანიმაციის ეკლექტიკა გამოვიდა – სახელად “ტრონი”. სტივენ ლისბერგერის ნამუშევარი კომერციულად წარმატებული არ აღმოჩნდა, თუმცა საკულტო ნამუშევრად იქცა.
28 წლის შემდეგ კინოკომპანია უოლტ დისნეი “ტრონის” გაცოცხლებას შეეცადა, რეჟისორის სავარძელი ახალგაზრდა ჯოზეფ კოზინსკის ჩააბარა და შედეგად…

ფილმის მთავარი პერსონაჟი სემ ფლინია (გარეტ ჰედლუნდი) – პირველი “ტრონის” პროტაგონისტის კევინ ფლინის (ჯეფ ბრიჯესი) შვილი. 1985 წელს უფროსი ფლინი გაუჩინარდა. 15 წლის შემდეგ კი მისგან შეტყობინება მოვიდა, რომელშიც ის ამბობდა, რომ ცოცხალი იყო და მის მიერ შექმნილ კომპიუტერულ პროგრამაში იმყოფებოდა. ამ ინფორმაციის მიღებისთანავე სემი მამის საძებნელად მიდის და შემთხვევით, ციფრულ სამყაროში აღმოჩნდება. იქ მას თავგადასავალი ელოდება: მამის პოვნა, ბოროტი CLU-ს დასჯა და სხვა.

ორიგინალსაც და სიქველსაც თითქმის ერთი და იგივე მინუსები აქვთ. პირველ რიგში – ეს სუსტი სცენარია. სამყაროს შექმნისას, უნდა აანალიზებდე იმას, რომ უამრავი კითხვა დაიბადება და ამ კითხვებზე პასუხი მაყურებელმა შენს ფილმში უნდა იპოვოს. როგორ ხვდება სემი ვირტუალურ სამყაროში? როგორ გაჩნდნენ იზომორფები და რა ძალის მატარებლები არიან, რის საფუძველზე ჰგონია კევინ ფლინს, რომ მათ სამყაროს შეცვლა შეუძლიათ? და კიდევ უამრავი კითხვა, რომელზე პასუხიც რეჟისორს არ აქვს. კოზინსკი ვაჩოვსკების დონის რეჟისორი არ აღმოჩნდა და ახალი

“მატრიცას” შექმნასაც ვერ მოვთხოვთ, მაგრამ ფილმში რიგი ეპიზოდები, უბრალოდ, სასაცილო მაინც არ უნდა ყოფილიყო.

“ტრონი” ვიზუალურად შთამბეჭდავი ნამუშევარია. აშკარაა, რომ პროდიუსერებმა და რეჟისორმა სწორედ უნაკლო გამოსახულებაზე გააკეთეს აქცენტი და შედეგად პერსონაჟების, მათი ხასიათის და განვითარების აუცილებლობა ციფრულ სამყაროში დაეკარგათ. “ტრონი”, როგორც სამეცნიერო ფანტასტიკა, სიახლეებს არ გვთავაზობს და მთელი გზა ფინალამდე უამრავი სურათის მიერ გატკეპნილ ბილიკს მიუყვება. ფილმში ყველაზე ბანალური კვანძის შეკვრა, გახსნა და კულმინაციური ეპიზოდებია. და, რა თქმა უნდა, ფინალი თავისუფლად შეგიძლიათ იწინასწარმეტყველოთ.
ჯოზეფ კოზინსკი პიგმალიონს ჰგავს. შექმნა ულამაზესი “არსება”, მაგრამ ოვიდიუსის ქმნილებისგან განსხვავებით, ამერიკელმა რეჟისორმა სიცოცხლე ვერ შთაბერა მას. “ტრონი” უსულო, უემოციო ფილმია. ხანდახან Daft Punk-ის საუნდტრეკების დამსახურებით შეიძლება გული აგიჩქარდეთ ან შთამბეჭდავმა სპეცეფექტებმა პირღია დაგტოვოთ, მაგრამ აი ფილმის პერსონაჟები, ვერანაირ ემოციას ვერ აღძრავენ თქვენში.

მიუხედავად უამრავი მინუსისა, “ტრონი” ვიზუალური თუ აუდიო სპეცეფექტებით იმდენად დატვირთულია, რომ თუ მის ნახვას გადაწყვეტთ, მკაცრად რეკომენდებულია ამის კინოთეატრში გაკეთება. ის ისეთივე სპეციფიკური ფილმია, როგორც “სკოტ პილგრიმი სამყაროს წინააღმდეგ”, “ჩქარი მრბოლელი” ან პირველი “ტრონი” – მისი ენა და ესთეტიკა ყველასათვის მისაღები არ იქნება. სამწუხაროდ სიქველი, პირველი ნაწილისგან განსხვავებით, დროს ვერ გაუძლებს. ის ერთჯერადი ფილმია, რომელიც კომპიუტერული ტექნოლოგიების უსწრაფესად განვითარების ეპოქაში ყველას ძალიან მალე დაავიწყდება.

ორიგინალი “ტრონი” დღემდე ცოცხალია, თუმცა ისეთი “სიცოცხლით სავსე” ვერ არის, როგორც “კოსმოსური ოდისეა” ან “სამართებელზე მორბენალი”. ამ ფილმებთან შედარებით “ტრონი” Tbilisi live-ის დაჯილდოების ცერემონიალია. მე მინახავს შავი სვეტის ოდისეა, მინახავს როგორ იბადება რჩეული ნამდვილ სამყაროში, მინახავს რეპლიკანტი, რომელიც სიცოცხლის გამო თავს სწირავს. დაუვიწყარი ფილმებია. “ტრონი”?.. ყველა მისი ფრაგმენტი დროში დაიკარგება… როგორც ცრემლი წვიმაში… “ტრონი” უკვე მკვდარია.

კომენტარები