სურპრიზებით სავსე გლობუსი

 2011 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოებამ მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა. ყველა ნომინაციაში უმთავრესმა ფავორიტმა გაიმარჯვა. როგორც მოსალოდნელი იყო, საუკეთესო ფილმის წოდება „სოციალურმა ქსელმა” მოიპოვა, წლის რეჟისორი ამავე ფილმის შემქმნელი დევიდ ფინჩერი გახდა, საუკეთესო სცენარისთვის განკუთვნილი ჯილდო მარკ ზაკერბერგზე და Facebook-ზე შექმნილ ფილმმს ერგო. ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი ქალისათვის, წელს მართლაც საუკეთესო ნატალი პორტმანმა მოიგო, არანაკლებ ძლიერი პერფორმანსისთვის კოლინ ფირტმა მიიღო სანუკვარი გლობუსი მამაკაცის დრამატული როლის შესრულებისთვის. კომედია ან მიუზიკლის ნომინაციაში „ბავშვები კარგად არიან” უკონკურენტო იყო და, შესაბამისად, მოგება არ გასჭირვებია, იმავეს თქმა შეიძლება პოლ ჯიამატიზე, რომლის ბრწყინვალე თამაშიც „ბარნის ვერსიაში” ოქროს გლობუსით აღნიშნეს. ანეტ ბენინგი საუკეთესო მსახიობი ქალი გახდა, რომელმაც წელს კომედიაში ან მიუზიკლში ითამაშა. წლევანდელი წელი თუ იოლად პროგნოზირებადი იყო, სამაგიეროდ ბოლო 20 წლის განმავლობაში არაერთი სიურპრიზი, იმედგაცრუება და მოულოდნელობა დაფიქსირდა. წარმოგიდგენთ უცხოური პრესის ჟურნალისტების ბოლო ორი დეკადის 10 ყველაზე უცნაურ გადაწყვეტილებას.

 

10 „ამერიკული სილამაზე” –  საუკეთესო სცენარისათვის (2000)
სემ მენდესის საუკეთესო ფილმი 2000 წელს ოსკარისა და ოქროს გლობუსის ტრიუმფატორი გახდა და ალბათ დამსახურებულადაც, მაგრამ საუკეთესო სცენარისათვის ფილმი ჯილდოს ნამდვილად არ იმსახურებდა. რატომ? იმიტომ, რომ იმ წელს „მატრიცა” და პოლ ტომას ანდერსონის „მაგნოლია” გამოვიდა. ორი ნამუშევარი, რომელიც თავისი ორიგინალურობით დღემდე არ კარგავს აქტუალობას. სამწუხაროდ, ოქროს გლობუსზე ამ ორ ფილმს ნომინაციაც კი არ მისცეს.
 

9  „ქალის სურნელი” – საუკეთესო დრამა (1992)
ამ წელს ალ პაჩინოს საუკეთესო მსახიობი მამაკაცისათვის განკუთვნილი ჯილდო დაახლოებით ისე მისცეს, როგორც 2007 წელს მარტინ სკორსეზეს ოსკარი არგუნეს „განდგომილებისათვის” – დამსახურებისათვის, შთამბეჭდავი კარიერისათვის, რომელიც გაცილებით უკეთესი პროექტებითაა დახუნძლული. ალ პაჩინოს ჯილდო თუ მეტ-ნაკლებად გასაგებია, სრულიად ამოუცნობია, რატომ გახდა „ქალის სურნელი” წლის საუკეთესო ფილმი, მაშინ როდესაც ნომინირებული იყო კლინტ ისტვუდის „უპატიებელი” და რობ რეინერის „რამდენიმე კარგი ადამიანი”. ამ ფილმებთან შედარებით მარტინ ბრესტის ფილმი საშუალოზე დაბალი დონის ფილმია, უმარტივესი სცენარით და ზედმეტი ემოციურობით.
 
8 რენე ზელვეგერი – საუკეთესო მსახიობი ქალი კომედია ან მიუზიკლისათვის (2001)
„მედდა ბეტი” არაფრით გამორჩეული ფილმია. რენე ზელვეგერი რიგით როლს თამაშობს. რატომ არის მისი ჯილდო მოულოდნელი? იმიტომ, რომ იმ წელს ჯულიეტ ბინოშმა ითამაშა მთავარი როლი ფილმში „შოკოლადი”. თუ არ გინახავთ ეს ფილმი, აუცილებლად ნახეთ და დარწმუნდებით უცხოური პრესის წარმომადგენლების არასწორ გადაწყვეტილებაში.
 
7 ტომი ლი ჯონსი – საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისათვის (1994)
ამაზე ბევრს არაფერს დავწერ. იმ წელს ნომინირებულები იყვნენ რალფ ფაინსი „შინდლერის სიისთვის” და ლეონარდო დი კაპრიო „რა ჭამს გილბერტ გრეიპისათვის”. ტომი ლი ჯონსის გამარჯვება „გაქცეულში” შესრულებული როლისთვის პარანორმალური მოვლენაა.

 
 

6 შერონ სტოუნი – საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში (1996)

შერონ სტოუნი „კაზინოში” თამაშამდე, „ძირითად ინსტინქტში” ნაჩვენები უნაკლო სხეულით იყო ცნობილი. მარტინ სკორსეზეს ფილმში სტოუნი კარგია, მაგრამ არა იმ დონის, რომ სიუზან სარანდონისთვის („მკვდარი კაცი მოდის”), მერილ სტიპისათვის („მედისონის ოლქის ხიდები”) ან თუნდაც ემა ტომპსონისათვის („გრძნობა და გონება”) ეჯობა. 

5 მადონა – საუკეთესო მსახიობი ქალი მიუზიკლში ან კომედიაში (1997)
 

ფრენსის მაკდორმანდმა „ფარგოში” ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც მსახიობს შეუძლია კინომოყვარულის გასაოცებლად, მაგრამ… ჯილდო მაინც მადონას მისცეს.
 
4 ევიტა – საუკეთესო მიუზიკლი ან კომედია (1997)
გაიხსენეთ ძმები კოენების „ფარგო” და ქემერონ ქროუს „ჯერი მაგუაერი”. ნერწყვი მოგადგათ ამ ფილმების გახსენებაზე?! ახლა გონებაში ალან პარკერის „ევიტა” ამოატივტივეთ, თქვენც დარწმუნდებით, რომ უცხოური პრესის წარმომადგენლებმა თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდეს, როცა მთავარი ჯილდო ამ ფილმს მისცეს.

 
3 ნიკ ნოლტი – საუკეთესო მსახიობი მამაკაცი (1992)„მოქცევის მბრძანებელში” ნიკ ნოლტი კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო როლს თამაშობს, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ „შოტლანდიის უკანასკნელი მეფისთვის” ფორესტ უიტეკერს ოსკარი რომ არ მოეგო, როგორი უხერხული სიტუაცია იქნებოდა. ოქროს გლობუსზე ასეთი უხერხული სიტუაცია შეიქმნა 1992 წელს, როდესაც ჰანიბალ ლექტერის როლისთვის ენტონი ჰოპკინსს მხოლოდ ნომინაცია აკმარეს. „კრავთა დუმილი” საერთოდ რომ არ გამოსულიყო, „შიშის კონცხში” რობერტ დე ნირო განუმეორებელი იყო და ნიკ ნოლტის თამაშს აშკარად ჩრდილავდა. 
 

2 „ოცნების გოგონები” – საუკეთესო კომედია ან მიუზიკლი (2007)
გასაგებია, რომ ყოველთვის კომედიამ არ უნდა მოიგოს ოქროს გლობუსი და ხანდახან მიუზიკლებიც უნდა გაურიონ, რომ ამ ნომინაციამ სახელი გაამართლოს, მაგრამ არა იმ წელს, როცა „ბორატი”, „პატარა მის ბედნიერება” და „გმადლობთ მოწევისთვის” არის ნომინირებული.
 
1„მონანიება” – საუკეთესო დრამა (2008)
2008 წლის საუკეთესო ფილმის წოდება „მონანიებამ” მოიპოვა. არც ვიცი ამისთვის რას იმსახურებენს უცხოური პრესის წარმომადგენლები – დაცინვას, ცემას, გინებას, თუ სიკვდილს. ჯო რაიტის ფილმის უდიდესი ღირსება დარიო მარიანელის მუსიკაა, მაშინ როცა ძმები კოენების „მოხუცებისათვის აქ ადგილი არ არის” და პოლ ტომას ანდერსონის „ნავთობი” უზადოდ გადაღებული, თითქმის უნაკლო ნამუშევრებია. ოქროს გლობუსს ამაზე დიდი სირცხვილი არასოდეს უჭამია და იმედია, მსგავს შეცდომას არც არასოდეს გაიმეორებს.

კომენტარები