არ მინდა პარიზში

17 იანვარს პარიზში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტი ქართულ-რუსული დიალოგის მცდელობას გეგმავდა. ქართული დელეგაციის წევრებმა მასზე დასწრება ზედმეტად ჩავთვალეთ. მიზეზი შემდეგია:
2008 წლიდან ასამბლეამ 5 რეზოლუცია მიიღო. ქართულ-რუსული დიალოგის წინაპირობად 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების დაცვა და აფხაზურ-ოსური დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება გამოცხადდა. ბოლო, 2009 წლის რეზოლუცია რუსებს ჩვენი თანხმობით ერთგვარ შანსს აძლევდა – მოდით, დაიწყეთ მოთხოვნების შესრულება ეტაპობრივად: 2010 წლის იანვრამდე შეუშვით დამკვირვებლები „ღობის” მიღმა; მიეცით ქართულ მოსახლეობას შეუზღუდავი გადაადგილების საშუალება; აღიარეთ დევნილების ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების უფლება... ეს რომ მომხდარიყო, ქართულ-რუსულ დიალოგს ნიადაგი შეექმნებოდა. რუსებმა არაფერი ქნეს. სანაცვლოდ, ლავროვი მოვიდა პლენარულ სესიაზე 2010 წლის აპრილში და ასამბლეის აქამდე შექმნილ პროდუქციას პოლიტიზირებული უწოდა. და დაიწყო...

ევროასამბლეის წევრთა ნაწილს თავად „შერცხვა” რეზოლუციების. ლოგიკა ასეთია – მართლა ხომ არ შევუჩერებთ უფლებამოსილებას საერთო წესების დამრღვევ რუსებს, ან რა შუაში არიან რუსი დეპუტატები, თუ ლავროვი ან პუტინი მათ არ აძლევთ ასამბლეის პატივისცემის საშუალებას?! გაჩნდა პარიზის შეხვედრის იდეა და დავთანხმდით, მიუხედავად იმისა, რომ დიალოგის დასაწყებად რუსულ მხარეს ევროასამბლეის მიერვე დადგენილი წინაპირობებიც არ ჰქონდა შესრულებული.

მაგრამ ახალმა “გარემოებებმა” შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობა შეუძლებელი გახადა: რუსული იმპერიული იდეები ზოგიერთი დეპუტატის პოსტნაციონალურ ილუზიებს დაეყრდნო, რამაც შეხვედრის სამზადისს, როგორც ზემონახსენები რეზოლუციების, ისე ევროპული უსაფრთხოების საფუძვლების იგნორირების ელფერი მისცა.

ორგანიზატორი, შვეიცარიელი ბ-ნი დიკ მარტი ჩამოდის მოსკოვიდან თბილისში. იგი, მიუხედავად ჩვენი კონკრეტული ინტერესისა მოსკოვში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით, არ გვიმხელს, რომ იქ, რუს დეპუტატებთან ერთად, მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლებსაც ხვდება. მის გამგზავრებას მოსდევს რუსული საინფორმაციო საშუალებების აჟიოტაჟი, რომ პარიზული შეხვედრა დასაწყისია და იგი სოხუმისა და ცხინვალის მონაწილეობით გაგრძელდება. გასაგები ხდება, რომ რუსულ მხარეს ამ შეხვედრისაგან არაფერი უნდა, გარდა მისგან აღიარებული რეჟიმების თანდათანობითი ლეგიტიმაციისა.

მივმართავთ დიკ მარტის – გასაგებია, რუსები სიურპრიზად დაგახვედრებდნენ „კოლეგებს” ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რა ინტერპრეტაციები ეძლევა ამ ნაბიჯებს და რაა რუსთა ჩანაფიქრი. ამგვარად წამოწყებული პროცესი შედეგამდე არ მიგვიყვანს და პარიზში ჩვენს ჩამოსვლას აზრი არ აქვს. პასუხად, ბ-ნი მარტი აცხადებს, რომ ჩვენთან დეტალების განხილვა უსარგებლოა და რომ იგი კვლავ გააგრძელებს დაზარალებული მოსახლეობის ტკივილის შემცირებაზე ზრუნვას.

მგონია, რომ ევროსაბჭო ისევ უნდა იდგეს ჰელსინკისა და პარიზის, შესაბამისად 1975 და 1990 წლის გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც ადამიანების დაცვა-არდაზარალების საფუძვლად სუვერენიტეტის პატივისცემა მიაჩნია. დიკ მარტისთვის ეს პრინციპი, ჩანს, ნაკლებმნიშვნელოვნია. მგონია, რომ თავად ასამბლეის რეზოლუციები მორალურ-სამართლებრივი ვერდიქტია და მიუხედავად იმისა, შესრულდება ისინი დღესვე თუ არა, მათივე ლოგიკით უნდა ვიხელმძღვანელოთ – ვფიქრობ, ეთნოწმენდის ჩამდენსა და მის მსხვერპლს თანაბრად არ უნდა მოუწოდებდე გონიერებისა და თავშეკავებისაკენ, რაც უნდა დიადი იდეალები გამოძრავებდეს. ბატონი მარტი არც ამაში გვეთანხმება და თვლის, რომ თუ ზემონახსენებ დოკუმენტებს გვერდზე გადავდებთ, მსხვერპლს მოძალადემ შეიძლება ტკივილი შეუმსუბუქოს. თუ ასეა, ამ ევროპელისა და რუსი იმპერიალისტის მიზნებში სხვაობა კია (ერთს იმპერიის გაფართოება უნდა, მეორეს გაფართოების ტკივილთა შემცირება), მაგრამ შედეგი ერთია: ევროპელი დიკ მარტის პოსტნაციონალიზმი რუსის იმპერიულ ფეოდალიზმს ემსახურება.

კომენტარები