ეჰუდ ბარაკი შრომის პარტიას ტოვებს

 თავდაცვის მინისტრის ეჰუდ ბარაკის მიერ შრომის პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვება და ახალი პოლიტიკური პარტიის (დამოუკიდებლობა) შექმნა ისრაელის პოლიტიკურ კრიზისზე მიუთითებს. ქვეყანა ორი გამოწვევის წინაშე დგას: ერთი მხრივ, პალესტინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხშია, მეორე მხრივ კი, ისრაელი ვალდებულია საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოს.

ბარაკი ახალი პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბებას ოთხ ყოფილ თანაპარტიელთან ერთად გეგმავს. პარტია დამოუკიდებლობა ”ცენტრისტული, სიონისტური და დემოკრატიული” იქნება. სამთავრობო კოალიციას ახლადშექმნილი პარტია პალესტინასთან მოლაპარაკებების განახლების საკითხში არ ეთანხმება. პრემიერ-მინისტრი, ბინიამინ ნეთანიაჰუ ცნობილია თავისი კონსერვატიული პოზიციით და პალესტინელებთან დათმობაზე წასვლას არ აპირებს. ეჰუდ ბარაკი კი ისრაელის პოზიციების გამყარებას სწორედ კონსენსუსში ხედავს.

თავდაცვის მინისტრის ქმედებამ შესაძლოა, დიდი დარტყმა მიაყენოს შრომის პარტიას. ეს უკანასკნელი წლების მანძილზე მხარს უჭერდა სიონისტური სახელმწიფოს ძირითად პრინციპებს. სამი იდეოლოგიურად მსგავსი მოძრაობის გაერთიანების შედეგად შექმნილი შრომის პარტია, 1970-იანი წლების ისრაელის პოლიტიკაში დომინანტ ძალას წარმოადგენდა. პარტია მნიშვნელოვან როლს თამაშობდა პალესტინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში. 2000 წლის კემპ დევიდის სამშვიდობო მოლაპარაკებები ბარაკის აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობდა. დღეს ამ პოლიტიკურ ძალას შეზღუდული პოზიციები აქვს და მთავრობაში რამდენიმე მინისტრის პოსტით კმაყოფილდება.

ბარაკის მიერ პარტიის დატოვება უფრო გააძლიერებს პრემიერ-მინისტრ ბინიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე კოალიციას. შრომის პარტიას ქნესეთში რვა დეპუტატი დარჩება და სიდიდით მესამედან მეხუთე ადგილზე გადაინაცვლებს. ახალი პარტია კი 5 მანდატით იქნება წარმოდგენილი. გაზეთ Haaretz-ის ცნობით, არჩევნების დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით ჩატარების შემთხვევაში, ამ ორი პარტიის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდებოდა: ეჰუდ ბარაკის პარტია სამ, ხოლო შრომის პარტია ექვს მანდატს მიიღებდა.

აღნიშნული მოვლენები ისრაელის უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებს დაემთხვა. ლათინურ ამერიკას პალესტინის აღიარების ტალღამ გადაუარა. ლიბანში გაღრმავებულმა კრიზისმა შესაძლოა, ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე ძალადობა განაახლოს. თეირანიც ისრაელს ახლა ადანაშაულებს კომპიუტერულ ვირუს Stuxnet-ის გავრცელებაში, რამაც ირანის ბირთვული პროგრამა მწყობრიდან გამოიყვანა. ასეთ პირობებში, ეჰუდ ბარაკი მეტი ალბათობით სამთავრობო კოალიციის ერთიანობის და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებას ამჯობინებს, თანაც ნეთანიაჰუმ  ბარაკსა და მისი კოალიციის ორ წევრს სამინისტრო პოსტების შენარჩუნება აღუთქვა.  ეჰუდ ბარაკისთვის კარგადაა ცნობილი, რომ მერყევი მთავრობის და თამამი მოწინააღმდეგის პირობებში მშვიდობის შენარჩუნება ძნელია.

კომენტარები