ახალი ქართული ქანდაკება

თანამედროვე ქვეყანა წარმოუდგენელია ქანდაკების გარეშე, სკულპტურული კომპოზიციები არა მხოლოდ ესთეტიკურ, არამედ სოციალურ  შინაარსსაც  მატებენ  სივრცეს, ქალაქს, მხარეს. ქვეყნის ან თუნდაც ეპოქის სახეს საბოლოოდ მაინც კულტურა და ხელოვნების ძეგლები ქმნიან.

თუ ქართული ხელოვნების ისტორიას პოზიტიურად შევხედავთ, მე-18 საუკუნის შუა წლებამდე, აქ სახვითი ხელოვნება საკრალურია – შემოქმედებითი პროცესები მხოლოდ რელიგიური თემატიკის ირგვლივ ტრიალებს. ამ მხრივ მართლმადიდებლური კანონიკა, ცხადია, მთავარ როლს ასრულებდა –  როგორც ესთეტიკურ პროცესებში, ასევე სხვადასხვა ტექნიკების განვითარებაში. მიუხედავად მდიდარი ხუროთმოძღვრული და მცირე პლასტიკის ტრადიციებისა, მრგვალი ქანდაკებების არქონა სწორედ რელიგიურ შეზღუდვებს უკავშირდება. კლასიკური გაგებით სამგანზომილებიანი ქანდაკების ნიმუშები ან ანტიკური პერიოდისაა – ვანის არქეოლოგიური გათხრებიდან, ანაც მე-19 საუკუნის ბოლოს, იაკობ ნიკოლაძეს – ევროპულ სკოლას, უკავშირდება.

ჩვენთან  მრგვალი ქანდაკების ისტორია, ქართულ საბჭოთა ხელოვნებასთან, სოცრეალიზმთან  ერთად იწყება – ბევრი თვითმყოფადი მაგალითით, ისტორიული გმირების ან ეთნოგრაფიულ-პოეტური თემების ინტერპრეტაციით, უფრო მეტი ძველი ყაიდის საზოგადო მოღვაწეთა პორტრეტებით და ძალიან ბევრი იდეოლოგიური სოც-მონუმენტით, რომელიც დღეს განვლილი პერიოდის გროტესკზე, იდეოლოგიურ არაადეკვატურობაზე, ვაკუუმზე მეტყველებს.

თანამედროვე  ქართული ქანდაკება, მიუხედავად არაერთი აშკარა შეცდომისა, მაინც ვითარდება – ახალი, თანამედროვე ურბანული, საჯარო სივრცის მოწყობის გზით. ამის ყველაზე ნათელი და ღირსეული მაგალითი, ბათუმში, თამარ კვესიტაძის მიერ შექმნილი ქანდაკებაა.

თამარ კვესიტაძე ახალი ქართველი სკულპტორია, ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით. ის დამოუკიდებელი ხელოვანია, რომელიც საკუთარ სამყაროს დიდი შრომის ფასად  ქმნის. მისი  წარმატების მიზეზი, უკომპრომისო, ძლიერი შემოქმედებითი და ადამიანური გადაწყვეტილებებია. განათლებით არქიტექტორმა, შინაგანი დისკომფორტის გამო თოჯინების კეთება  შავბნელ, 90-იანი წლების თბილისში დაიწყო. შემდეგ ამერიკაში წავიდა, სადაც მისი ნამუშევრებით დილერები და გალერეები დაინტერესდნენ. მან ზუსტად დაინახა საკოლექციო, უნიკალური თოჯინების ბიზნესი თავისი იერარქიებით და დახვეწილ დასავლურ  ტექნოლოგიებს, მაღალმხატვრული ინდივიდუალური შემოქმედებითი ხერხები დაუპირისპირა. ბავშვობაში ახალქალაქში, საყვარელი ბებიის სკივრში, ძველი ფრანგული თოჯინები იპოვა და წლების შემდეგ სწორედ პატარაობის მოგონების აღდგენას ცდილობდა,  სტილიზებულ, ბავშვურ ფაიფურის სახეებში, იმ დროს პრაქტიკული მოსაზრებების გამო ასეთ პატარა  ნაკვთებს აკეთებდნენ – ასეთი თავი უკეთ ამოდის ყალიბიდან.

თამარ კვესიტაძის თითოეული თოჯინა არა ცარიელი ფიგურა, არამედ ბავშვობის გადატვირთული სამყაროა, საკუთარი მიკროკლიმატით. ექვსი წლის განმავლობაში ის ქმნიდა, ფენდა და ყიდდა თოჯინებს. შემდეგ გამოეთხოვა ამ სენტიმენტალურ-ფანტასტიკურ ჟანრს და არც თოჯინები დარჩა და არც მათი გაკეთების სურვილი აქვს. მან უფრო ღრმა, თანამედროვე  სკულპტურულ ფორმებზე და მათ დინამიკაზე, პლასტიკაზე დაიწყო ფიქრი. სწორედ ამ დროს გაიცნო პაატა სანაია, რომელიც მისი თანაავტორი გახდა – ის კინეტიკურ მხარეს მართავს და რთულ მექანიზმებს ქმნის.

თამარ კვესიტაძე თავად განაგებს საკუთარ  წარმატებას, ის საერთაშორისო დონის ხელოვანია, მისი ნამუშევრების ძირითადი  ნაწილი საქართველოს საზღვრებს გარეთაა. 2000 წელს პაატა სანაიასთან ერთად Tamarastudio დააარსა, სახელოსნო, რომელიც ქმნის და მართავს მის ნამუშევრებს, თანამშრომლობს სხვადასხვა საგამოფენო სივრცეებთან და დიდ კომპანიებთან, რომლებიც მისი ნამუშევრების ლიმიტირებულ სერიებს უშვებენ.

2007 წელს კი ვენეციის 52-ე ბიენალეზე თამარ კვესიტაძე საქართველოს სახელით წარდგა. უკვე დახვეწილი, გამართული მექანიზმებით თავისი მოძრავი სკულპტურები გამოფინა. სწორედ ამ დროს დაიწყო მისმა სიმბოლურმა „ქალმა და მამაკაცმა” ცხოვრებისეული ციკლი – მისი მცირე ზომის ვერსია იტალიაში გაიყიდა, ამას მოჰყვა გამოფენა ლონდონში და დღეს უკვე „ალი და ნინოდ” მონათლული 9-მეტრიანი ქანდაკება ღია ცის ქვეშ, ბათუმის ზღვის სანაპიროზე, ბულვარში დგას. რა თქმა უნდა, ამ კომპოზიციას, ქალისა და მამაკაცის გრაფიკულ ფიგურებს – რომლებიც ერთმანეთს ხვდებიან და შორდებიან – ყველაზე ნაკლებად სწორხაზოვნება უხდება და ყველაზე მეტად, ალბათ – ზღვა. ეს არც კონკრეტულად ალი ან ნინოა და არც რომელიმე ლიტერატურული ნამუშევრის ილუსტრაცია, არამედ ნებისმიერი სასიყვარულო ისტორიისადმი ან აბსტრაქტულად სიყვარულისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი საუკეთესო მონუმენტია. თავად ავტორიც გაურბის კონკრეტულ ასოციაციებს და მაყურებელს ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს. ეს სადა ქანდაკებაა და, ამავე დროს, ძლიერი ეროტიკული მუხტის მატარებელი. თუკი მცირე ვერსია კამერული იყო და ატრაქციონის ელფერი დაჰკრავდა, გაზრდილი მასშტაბი და უნაკლო ტექნიკური შესრულება მნიშვნელობას ჰმატებს. გაშლილ სივრცეში ნელა მოძრავი იდუმალი ფიგურები ზუსტად თავსდება თანამედროვე ურბანულ თუ მენტალურ ლანდშაფტში და ახალი ქართული ქანდაკების საუკეთესო მაგალითია.

მოქანდაკის მომავალი გეგმები – ახალი გამოფენები, ახალი ნამუშევრებია. მას სხვადასხვა მოწვევები აქვს, მაგრამ ყურადღებით არჩევს ადგილს და სივრცეს, სადაც მის შემოქმედებას გაეცნობიან. ჩინეთში ეპატიჟებიან, მაგრამ ჯერ არ მიდის, რადგან იცის, რომ დიდი სახელით უნდა ჩავიდეს – სხვა შემთხვევაში, მისივე ნამუშევრების ასლებს ვერ გაუმკლავდება.

კომენტარები