2010 წლის საგარეო პოლიტიკის ხასიათი

თუ კარგად დავაკვირდებით 2010 წელს საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს, აუცილებლად აღმოვაჩენთ მნიშვნელოვან მახასიათებელებს, რომლებიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ალბათ, პირველად გამოჩნდა. მხედველობაში მაქვს საგარეო სტრატეგიის განხორციელების პროცესში გამბედაობა, სითამამე და სილაღე. ამან საგარეო თამაშში ბუნებრივად მოიტანა მოქმედების ველის გაფართოება და დინამიური გახადა ჩვენი საერთაშორისო ჩართულობა. რუსეთის თავდასხმიდან და ქართული მიწების ოკუპაციიდან ორი წლის თავზე ჩვენი მოქმედება განპირობებული იყო, არა იმდენად ახალი აგრესიისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის შიშით – და აქედან ბუნებრივად გამომდინარე რეაქტიულობით – რამდენადაც ოპტიმისტური, ხალისიანი მიდგომით ჩვენი მომავლისადმი და საკუთარ შესაძლებლობებში პროაქტიული თავდაჯერებულობით. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ინგლისურენოვანი მასწავლებლების პროექტია, რომელსაც „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” ეწოდება. დღევანდელი მრავალცვლადიანი და დინამიური საერთაშორისო სისტემის თანმდევი სირთულეების გათვალისწინებამ მომწიფებული საგარეო პოლიტიკის გატარების საფუძველი შეგვიქმნა.

NATO: იდე ფიქსი თუ...

სუვერენულ და თანაბარუფლებიან საფუძველზე საქართველოს ჩართვა დასავლურ სისტემაში, რასაც დღეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ვუწოდებთ, სულაც არ არის ახალი კონცეფცია. იდეა ბუნებრივად წარმოიშვა და ასწლეულების განმავლობაში განვითარდა. ყველფერი საქართველოს წინაშე მდგარი ეგზისტენციალური საფრთხეებიდან, ჩვენი ერის მცირერიცხოვნობიდან გამომდინარე და ქრისტიანული სოლიდარობის იდეალისტური პრინციპების გათვალისწინებით მოხდა.

ადრეული შუა საუკუნეებიდან მოყოლებული გვიანი შუა საუკუნეების ჩათვლით ევროპისაკენ ლტოლვა ქართული სამეფოებისა და სამთავროების თვითგადარჩენის ერთ-ერთი ნიშანსვეტი იყო. მე-19 საუკუნის მე-2 ნახევარსა და მე-20 საუკუნის პირველ ათწლეულებში, ეროვნული გამოღვიძებისა და ნაციონალიზმის აღზევების ეპოქაში, ქართული პოლიტიკური ელიტა ძირითადად ევროპული განმანათლებლობის იდეებით საზრდოობდა. 1918 წელს პირველი ქართული რესპუბლიკაც ევროპული სახელმწიფოებრიობის საფუძველზე შეიქმნა. საბჭოთა ოკუპაციის პერიოდშიც კი არ გამქრალა საქართველოს ევროპული კუთვნილების იდეა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი მან ხელახალი ძალით იფეთქა.

ვარდების რევოლუციამ ევროატლანტიკისაკენ სწრაფვას თვისობრივად ახალი დინამიზმი შემატა. 2008 წელს საქართველო ლამის მართლაც გახდა NATO-ს წევრი. ყოველ შემთხვევაში, მოსკოვს იმდენად რეალისტურად მოეჩვენა საქართველოს გაქრობა თვითგამოცხადებული იმპერიის ორბიტიდან, რომ სამხედრო ინტერვენცია და ოკუპაცია საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის მოსპობის ერთადერთ საშუალებად მიიჩნია.

დღეს საქართველოს 20% რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა და ასეულათასობით ქართველ მოქალაქეს შინ დაბრუნების უფლება წართმეული აქვს. გვინდა თუ არ გვინდა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის საკითხი გადაჯაჭვულია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივასთან, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს სასარგებლოდ ჯადოსნური ჯაჭვის გამოყენება შეუძლებელია. პრინციპში, 2010 წელმა დაგვანახა, რომ საქართველოს საერთაშორისო ჩართულობის ზრდა მხოლოდ ხელს შეუწყობს რუსეთთან ტერიტორიული დავის მოგვარებას. მაგალითად, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, რუსეთის მხრიდან გაშმაგებული წინააღმდეგობის მიუხედავად, სექტემბერში ხელახლა მიიღო რეზოლუცია დევნილი ქართული მოსახლეობის დაბრუნების უფლებასთან დაკავშირებით. ნოემბერში NATO-ს სამიტის დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ ალიანსი ერთგულია 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ „საქართველო გახდება NATO-ს წევრი”. უფრო მეტიც, ალიანსის საპარლამენტო ასამბლეამ ნოემბერშივე, სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ დოკუმენტში მოაქცია „ოკუპირებული ტერიტორიები”, „ეთნიკური წმენდა” და „NATO-ს წევრობა”.

მოსკოვის გათვლა ასეთია: სანამ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში” რუსული ტანკებია, საქართველოს მოჭრილი აქვს NATO-ში გაწევრიანების გზა. 2010 წლის განმავლობაში თბილისის სტრატეგიული მიზანი იყო იმის დემონსტრირება, რომ რუსული ტანკები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს ვერ შეაჩერებს. ამდენად, თბილისი ორიენტირებული იყო დინამიური პროცესის განვითარებაზე და არა იმდენად საბოლოო შედეგზე. ეს მაშინ, როცა კრემლის ხაზი შედეგის თავიდან აცილებისათვის სამხედრო-პოლიტიკური, თანაც სტატიკური, სტატუს-კვოს გამოყენებას ითვალისწინებდა. იმან, რომ მოსკოვმა С-300 რაკეტები განალაგა – თუ მათი განლაგების ფაქტი აღიარა – აფხაზეთში, მის სტრატეგიულ ჩანაფიქრს დინამიზმი ვერ შემატა. თბილისში მთავრობის შეუცვლელად მოსკოვის საჭადრაკო პარტიას უბრალოდ მოგება არ უწერია და ბირთვული რაკეტებიც რომ განალაგოს აფხაზეთში, რასაც იმედია, აშშ და დასავლეთი არ დაუშვებენ, თვითაღიარებული იმპერიის ფარგლებში საქართველოს მოქცევა ფუჭი ოცნებაა.

საქმე ისაა, რომ საქართველოს გათვლა არაპირდაპირი მეთოდების ეფექტიან გამოყენებას ითვალისწინებს, რუსეთის პირდაპირი და ტლანქი პოლიტიკისაგან დამოუკიდებლად. ეს იმაშიც მდგომარეობს, რომ NATO საქართველოსათვის იდე ფიქსი აღარ არის მაშინ, როცა რუსეთისათვის იგი აკვიატებად რჩება და თანაც ეს აკვიატება კიდევ უფრო მძაფრდება. უფრო მეტიც, 2010-მა წელმა გვაჩვენა, რომ საქართველოსათვის აღარც რუსეთია აკვიატება, რადგანაც თბილისის პოლიტიკა შიშით აღარაა ნაკარნახევი.

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია მოგებული საფეხბურთო მატჩი კი არ არის, რომ მის აღსანიშნავად ერთ მშვენიერ დღეს ქუჩებში გამოვეფინოთ და ყიჟინა ავტეხოთ. იგი დინამიური პროცესია, რომელსაც დღევანდელი კვერცხის პრინციპით შრომა და თავდადება სჭირდება და მას თუკი რამ შეუშლის ხელს დღეს – ხვალინდელი ზეიმის მოლოდინია.

ჩვენი საგარეო პოლიტიკის დინამიკა

საქართველოს საგარეო სტრატეგია შინაგანი მოდერნიზაციის მიზანს ემსახურება და არა პირიქით. 2010 წლის განმავლობაში განხორციელებულმა სოციალურმა, ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა რეფორმებმა, ერთი მხრივ, წინა წლის კვეცა 6%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდით შეგვიცვალა – რაც 2008 წლის ომისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, ერთობ შთამბეჭდავი შედეგია. მეორე მხრივ კი, 2010 წლის გაზაფხულზე დისფუნქციური და რეაქციული ოპოზიციის მორიგი გამოფენა, თბილისის ქუჩებში ამავე წლის დეკემბერში უსაფრთხოების ღვედებმორგებული მძღოლებით ჩაგვინაცვლა.

ზედმეტია იმის მტკიცება, რომ მაისში ჩატარებულმა მუნიციპალურმა არჩევნებმა განსაკუთრებული სტიმული მოგვცა საგარეო პოლიტიკის უფრო დაბეჯითებით და დინჯად წარმართვასა და საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებაში. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისა და სხვა უცხოელი ლიდერების თბილისში ვიზიტი, ისევე როგორც საქართველოს პრეზიდენტისა და მაღალი თანამდებობის პირების უამრავი შეხვედრა საზღვარგარეთ, მნიშვნელოვანი აღმასვლა იყო 2009 წლის შედარებით მოკრძალებული საგარეო საქმიანობის ფონზე. დადებითი დინამიკა კიდევ უფრო დასაფასებელია, თუ გავითვალისწინებთ მთავრობის ცვლილებას უკრაინაში და საქართველოს დიდი მხარდამჭერის, პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ტრაგიკულ დაღუპვას ჯერაც იდუმალებით მოცულ ავიაკატასტროფაში.

საქართველომ პოლონეთისა და უკრაინის ახალ მთავრობებთან საერთო ენის გამონახვა მოახერხა. მათთან რეალური თანამშრომლობის თვალსაზრისით, როგორც პოლიტიკურ ასევე ეკონომიკურ ასპარეზზე უკუსვლა ან დაღმასვლა არ მომხდარა. უფრო მეტიც, 2004 წლიდან უკრაინასთან შეწყვილებულმა საქართველომ შეძლო დასავლელი პარტნიორების დარწმუნება იმაში, რომ აუცილებელი იყო საქართველოსა და უკრაინის დაშორიშორება ამ ქვეყნებისადმი NATO-ს აღქმაში, რაც გეოპოლიტიკურად ერთობ სარისკო საქმეს წარმოადგენდა. იმდენად მტკიცედ იყო საქართველო მიბმული უკრაინასთან (და არა პირიქით), კერძოდ, NATO-ს კონტექსტში, რომ ბევრს ეჯერა, რომ თბილისი გადაყვებოდა იანუკოვიჩის მთავრობის „NATO-ს – არა” პოლიტიკურ კურსს.

ბელარუსის ლიდერთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა და საქართველო-ბელარუსის ურთიერთობებში დათბობა ჩვენი საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთი მიღწევაა. კრემლის მოუქნელი, ხისტი და შიგადაშიგ მტრული პოლიტიკის შედეგად რუსეთისაგან განდგომილ ლუკაშენკოს საქართველოსთან თანამშრომლობა ისევე უნდა, როგორც თბილისს სჭირდება მოსკოვის ნომინალურად ყველაზე ახლო მოკავშირის მიმხრობა რუსეთის გავლენის სფეროების არაღიარების საკითხში. ის, რომ მოსკოვმა მინსკიც კი ვერ დაიყოლია აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის” საქმეში, ხელს უწყობს სტაგნაციური მდგომარეობის შენარჩუნებას პოსტსაბჭოთა მეზობლებთან რუსეთის ურთიერთობებში.

ირანთან ურთიერთობაში ოპტიმალური ფორმატის გამონახვა საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა. უვიზო რეჟიმის დამყარება და ტურისტულ სფეროში თანამშრომლობა ის მინიმალისტური მიდგომა აღმოჩნდა, რომელშიც გადაიკვეთა თეირანის საერთაშორისო „კონსტრუქტივიზმი” და თბილისის პრაგმატულობა ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პრევენციის საკითხში. აშშ-ის საზოგადოებრივი აზრის, განსაკუთრებით კი კონგრესის, მკვეთრად ანტიირანული პოზიციის გამო თბილისისათვის იოლი არ იყო თეირანთან ურთიერთობების დათბობის მიზეზების ახსნა, მაგრამ საქართველომ თავისი ირანული პოლიტიკის გახსნილობითა და ტრანსპარენტულობით მოახერხა ამერიკელების დარწმუნება იმაში, რომ კავკასიაში მათ უპირველეს პარტნიორს არაფერი სხვა არ ამოძრავებს გარდა იმისა, რაც ზედაპირზე ძევს.

2010 წლის განმავლობაში საქართველოს შიდა და გარე პოლიტიკას წითელ ზოლად გასდევდა კავკასიაში თანამშრომლობის პრიორიტეტულობა. ეთნიკური უმცირესობების წარმატებული ინტეგრაცია ქართულ სახელმწიფოში და იმ ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პროექტების განხორციელება, რომელთა მიზანიც ერთიანი ქართული სივრცის ფორმირებაა, მჭიდროდაა დაკავშირებული უშუალო მეზობლების მიერ საქართველოს აღქმასთან. თავის მხრივ, საქართველოს ურთიერთობის დინამიკა აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან და ჩრდილოკავკასიელებთან მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმას, თუ როგორ უყურებს საქართველოს უფრო შორეული საზღვარგარეთი.

90-დღიანი უვიზო რეჟიმის დაწესება ჩრდილოკავკასიელებისათვის მეტად დროული და გაბედული ნაბიჯი იყო. ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მოსკოვის სვლის საპასუხოდ – ლარსის გახსნას ვგულისხმობთ – მეტად ეფექტიანი პოლიტიკის მოფიქრება, რომელიც პოზიტიურ საწყისს დაეფუძნება და შემდგომი გაფართოების საწინდარს შექმნის. საუდის არაბეთში ჰაჯისათვის მიმავალმა ათასობით მუსლიმმა ჩრდილოკავკასიელმა მომლოცველმა გამოიყენა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის სიკეთე, რამაც ერთბაშად რამდენიმე ფრონტზე მოგვიტანა სარგებელი – გარეთაც და შიგნითაც.

ჩრდილოკავკასიელების შემოსვლა საგანმანათლებლო, ტურისტული და ბიზნეს-საქმიანობის მიზნით ხელს შეუწყობს საქართველოს დადებითი იმიჯის შექმნას ჩრდილოეთ კავკასიაში. მეორე მხრივ, რუსეთის ალტერნატივის ნახვა საქართველოში (ბევრმა ჩრდილოკავკასიელმა გაკვირვება გამოხატა ქართული პოლიციის პროფესიონალიზმის და ქრთამის მიუცემლად საზღვრის გადალახვის გამო) გაუმყარებს ჩრდილოკავკასიელებს იმის განცდას, რომ კავკასიაშიც შესაძლებელია ევროპული წესრიგისა და დემოკრატიის შერწყმა. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო ფორუმებზე სულ უფრო ხშირად გამოდის როგორც კავკასიის წარმომადგენელი, რისი ნათელი მაგალითებიც იყო მისი მოხსენებები კოპენჰაგენში კლიმატის ცვლილების საკითხებზე 2009 წელს და გაეროს გენერალურ ასამბლეასა და ევროპულ პარლამენტში 2010 წელს.

ევროკავშირთან ურთიერთობებში საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა იმ მდგომარეობისაკენ, რომელიც თანასწორუფლებიანი პარტნიორობის პრინციპებს დაეფუძნება და უზრუნველყოფს ისეთივე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო და ჰუმანიტარულ შესაძლებლობებს, როგორიც ნორვეგიასა და შვეიცარიას აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. სავიზო საკითხებთან დაკავშირებით მიღწეული შედეგი და სხვა უკვე ხელმოწერილი შეთანხმებები ამ მიმართულებით გადადგმული მოკრძალებული თუმცა იმედისმომცემი ნაბიჯებია.

2010 წელს საქართველომ მნიშვნელოვნად გააღრმავა ურთიერთოებები ჩინეთთან, რისი დადასტურებაც იყო პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის ვიზიტი და ასეულ მილიონობით ჩინური ინვესტიციის განხორციელების პირობა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. მსგავსი, მაგრამ უფრო მცირე მასშტაბის, ტენდენცია შეინიშნება ინდოეთთან ურთიერთობაშიც. ჩვენი საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკური კავშირ-ურთიერთობების დივერსიფიკაცია 2010 წლის მნიშვნელოვანი მიმართულება იყო, რაც გამოიხატა ახალი საელჩოების დაფუძნებით ცენტრალურ და ლათინურ ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში. საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის წევრები ეწვივნენ რამდენიმე ლათინურამერიკულ ქვეყანას. ლათინური ამერიკის ელჩებს მაღალი დონის შეხვედრები ჰქონდათ თბილისში საქართველოს ხელისუფლებასთან. გარდა იმისა, რომ კონტაქტების გაღრმავება ლათინურ ამერიკასთან, განსაკუთრებით ისეთ გავლენიან ქვეყნებთან, როგორებიცაა ბრაზილია, არგენტინა, მექსიკა და ჩილე, ხელს შეუწყობს გაეროში ჩვენთვის მომგებიანი პოზიციის განმტკიცებას, ეს ასევე დაგვეხმარება ინვესტიციების მოზიდვასა და ქართული პროდუქციის ექსპორტის ბაზრის გაფართოებაში.

კონსტრუქციული უნილატერალიზმის დოქტრინა

2010 წლის 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის 7 წლისთავზე, საქართველოს პრეზიდენტმა ევროპულ პარლამენტში გამოსვლისას გაახმოვანა სტრატეგია, რომლის ფილოსოფიაც ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს: მოსკოვთან ყოვლისმომცველი მოლაპარაკებებისათვის მზადყოფნას, ძალის არგამოყენებას რუსული ოკუპაციის დასამთავრებლად და საერთაშორისო ძალისხმევის გააქტიურებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. საქართველოს კონსტრუქციულ უნილატერალიზმს მყისვე მოჰყვა დადებითი გამოხმაურება გავლენიანი საერთაშორისო მოთამაშეების მხრიდან და იგი შეფასდა, როგორც თბილისის კეთილი ნება და მოსკოვის კონფრონტაციული ხაზის რეალისტური ალტერნატივა.

მართალია, დღესდღეობით საერთაშორისო არენაზე აქცენტი სააკაშვილის სტრატეგიის მხოლოდ ერთ პარამეტრზე – ძალის არგამოყენების ცალმხრივ ვალდებულებაზე – კეთდება, მაგრამ არის იმის ნიშნები, რომ დროთა განმავლობაში გაიზრდება დაინტერესება სტრატეგიის ორი დანარჩენი პარამეტრის მიმართაც.

კონსტრუქციული უნილატერალიზმი დროის მოგების შესაძლებლობას ქმნის, რაც მომავალში ჩვენი პრობლემების მოსაგვარებლად ევროპისა და მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის ჩართულობას – განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამშვიდობო და საპოლიციო მექანიზმების შექმნის თვალსაზრისით – შეუწყობს ხელს. 2010 წლის განმავლობაში ლიტვის, ჩეხეთისა და რუმინეთის პარლამენტების, აგრეთვე NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე მიღებული რეზოლუციები ხელსაყრელ ფონს უქმნის ახალი სტრატეგიული კონცეფციის განხორციელებას. ამას მხოლოდ დააჩქარებს შეერთებული შტატებისა და სხვა სახელმწიფოთა საკანონმდებლო ორგანოების მიერ ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის საკითხზე რეზოლუციების მიღება.

საქართველო და გადატვირთვის პოლიტიკა

2010 წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენდა ის, თუ როგორ და რა ფორმით უნდა გამხდარიყო საქართველო შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას გადატვირთვის პოლიტიკის ნაწილი. ერთი მხრივ, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების დალაგება, რა თქმა უნდა, თბილისის ინტერესს წარმოადგენს. მეორე მხრივ, სრულიად დაუშვებელია რაიმე დათმობა რუსეთის მიმართ გავლენის სფეროების საკითხში.

ჰილარი კლინტონის მიერ დაბეჯითებით იმის აღნიშვნამ, რომ სახეზეა რუსეთის მიერ საქართველოს მიწების ოკუპაცია და რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, თბილისში გადატვირთვის პოლიტიკისადმი მხარდაჭერა გაზარდა. აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში 2010 წლის განმავლობაში გამართულმა შეხვედრებმა და განსაკუთრებით ვაშინგტონში მოწყობილმა შემაჯამებელმა სხდომამ, დამაჯერებლობა შემატა თეთრი სახლის პრინციპულ პოზიციას საქართველოს საკითხში. ეჭვგარეშეა, რომ ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა NATO-ს სამიტის დროს ლისაბონში სააკაშვილ-ობამას შეხვედრას.

თითქმის ათასკაციანი სამხედრო კონტინგენტი ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, ჰელმანდის პროვინციაში, სერიოზული პროაქტიული ზომაა. ეს მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოების ხელშეწყობას გარედან შიგნით, არაპირდაპირი მეთოდით, რაც ამავდროულად ზრდის საქართველოს, როგორც საიმედო და პასუხისმგებლიანი პარტნიორის როლს შეერთებული შტატებისა და მისი NATO-ელი მოკავშირეების თვალში. თბილისის სურვილია, კიდევ უფრო გაფართოვდეს ავღანეთის მიმართულებით საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია აშშ-სა და NATO-სათვის ქართული პორტებისა და სახმელეთო მარშრუტების შეთავაზებით. ეს, შესაძლოა, მომავალში საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივი ცენტრების შექმნის საფუძველიც გახდეს.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) რუსეთის გაწევრიანების საკითხში აშშ-ის პოზიცია თბილისში სპეკულაციის თემა მანამ იყო, სანამ საერთაშორისო პრესაში არ გავრცელდა აშშ-ის მთავრობის „ანონიმურ” წყაროებზე დამყარებული ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი არ ჩაერევა მსო-ს საკითხზე მოსკოვსა და თბილისს შორის არსებულ დავაში. თეთრი სახლის აზრით, რუსეთმა პირდაპირი მოლაპარაკებები უნდა გამართოს თბილისთან თანხმობის მისაღებად. ამ ინფორმაციის „გაჟონვამდე” მოსკოვში, როგორც ჩანს, ფიქრობდნენ, რომ მსო-ში წევრობის თანხმობას ისინი ვაშინგტონში „ჩააწყობდნენ”.

დასკვნა

2010 წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი წინა წლებთან შედარებით მეტი კონცეპტუალური, ფილოსოფიური გააზრებით და შესაბამისი მიზანსწრაფულობით გამოირჩეოდა. ამასთან, გამოჩნდა კონტურები მიმართულებებისა, რომლებიც გათვლილია უფრო შორეული პერსპექტივისათვის და, ამდენად, მოწიფულობას, მოთმინებასა და გამბედაობას იმთავითვე ითვალისწინებს. კონსტრუქციული უნილატერალიზმი იქნება ეს, კავკასიური პოლიტიკა, საგარეო თემატიკის დივერსიფიკაცია თუ ინგლისურენოვანი მასწავლებლების პროექტი, დღეს თბილისში უფრო მეტად მომთხოვნი არიან საკუთარი პოლიტიკის მიმართ და უცხოელი პარტნიორების ნელ და მრავალსვლიან სტრატეგიულ გათვლებსაც უფრო მშვიდად და მოთმინებით ეკიდებიან. 2010-მა წელმა სერიოზული წანამძღვრები შექმნა კიდევ უფრო წარმატებული 2011 წლისათვის.
 
 

კომენტარები