პატრიარქმა აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობას შობა მიულოცა

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობასა და ამ რეგიონებიდან დევნილებს შობა-ახალი წელი ქართულ და რუსულ ენებზე მიულოცა.

"მინდა მამაშვილური სიყვარულით მივმართო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას. გულითადად გილოცავთ შობა-ახალ წელს,” განაცხადა ილია მეორემ. სპეციალურ ვიდეო მილოცვაში პატრიარქმა აფხაზეთის მიტროპოლიტად საკუთარი მოღვაწეობის 11 წელი გაიხსენა და იმედი გამოთქვა, რომ ის სიყვარული, რაც აფხაზებსა და ქართველებს შორის არსებობდა, კვლავ აღსდგება. მანვე აღნიშნა, რომ  სინოდის გადაწყვეტილებით, იგია მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, ანუ აფხაზეთში მცხოვრები  ქრისტიანების სულიერი წინამძღვარი. 

ცხინვალის მოსახლეობისადმი მიმართვაში პატრიარქმა გაიხსენა, რომ  მისმა ბავშობამ ვლადიკავკაზში გაიარა და რომ  მისი პირველი მოძღვარი ეროვნებით ოსი მღვდელი იყო. ”მე ვიცნობ ოსებს. ისინი ნიჭიერი და ერთგული ხალხია,” განაცხადა პატრიარქმა. მან აფხაზებსა და ოსებს სიყვარულისა და ერთობისკენ  მოუწოდა. ”გლობალიზაციის ხანაში ჩვენი გადარჩენის  შანსი ჩვენს ერთობაშია,” აღნიშნა პატრიარქმა.

ილია მეორემ აფხაზებსა და ოსებს საქართველოში ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, შობის ღამეს ფანჯრებთან სანთლის დანთებისკენ მოუწოდა. ”ეს უკვე ტრადიციაა საქართველოში და ვფიქრობ, ხვალ საღამოს ავანთებთ სანთელს ჩვენი ღრმა რწმენისა და იესო ქრისტეს მიმართ სიყვარულის ნიშნად,” ბრძანა უწმინდესმა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ქრისტიანებს შობის დღესასწაული განსაკუთრებულად, სპეციალური ვიდეო მიმართვით მიულოცა. 

კომენტარები