სახელმწიფო, სკოლები, საზოგადოება – 2010 წელი

 

ზოგადი განათლების სისტემაში 2010 წელი სიახლეებით დატვირთული იყო. შეიცვალა ხედვა, შინაარსი და მართვის მიდგომები. გაჩნდა ახალი ცოდნა და ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩამოყალიბდა საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი ფორმები. ძირითადი ცვლილებების უმეტესობას მრავალი წელი დასჭირდება, რომ სისტემური შედეგი გვაჩვენოს. თუმცა დღესვე შესაძლებელია ითქვას, რომ ცვლილებების ნაწილს სავარაუდოდ დადებითი ეფექტი მეტი ექნება, ვიდრე უარყოფითი. ნაწილს კი, განსაკუთრებით იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აშკარად სიჩქარეში და სათანადო გათვლებისა და შესწავლის გარეშეა მიღებული, გრძელვადიან პერსპექტივაში ან საერთოდ არანაირი პირდაპირი დადებითი ეფექტი არ ექნება, ან სისტემის გაუარესებას გამოიწვევს. შევეცდები მიმოვიხილო ყველა ძირითადი ცვლილება და მოკლედ შევაფასო ისინი.
 

ინფრასტრუქტურა

მასშტაბური სიახლე მოსწავლეებისთვის ნეტბუკების დარიგების დაწყებაა. თავდაპირველად გამოაცხადდა, რომ წელს ყველა პირველკლასელს დაურიგდებოდა პორტატული კომპიუტერი, სადაც ჩატვირთული იქნებოდა სახელმძღვანელოები და სასწავლო პროგრამები. მიზნებად დასახელდა სწავლის ხარისხის ამაღლება, ქვეყნის ინოვაციური პოტენციალის გაძლიერება და ოჯახებისთვის ახალი სოციალური შესაძლებლობების გაჩენა ინტერნეტში ჩართვის გზით. გადაწყვეტილება შეიცვალა და პილოტირება მხოლოდ რამდენიმე ქალაქის სკოლაში დაიწყო. სავარაუდო პრობლემები დანერგვისას მასწავლებლების და მასალების მომზადების დაბალ ხარისხში უნდა ვეძებოთ.

გაუქმდა პროგრამა, რომლის მიხედვითაც ყველა პირველკლასელი ჩანთასა და წიგნებს იღებდა პრეზიდენტისგან საჩუქრად. სამაგიეროდ, სოციალურად დაუცველებს ყველა კლასში დაურიგდათ უფასოდ წიგნები. თუმცა ეს მენეჯმენტის საკმაოდ მოძველებული გზით განხორციელდა. სამინისტრომ ცენტრალიზებულად შეისყიდა წიგნები, დაახარისხა და შემდეგ სკოლებს დაავალა მათი წაღება. შედეგად, მომხმარებელს არ ჰქონდა შეფერხებებზე რეაგირების ადეკვატური ბერკეტი და დაიკარგა შესაძლებლობა, რომ სახელმწიფოს საქართველოში სახელმძღვანელოების დისტრიბუციის ქსელის განვითარების ხელშესაწყობად კიდევ ერთი ნაბიჯი გადაედგა.

დასრულდა მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში წინა წლებში დაპროექტებული სკოლების მშენებლობა. სკოლები თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშებს წარმოადგენს და გათვლილია სწავლების ახლებურ ფორმებსა და შინაარსზე.

 ქალაქებში ცენტრალიზებული გზით სკოლის ბუფეტების ორგანიზება დაიწყო. თბილისში ბუფეტების მართვა გადაეცა კონკრეტულ ორგანიზაციებს, რომლებიც ვალდებული არიან უნაღდო ანგარიშსწორების საფუძველზე ივაჭრონ. პლასტიკური ბარათების შემოღება სასარგებლოა იქ, სადაც არსებობს ფულის გამოძალვის საშიშროება. მეორე მხრივ, სკოლის მართვისგან ბუფეტის მართვის გამოცალკევება ხელოვნურ და თავსმოხვეულ ტერიტორიულ დაყოფას ქმნის დაწესებულებაში.

გამოცხადდა, რომ დაიწყო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების აღჭურვის პროგრამა „აინშტაინი”.  საქართველოს მასშტაბით, 100 ლაბორატორია უკვე ორი წელია, რაც განათლების რესურსცენტრებში ინახება და ნებისმიერ სკოლას შეუძლია მათი დროებით გატანა. „აინშტაინის” დაწყებისთვის რესურსცენტრებისთვის განკუთვნილი ლაბორატორიები თბილისის კონკრეტულ სკოლებს გადაეცა, ხოლო ახლის შესყიდვა ჯერ რეალურად არც დაწყებულა.

სიახლე იყო ე.წ. „ალუმნაიას” პროექტი. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სხვებს მაგალითი აჩვენა და საკუთარი შემოსავლებით გაარემონტა ის საკლასო ოთახი, სადაც ბავშვობა გაატარა და რომლის გარემონტებისთვისაც ბიუჯეტში ფული ჩადებულია არა მინისტრის ხელფასის, არამედ სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილში. შემდეგ საჯარო მოხელეებსა და სახელმწიფოსგან ნახევრად დამოუკიდებელი სააგენტოების თანამშრომლებს ავტომატურად ჩამოეჭრათ ხელფასები სკოლებისთვის იძულებითი შესაწირის ფორმით. გრძელვადიანი თანამშრომლობის ფორმები სკოლებისთვის არ უსწავლებიათ. არც შემომწირველთა აღიარება მომხდარა იმგვარად, რომ ადამიანებს მომავალში ნებით მეცენატობის სურვილი გაუღვივონ.

სწავლა და სწავლება

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ძირითადი ცვლილებების ძირითადი ტენდენციაა მეტი რეგლამენტირება და ნაკლები შემოქმედებითობა. დაწესდა სასწავლო წლის დაწყების, დამთავრებისა და არდადეგების ერთიანი სტანდარტული თარიღები, მიუხედავად სკოლების კლიმატური თუ სამეურნეო პრობლემებისა. წლის ხანგრძლივობა, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ხანმოკლე იყო, რამდენიმე კვირით შემცირდა. გაიზარდა ზამთრის არდადეგები. წელი დაუბრუნდა სემესტრულ დაყოფას და გაუქმდა ტრიმესტრები. კლასებში მოსწავლეების დასაშვები მაქსიმალური რაოდენობა 30-დან 35-მდე გაიზარდა.

გაუქმდა სკოლების თავისუფლება, აირჩიონ საგნის ფარგლებში შეფასების კომპონენტები. ყველა საგანში, ყველა კლასში დაწესდა სტანდარტული წონის მქონე სამი კომპონენტი: საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი დავალებები. ამავდროულად, თითოეული საგნის სასწავლო გეგმაში ჩაიწერა მასწავლებლებისთვის შემაჯამებელი დავალებების მინიმალური რაოდენობა. ამასთან, სტანდარტის ნაწილში, რომელიც სარეკომენდაციო პროგრამის შინაარსს წარმოადგენდა, გაჩნდა ე.წ. სავალდებულო პროგრამის ბირთვი.

თავისთავად საგნობრივი სტანდარტების, როგორც სავალდებულო მინიმუმის პრინციპის საწინააღმდეგოდ შემოვიდა შეზღუდვა საგნების გაძლიერებულ სწავლებასთან დაკავშირებით. ახალი პრინციპის თანახმად, თუ სკოლას რომელიმე საგნის გაძლიერებულად სწავლება სურს, ეს ცვლილება სამინისტროს უნდა შეუთანხმოს. ამის პარალელურად მინისტრმა „დაუბრუნა” ფიზიკა-მათემატიკური სკოლების სტატუსი იმ სკოლებს, რომლებიც ისედაც გაძლიერებულად ასწავლიდნენ ამ მიმართულებით. ამ დაბრუნებით, რეალურად შეიზღუდა ყველა დანარჩენი სკოლის უფლება, რომ მათაც გააძლიერონ სასწავლო პროცესი რაიმე მიმართულებით და საკუთარი თავი საგანმანათლებლო ბაზარზე უფრო მეტად კონკურენტული გახადონ.

გაჩნდა ახალი სავალდებულო საგნები: სამხედრო პატრიოტული აღზრდა, მსოფლიო კულტურა და ცეკვა. გამოცხადდა, რომ ფიზიკური აღზრდის გაკვეთილების ნაცვლად სკოლებში სპორტის გაკვეთილები ჩატარდება. სატელევიზიო რეკლამა გვამცნობს, რომ მოსწავლეები რამდენიმე ათეული სახეობიდან მათთვის სასურველს ირჩევენ. რეალურად კი სკოლების დიდ ნაწილს ამის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობა არ აქვს.

გამოცხადდა იმის შესახებ, რომ სკოლის დამამთავრებელ კლასებს ჩაუტარდებათ 2011 წლის გაზაფხულზე საატესტატო გამოსაშვები გამოცდები ცენტრალიზებული ფორმით. გამოცდები რვა საგანში ჩატარდება, კომპიუტერების მეშვეობით. საგამოცდო პროგრამები გამოქვეყნებულია, საგამოცდო საკითხები კი – ჯერ არა. გამოცდებისთვის მოსამზადებლად მეთორმეტე კლასში გამოიყო ე.წ. „აბიტურის” საათები. ამავდროულად, გამოცდების შემოღებისას გამოცხადდა, რომ გამოცდების რაოდენობა შეუძლებელს გახდის იმას, რომ მოსწავლე რეპეტიტორთან მოემზადოს.

ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური იდეა, რაც წელს გამოცხადდა, ისაა, რომ სახელმწიფო აპირებს სახელმძღვანელოების გამოცემის, დისტრიბუციისა და, ასევე, შეფასების პროცესში უფრო მეტად ჩარევას. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო ახალ სისტემაში სახელმძღვანელოების თანამესაკუთრე გახდება, რაც საშუალებას მისცემს ნებისმიერ მსურველს, გარკვეული გადასახადის გაღების საფუძველზე, ბეჭდავდეს ნებისმიერ გრიფირებულ სახელმძღვანელოს. მინისტრის აზრით, ეს გააიაფებს სახელმძღვანელოს, კონკურენციის ზრდის გზით. გამომცემლობებისგან ჯერ მხოლოდ კრიტიკული მოსაზრებები ისმის ამის თაობაზე. სისტემის დანერგვის შემთხვევაში, სავარაუდოდ, გრძელვადიან პერსპექტივაში მივიღებთ ხარისხის გაუარესების ხარჯზე მოკლევადიან ილუზორულ დადებით ეფექტს.

 მასწავლებლები

სისტემისთვის გრძელვადიანი პერსპექტივით მნიშვნელოვანია მასწავლებლების სერტიფიცირების სისტემის ამუშავება. წელს პირველად ჩატარდა გამოცდები ქართულის, მათემატიკისა და უცხო ენის მასწავლებლებისთვის. სერტიფიკატი პროცესში მონაწილე მასწავლებლების მხოლოდ 18%-მა მიიღო. მასწავლებლებში გაიზარდა მოტივაცია, რომ კვალიფიკაცია აიმაღლონ ტრენინგების გზით. სკოლის დირექციისთვის გაჩნდა ახალი ორიენტირი თუ რას შეიძლება ეფუძნებოდეს მასწავლებლის დაქირავების ან წახალისების სისტემა.

მასწავლებლების პროფესიული განვითარების სისტემისთვის პრობლემურია სამინისტროს გადაწყვეტილება, რომ გახსნას სახელმწიფო სატრენინგო ცენტრები: ე.წ. მასწავლებლის სახლები. ამით შესაძლოა ხელი შეეშალოს ბაზარზე არსებულ ახლადგაჩენილ კონკურენციას ამ მიმართულებით.

მნიშვნელოვანი პროექტია ქვეყნის მასშტაბით 1000 ინგლისურენოვანი მასწავლებლის ჩამოყვანა. სავარაუდოა, რომ რაიმე გრძელვადიან ეფექტს ეს მასწავლებლები სისტემის გაუმჯობესებისთვის არ მოიტანენ. კონკრეტულ მოსწავლეებზე კი, შესაძლოა, ამ პროექტმა დადებითად იმოქმედოს.

მართვა

2010 წელს შეიცვალა მართვის მიმართ მიდგომები. მკვლევრებისთვის, ჟურნალისტებისთვის ან საზოგადოების სხვა წევრებისთვის ცენტრალური ბიუროკრატიის ნებართვის გარეშე სისტემის რომელიმე რგოლიდან ინფორმაციის მიღება შეუძლებელი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ამგვარ უფლებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ აძლევს, მინისტრმა ღიად დაადასტურა თავის სატელევიზიო გამოსვლაში ამ შეზღუდვის არსებობა.

ნიშანდობლივია, რომ წელს სამინისტროს სააგენტოებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა დაასრულეს, მაგრამ არც ერთის ანგარიში არ გამოქვეყნებულა. სასწავლო გეგმებისა და შეფასების ეროვნულმა ცენტრმა დაასრულა კვლევა მე-9 კლასელებში ქართული ენის ფლობასთან დაკავშირებით. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა კი – მათემატიკის მასწავლებლების მომზადების შესახებ. არც ერთის დეტალური ანგარიში არ გამოქვეყნებულა და ინფორმაციის წყაროს მხოლოდ პრეზენტაციის მასალა წარმოადგენს. სამინისტროს ასევე არ გამოუქვეყნებია კვლევის ანგარიში, რომელიც თითქოს მანდატურების სისტემის ეფექტიანობას მიეძღვნა.

სამინისტრო სკოლებს, როგორც საკუთარ სტრუქტურულ ერთეულებს, ისე ექცევა. მინისტრის წლევანდელი განცხადებით, სასურველია, რომ დირექტორები არ იყვნენ არჩეულები და ინიშნებოდნენ მის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილება საკანონმდებლო დონეზე არ განხორციელებულა, როგორც მისი მოქმედებიდან ჩანს, მინისტრი სწორედ ამ მოსაზრებას ეყრდნობა, როდესაც დირექტორებს ათავისუფლებს და მოვალეობის შემსრულებლებს ნიშნავს სკოლებში. ამის არაერთი შემთხვევა იყო წლის განმავლობაში. თავდაპირველად მიზეზი სკოლის დირექტორების მასობრივი მოხსნის მცდელობისა, უკავშირდებოდა პროფესიული კავშირების თემას. სამინისტროს ზეპირი მითითებით, სკოლის დირექტორებს აეკრძალათ მასწავლებლების საწევროების გადარიცხვა, პროფესიული კავშირებისთვის გარკვეული პროცედურების შესრულების გარეშე.

შემდგომი მასობრივი გათავისუფლება კი მოჰყვა სკოლის მოსწავლეების მონაწილეობას საატესტატო გამოცდების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაში. მინისტრმა ჯერ უარყო თავისი მონაწილეობა ამ პროცესში, მაგრამ ამავდროულად რამდენიმე კვირის შემდეგ თავად უხსნიდა ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს, რომ სწორედ მან მოხსნა მათი დირექტორი მართვის არასათანადო ხარისხის გამო.

სკოლების ავტონომიის შეზღუდვა განხორციელდა უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში შემუშავებული ე.წ. მანდატურების სისტემის შემოღებით. სკოლებში სამინისტრომ საკუთარი თანამშრომლები მიავლინა, რომლებიც არ ემორჩილებიან სკოლის მიერ არჩეულ თვითმმართველობას და რომლებიც შემდგომში, ზოგ შემთხვევაში თავად იკავებენ სამინისტროს მიერ გათავისუფლებული დირექტორის ადგილს.

ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ წელს შემუშავდა სკოლის დირექტორების პროფესიული სტანდარტი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს შემდგომში მათი შერჩევა, კარიერული წინსვლისა და მომზადების სისტემის შემუშავება.

წლის დასაწყისში გამოცხადდა სკოლების ე.წ. ბრენდირების, ანუ რეიტინგების სისტემის 2010 წლის შემოდგომაზე ჩატარების თაობაზე. სისტემის მიზანი უნდა ყოფილიყო სკოლებს შორის შეჯიბრის გაჩენა და მათი წახალისება და დასჯა. ჯერ ამ სისტემის ამუშავების ნიშნები საბედნიეროდ არ ჩანს, რადგან მრავალი თვალსაზრისით, შესაძლოა, პრობლემები უფრო მეტი მოიტანოს, ვიდრე დადებითი რამ.

სამინისტროს ძირითადი მიდგომა კი ძველი და ნაცნობია: სკოლას საზოგადოება ვერ უვლის, ამიტომ მას სახელმწიფო მიხედავს იმისთვის, რომ საზოგადოება უკეთესი გახდეს.

 

კომენტარები