ტარიფების მატების ანატომია

 დეკემბერში წყალზე და ტრანსპორტზე ფასებმა მოიმატა. წყალი, 75 თეთრით – 2.40 ლარიდან 3.15 ლარამდე. ტრანსპორტი, 10 თეთრით – 40 თეთრიდან 50 თეთრამდე. 2011 წლის თბილისის ბიუჯეტში თითქმის ორჯერ, 14.8 მილიონი ლარით მცირდება ტრანსპორტის სუბსიდირება, ხოლოკომუნალურ და საკომუნიკაციო ხარჯებზე მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯება. 


თბილისის მერია ამბობს, რომ სუბსიდიების შემცირება, ერთი მხრივ, აგვისტოს ომისა და გლობალური ფინანსური კრიზისის რეცესიიდან ბოლომდე გამოსასვლელად, სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული ქამრების მოჭერის პოლიტიკის ნაწილია. მეორე მხრივ კი – თბილისელებისთვის სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. თუმცა ამ მიზნების მიღწევას სუბსიდიების სისტემის ძირეული ცვლილება სჭირდება.
 
სუბსიდიები პოლიტიკურად მგრძნობიარე თემაა. სუბსიდიის შემთხვევაში, მომხმარებელს უჩნდება განცდა, რომ სერვისი იაფია, რადგან საფასურის ნაწილს მას სახელმწიფო უფარავს. მეორე მხრივ, სერვისის მიმწოდებელ კომპანიასაც უჩნდება განცდა, რომ მისთვის ფასი იზრდება, რადგან ის იღებს თანხას როგორც მომხმარებლისგან, ისე სახელმწიფოსგანაც. ყველა კმაყოფილია. მაგრამ შეგვიძლია თუ არა დავასკვნათ, რომ სუბსიდია ეკონომიკისთვის კარგია? არა.
 
ეს მაშინვე ცხადი ხდება, როგორც კი გაგვახსენდება, რომ ბიუჯეტს განსაზღვრული რაოდენობის ფული აქვს, რომელიც ყველაფერს ვერ გასწვდება. მეორე მხრივ, დაბალი ფასი სერვისზე მოთხოვნას ზრდის. ამ გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ბიუჯეტს მეტი ხარჯის გაწევა მოუწევს. რაც იმას ნიშნავს, რომ ფული სხვა სფეროებს უნდა მოაკლდეს. 
 
თბილისში სულ რეგისტრირებულია 103 ათასი გაჭირვებული ადამიანი, რომელიც თბილისის მერიისგან სუბსიდიას იღებს როგორც ტრანსპორტზე, ისე წყალზე.
 
გაჭირვებულ ადამიანებს მერია წყლის ტარიფის ნახევარს უფარავს. თითოეულ მათგანს გადასახადი 37 თეთრით გაეზრდება და 1.57 ლარს გადაიხდის. თუმცა შეღავათები არა მხოლოდ მათზე ვრცელდება. თბილისის მერის ინიციატივით, მათი სუბსიდირებაც მოხდება, ვისაც წყალი გრაფიკით მიეწოდებათ. ისინი წყლის საფასურს ისევ ძველი ტარიფით – 2.40 ლარს გადაიხდიან. ანუ მერია მათ სუბსიდირებას – 75 თეთრით – სოციალურად დაუცველ ადამიანებთან შედარებით, ორჯერ მეტს მოახმარს. ამ ინიციატივის მთავარი მიზანია, წყლის მიმწოდებელი კომპანიების სტიმულირება, რომ 2012 წლის ბოლომდე თბილისის ყველა უბანში მოაგვარონ წყლის უწყვეტ რეჟიმში მიწოდების პრობლემა. გამოდის, რომ ამ შემთხვევაშიც, გაჭირვებული ადამიანი იხდის მეტს იმისთვის, რომ სერვისი სხვებისთვის, მათ შორის, მასზე შეძლებული ადამიანებისთვის გაუმჯობესდეს.
სუბსიდირებული სისტემის არასამართლიანობა კიდევ უფრო თვალსაჩინოა ტრანსპორტის შემთხვევაში. 
 
თბილისის მერიისგან პირდაპირ დახმარებას ტრანსპორტზე გაჭირვებული 103 ათასი ადამიანის გარდა, კიდევ 497 ათასი ანუ სულ 600 ათასი ადამიანი იღებს. ეს ქალაქის მოსახლეობის თითქმის ნახევარია. გაჭირვებული ადამიანების წილი მთელ ამ სუბსიდიაში 17.5%-ია. მათ ტარიფის გაძვირება საერთოდ არ ეხება: ტარიფის ზრდასთან ერთად, იზრდება სუბსიდიაც. ამიტომ ნაწილი ისევ არაფერს გადაიხდის, ნაწილისთვის კი მაქსიმალური ტარიფი ისევ 20 თეთრი იქნება. 
 
ქალაქის მოსახლეობის 44% ელექტრონულ სამგზავრო ბარათს იყენებს. ელექტრონული სამგზავრო ბარათები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არის პოპულარული. მაგალითად, ლონდონში სისტემა ბევრად მოსახერხებელია. მომხმარებელს აქვს არჩევანი, ისარგებლოს მუდმივი ბარათით, სეზონურით, თუ უფრო მოკლევადიანით, თუნდაც, მხოლოდ ერთი დღით. ბარათი ვრცელდება ყველა ტიპის ტრანსპორტზე და ისევე, როგორც საქართველოში, ითვალისწინებს ფასდაკლების სისტემას. 
 
საქართველოში ბარათით გადახდის შემთხვევაში, მგზავრი პირველ მგზავრობაზე იხდის გაზრდილი ტარიფით – 50 თეთრს, თუმცა მეორე და მესამე მგზავრობაზე – შესაბამისად, 30 და 20 თეთრს. თუ ჩავთვლით, რომ რეგულარული მგზავრი, როგორც წესი, მინიმუმ ორჯერ მაინც იმგზავრებს, მას ერთი მგზავრობა 5 თეთრით უძვირდება. 
 
თბილისის მოსახლეობის 6% საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარეგულარული მგზავრია. ის არ იყენებს ელექტრონულ სამგზავრო ბარათს და იხდის ხურდით. მისთვის ყოველი მგზავრობა 10 თეთრით ძვირდება. 
 
ქალაქის სატრანსპორტო სამსახურის უფროსის, აკაკი ჯოხაძის განმარტებით, 2010 წელს საშუალო ხარჯი 70 თეთრია. გამოდის, რომ რეალურ ტარიფს არავინ იხდის: თბილისის მერია მინიმუმ 20 თეთრით განურჩევლად ყველას სუბსიდირებას ახდენს. შესაბამისად, გაჭირვებული ადამიანის დახმარების წილიც ნახევრდება. ანუ გამოდის, რომ 2011 წლის თბილისის ბიუჯეტის მთავარი მიზნის – გაუმჯობესებული სერვისის რეალურად შესასრულებლად, უფრო მეტს იხდის სოციალურად დაუცველი და სხვა მიზნობრივი ჯგუფი, ვიდრე შეძლებული. 
 
აქედანაც ჩანს, რომ სუბსიდირებული სისტემა თავშივე კორუმპირებულია: მას ყველა ის ნაკლი აქვს, რაც ზოგადად გადანაწილების პროცესს ახასიათებს, მათ შორის, ბიუროკრატია, სუბიექტურობა, შერჩევითობა. ამასთან, არც სოციალურად ეფექტიანია. არასამართლიანია. ვიღაც მეტ შეღავათს იღებს, ვიღაც – ნაკლებს. შეღავათს იღებს ის, ვინც გადახდისუნარიანია და მისი წვლილი ეკონომიკაში იკარგება. შესაბამისად, ღარიბი ადამიანი იმისთვის იბეგრება, რომ შეძლებულისთვის სერვისი გაუმჯობესდეს. ზოგს კი, შეღავათი საერთოდ არ ერგება.
 
შეღავათების სისტემა საბჭოთა პერიოდში გაჩნდა. ასეთი სისტემა, როგორც წესი, სახელმწიფოს მიერ რეგულირებული ეკონომიკისთვისაა დამახასიათებელი. 
 
თავიდან შეღავათები მიზნად ისახავდა კონკრეტული (შედარებით არამრავალრიცხოვანი) კატეგორიის მოქალაქეების წახალისებას – მათი, „ვისაც ქვეყნის წინაშე მნიშვნელოვანი დამსახურებები ჰქონდათ”. 1980-90-იან წლებში შეღავათების რიცხვმა საგრძნობლად იმატა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, უახლესი, 2010 წლის ნოემბრის მონაცემებით, დამსახურების მიხედვით, თბილისში სუბსიდიას 26 ათასი ადამიანი იღებს. საქართველოს რეგიონებთან შედარებით, ეს რიცხვი საშუალოდ 6.5-ჯერ მეტია. 
 
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციითვე, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია 1.8 მილიონი ადამიანი. მათგან თბილისში საარსებო შემწეობას იღებს რეგისტრირებულთა 14.5%. მთელი გურიის რეგიონში – 22.7%, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 45.1%, კახეთში – 24.9%, იმერეთში – 25.8%, მცხეთა-მთიანეთში – 30%, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 20.6%, სამცხე-ჯავახეთში – 12.1%, ქვემო ქართლში – 15.8%, შიდა ქართლში – 26.7%, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში – 18.6%, ზემო აფხაზეთში – 39.3%.
ამავე პერიოდში საარსებო შემწეობის სახით, თბილისში დარეგისტრირებულმა სოციალურად დაუცველმა მოსახლეობამ 1.1 მილიონი ლარი მიიღო. მთელი გურიის რაიონის ღარიბ მოსახლეობაზე გაცემულმა საშეღავათო თანხამ შეადგინა 516 ათასი ლარი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 475 ათასი, კახეთში – 1.5 მილიონი, იმერეთში – 2.5 მილიონი, მცხეთა-მთიანეთში – 475 ათასი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1.2 მილიონი, სამცხე-ჯავახეთში – 343 ათასი, ქვემო ქართლში – 877 ათასი, შიდა ქართლში – 1.3 მილიონი, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში – 985 ათასი, ზემო აფხაზეთში კი – 9 ათასი ლარი.
 
მონაცემები იმის შესახებ, თუ რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რამდენი პროცენტი იღებს სუბსიდიას წყალსა და ტრანსპორტზე რეგიონებში, არც სოციალური მომსახურების სააგენტოს და არც საქსტატს არ აქვს.
 
სისტემა გაცილებით ეფექტიანი იქნება თუ არ იარსებებს დაყოფა შეღავათებს შორის. არამედ, ერთიანად დაითვლება, რა უჯდებათ ამ ადამიანებს ყველა ის სერვისი და პროდუქტი, რაზეც შეღავათი არსებობს, მოიხსნება ცალკეული შეღავათები და ჩანაცვლდება ერთიანად დათვლილი თანხით. ანუ ყველა ღარიბი ადამიანი პირდაპირ მიიღებს ერთიან ფულს სახელმწიფოსგან და შემდეგ, თავად გადაწყვეტს, რაში და როგორ დახარჯავს მას. 
რეფორმირების პროცესი შეიძლება სწორედ თბილისიდან დაიწყოს. მით უმეტეს, რომ თბილისის მერიას მთავარი საქმე – სოციალურად დაუცველი ადამიანების აღრიცხვა – უკვე შესრულებული აქვს. ამისთვის, 2008 წლის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარი დაიხარჯა. გასაცემი თანხის ოდენობის დადგენა კი მას შემდეგ, რაც შეღავათების მიმღებთა სტრუქტურა და ბიუჯეტში ამ მიზნით გათვლილი პროგნოზირებული თანხა ცნობილია, პრობლემას აღარ წარმოადგენს.
 
წინააღმდეგ შემთხვევაში შეღავათები, წახალისების სისტემიდან მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის სისტემად სულ უფრო მეტად დაიმკვიდრებს თავს. შეღავათების სისტემის პირველად გაჩენიდან მოყოლებული, სახელმწიფო ყოველთვის სულ უფრო აქტიურად ცდილობდა შეღავათების გაცემით გაენეიტრალებინა ინფლაციისა და დეფიციტის დარტყმა მოსახლეობაზე და ამით დროში გაეჭიმა სოციალური უკმაყოფილება.
ტრანსპორტზე და წყალზე ტარიფების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი, პირდაპირ თუ ირიბად, ინფლაციაცაა.
 
დღეს ერთი კუბური მეტრი წყალი 13 თეთრი ღირს. წყლით მომსახურებაზე დაწესებული ტარიფი ფარავს წყლის ხარისხთან,  მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევასა და სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო, პროფილაქტიკურ და გადაუდებელ სამუშაოთა ჩატარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. რადგან მოხმარებული წყლის რაოდენობის დათვლისთვის ინდივიდუალური მრიცხველების სისტემა არ არსებობს, რთულია იმის გარკვევა, კონკრეტულად ვინ რამდენს ხარჯავს. გადახდის დღევანდელი სისტემა ადმინისტრირებასაც ართულებს – ბინაში, სადაც ერთი ადამიანია ჩაწერილი, შეიძლება ბევრად მეტი ცხოვრობდეს, თუმცა გადასახადს მაინც ერთ სულზე გადაიხდის. 
 
მრიცხველების არარსებობა წყლის დანაკარგებსაც ზრდის. როცა მომხმარებელმა იცის, რომ მის მიერ მოხმარებული წყალი არ აღირიცხება, იმაზე ხელგაშლილად ხარჯავს წყალს, ვიდრე ეს მას რეალურად სჭირდება. თბილისში ერთი ადამიანი დღე-ღამეში საშუალოდ 800 ლიტრ წყალს მოიხმარს. ლონდონში ეს მაჩვენებელი თითქმის 6-ჯერ ნაკლები – 136 ლიტრია, პარიზში 5-ჯერ ნაკლები – 159 ლიტრი, მოსკოვში 2-ჯერ ნაკლები – 400 ლიტრი.
წყალზე ტარიფის გაძვირების მოტივაცია, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის  გენერალურმა დირექტორმა იორგ მათისმა, წყალმომარაგებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დახარჯული მსხვილი ინვესტიციების ამოღების აუცილებლობით ახსნა. ამ ლოგიკით კომპანიამ ტარიფის გაზრდა სულზე 6 ლარამდე მოითხოვა. თუმცა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) გაითვალისწინა მხოლოდ მინიმალური ხარჯები და მოთხოვნილი თანხა გაანახევრა. 
 
წყალზე ტარიფის გაზრდის უფლება კომპანიას კონტრაქტითაც ჰქონდა. „როდესაც სახელმწიფო აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, იმ ქვეყანაში ინვესტორი აღარ შემოვა არასდროს, – ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, – აბსოლუტურად ყველა ვალდებულებას, რომელიც აღებული გვაქვს, როგორც ვალდებულება ნებისმიერი კერძო ინვესტორის, ნებისმიერი კერძო კომპანიის წინაშე, ჩვენ ყოველთვის შევასრულებთ”.
 
თუმცა წყლის ტარიფის კორექტირებას დამოუკიდებელი საფუძველი – წყლის ტარიფის ინფლაციის დონეც ჰქონდა: სემეკის დადგენილება #18-ის მიხედვით, სასმელი წყლის ტარიფის კორექტირების საფუძველი შეიძლება გახდეს საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის ცვლილება, ტარიფების ცვლილება ელექტროენერგიაზე და სახელმწიფოს მიერ წყალმომარაგებაზე არსებულ მოსაკრებელზე და ქვეყანაში მიმდინარე ინფლაციური პროცესები. ამასთან, უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ოფიციალური მონაცემებით, ინფლაცია 10%-თან ახლოს და უფრო მეტი უნდა იყოს. 
 
ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლის ბოლოსთვის ინფლაციის მაჩვენებელი 10.6%-მდე გაიზრდება. მიმდინარე წლის ოქტომბერში ინფლაციამ 9.6%-ს მიაღწია. ნოემბრის მონაცემებით – 10.5%-ს. საქსტატის განმარტებით, ინფლაციის ზრდაში წვლილი შეიტანა ინფლაციაში მონაწილე ტრანსპორტის ჯგუფმაც. 2010 წლის ნოემბერში 2008 წლის ნოემბერთან შედარებით, ფასები 4%-ით, ხოლო 2009 წლის ნოემბერში – 9.7%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში წყალზე ფასები უცვლელი რჩებოდა. ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელი 10.5%-იან ნიშნულზე 2008 წლის სექტემბერში იყო – რუსეთთან 5-დღიანი ომის შემდეგ. 
 
ინფლაციის შედეგად, ფასებმა სასაქონლო ჯგუფზე – საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 1.8%-ით მოიმატა.
 
წინა წელთან შედარებით 11.8%-ით გაიზარდა ფასები ტრანსპორტზეც. ინფლაცია განსაკუთრებით შეეხო იმპორტირებულ საქონელს. 2009 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 15%-ით მეტია. ზრდის დიდი წილი ნავთობპროდუქტებზე მოდის. 2009 წლის ივლისიდან 2010 წლის აპრილის ჩათვლით, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობპროდუქტების ფასი განუწყვეტლივ იზრდებოდა: ერთი წლის მანძილზე, ნედლი ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზრებზე დაახლოებით 14%-ით გაიზარდა. 
 
საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ფასის ზრდაც პირველ რიგში სწორედ საწვავზე ფასების მატებამ განაპირობა. საქსტატის ცნობით, 2010 წლის ნოემბერში, შარშან დეკემბერთან შედარებით, საქართველოში დიზელზე ფასმა 16.8%-ით მოიმატა. ავტობუსების მიერ მოხმარებული დიზელის ხარჯი ყოველწლიურად საშუალოდ 30 მილიონ ლარს შეადგენს. ისედაც გაძვირებული საწვავის ფასზე უარყოფითად აისახა ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებაც აშშ დოლარის მიმართ. ლარის გამყარების მიუხედავად, საწვავზე ფასი მაინც მაღალი რჩება, რასაც ინფლაციის მაღალი დონე იწვევს. 
ინფლაცია საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ზოგად და უწყვეტ ზრდას ნიშნავს. ამ ზრდას, როგორც წესი, სახელმწიფოს მხრიდან ფულის ბეჭდვის პოლიტიკა იწვევს. 2005 წლიდან ეროვნულ ბანკს მთავრობისთვის ფულის სესხება აეკრძალა. თუმცა მან ფულის გასესხების ახალ სქემას მაინც მიაგნო: კომერციულ ბანკებზე დაბალ პროცენტში გასცემს რეფინანსირების სესხებს. ბანკები კი, უფრო სარფიანად, მთავრობაზე ასაღებენ. ეს პრაქტიკულად სწორედ ფულის ბეჭდვის პროცესია: ხაზინაში გროვდება ახალი ფული, რომელიც კერძო სექტორიდან არ გამოთავისუფლებულა. რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზრის ყველა მოთამაშეს აქვს იმდენივე ფული, რამდენიც ადრე ჰქონდა, ხოლო ხაზინას – მეტი. რადგან ხაზინის ამ ახალ ფულზე მოთხოვნა არ არსებობს, ბრუნვაში არსებული ფულის მსყიდველუნარიანობა იკლებს: მომხმარებელი ლარით იმდენს ვეღარ ყიდულობს, როგორც ადრე ყიდულობდა. შესაბამისად, საქონელი და სერვისი ძვირდება. 
 
ამდენად, მონეტარული ინფლაცია რეალურად ჩვეულებრივი გადასახადია, რომელსაც მთავრობა არაპირდაპირი გზით აწესებს. იგივე შეიძლება ითქვას არამიზნობრივ სუბსიდიაზეც. 

კომენტარები