რუსეთ-საქართველოს დოსიეს განხილვა ევროსაბჭოში 17 იანვარს გაიმართება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიკ მარტიმ დღეს თბილისში დახურული შეხვედრები გამართა. ის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, გიგა ბოკერიას, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ეკა ტყეშელაშვილს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს, პეტრე ცისკარიშვილს შეხვდა. შეხვედრების შემდეგ მედიასთან კომენტარები მხოლოდ ეკა ტყეშელაშვილმა და პეტრე ცისკარიშვილმა გააკეთეს.  

ტყეშელაშვილის თქმით,    შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ განსახილველ საკითხს დევნილების დაბრუნების თემა წარმოადგენდა. ცისკარიშვილმა კი განაცხადა, რომ  რუსეთი  ცდილობს, 2008 წლის ომისა და ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციებით დაკისრებული ვალდებულებების საკითხები საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგიდან მოხსნას. ”მაგრამ, ომის ფაილის დღის წესრიგიდან მოხსნას რუსეთი ვერ შეძლებს," აღნიშნა ცისკარიშვილმა.

17 იანვარს, პარიზში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ეგიდით, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომისა და ორ ქვეყანას შორის ამჟამინდელი ურთიერთობების თემაზე სპეციალური დახურული მოსმენა გაიმართება. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით,  მოსკოვის მცდელობების მიუხედავად, მოსმენაზე სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების წარმომადგენლები არ მიიწვიეს.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ კოსაჩოვმა  ამ ფაქტის გამო სინანული გამოთქვა. მან აღნიშნა, რომ დიკ მარტი მზად იყო ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების წარმომადგენლებს შეხვედროდა. "სამწუხაროა, რომ ამ აზრს მონიტორინგის მთელი კომიტეტი არ იზიარებს", დასძინა მან.  

კომენტარები