ფასიანი სწავლება საჯარო სკოლაში

საჯარო სკოლებს უფლება მიეცემათ, მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ შესთავაზონ. ამას ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს. სკოლებმა შემდეგი პირობები უნდა დაიცვან – მშობლებთან უნდა შეთანხმდნენ; მომსახურებას ამავე სკოლის მასწავლებელი არ უნდა ეწეოდეს – მას არ უნდა ჰქონდეს გაკვეთილის სახე. ამასთან, დამატებითი მეცადინეობა არ უნდა ხდებოდეს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული აუცილებელი დატვირთვის ფარგლებში.                    
 განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხათუნა ოჩიაური ამბობს, რომ ამგვარ ფასიან მომსახურებას მასწავლებლები მაინც უწევენ მოსწავლეებს და ცვლილებაც რეალობითაა ნაკარნახევი. კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი კი მედიასთან საუბარში აღნიშნავდა, სკოლებს ამით შემოსავლის დამატებითი წყარო გაუჩნდებოდათო.
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება საჯარო სკოლების მიერ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნებს შეეხება. ესენია: ქართული ენა და ლიტერატურა, საზოგადოებრივი მეცნიერებები – ისტორია და გეოგრაფია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და სხვა.

ამათგან რომელიმე კომპონენტის გაძლიერება და მოსწავლეებისთვის დამატებითი სერვისის შეთავაზება სკოლებს აქამდეც შეეძლოთ. თუმცა, პროცესი განსხვავებულად რეგულირდებოდა. დამატებითი მეცადინეობა მოსწავლისთვის უფასო უნდა ყოფილიყო. მასწავლებელს კი ამაში მეტი ანაზღაურება არ უნდა აეღო. ამ სერვისის მიწოდება-მიუწოდებლობა, მის კეთილ ნებასა და ენთუზიაზმზე იყო დამოკიდებული.

რისთვის იყო ამგვარი დეტალური რეგულირება საჭირო, ამ კითხვის დასმა აღარ დაგვჭირდება, თუ უახლოეს წარსულს გადავხედავთ. მას, ვინც თავად, ან ვისი ოჯახის წევრიც, რამდენიმე წლის წინ სკოლაში სწავლობდა, უთუოდ ემახსოვრება ე.წ. წრეები. ფიზიკის წრე, ქიმიის წრე, გეოგრაფიის წრე – დამატებითი მეცადინეობები, რომლებსაც მასწავლებლები საკუთარ მოსწავლეებს ამა თუ იმ საგანში გარკვეული საფასურის სანაცვლოდ სთავაზობდნენ. მასწავლებლებს ხელთ ჰქონდათ იძულების ბერკეტი: შეეძლოთ მოსწავლეებისთვის სასურველი ნიშანი არ დაეწერათ და ამგვარად ეიძულებინათ მათი მშობლები, რომ მათ შვილების დამატებით მომზადებაზე ეზრუნათ. სასწავლო პროცესი კი უმეტესად უშედეგო ხდებოდა და მოსწავლეებს ღირებულ ცოდნას არ აძლევდა. 

ხანდახან მოსწავლეს მეტ ცოდნას არც ეს დამატებითი გაკვეთილები აძლევდა. ხდებოდა ისეც, რომ მასწავლებლები პრივილეგირებულ მოსწავლეებს წინასწარ აცნობდნენ, მაგალითად, იმ საკითხებს, რომლებიც მათი ცოდნის შესამოწმებელ ე.წ. საკონტროლო წერებზე მოვიდოდა და ამგვარად უზრუნველყოფდნენ მათთვის სასურველი ნიშნის მიღებას.

ბუნებრივია, სერვისი ყველასთვის არ იყო ხელმისაწვდომი. ასეთი მოსწავლეები, ან ისინი, ვისაც არ სურდა „წრეზე” სიარული, არათანაბარ მდგომარეობაში იყვნენ იმათთან შედარებით, ვინც ამ დამატებით მეცადინეობაში მასწავლებელს ფული გადაუხადა.

ახალი საკანონმდებლო ცვლილებით დამატებითი სერვისი კვლავ ფასიანი ხდება. თუმცა, იმ განსხვავებით, რომ ამ მომსახურებას იმავე სკოლის მასწავლებელი არ უნდა ეწეოდეს. ეს პირობა იმისთვისაა ჩადებული, რომ მასწავლებელსა და მის მოსწავლეებს შორის კორუფციული გარიგების გამოსარიცხად გარანტია შეიქმნას.

სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ექსპერტი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მასწავლებლებისთვის უფლების არმიცემა, საკუთარ სკოლებში შესთავაზონ მოსწავლეებს მსგავსი მომსახურება, ბევრს არაფერს ცვლის. მისი თქმით, მათ მაინც  ექნებათ მოტივაცია, საკუთარი დრო, რესურსები და ენერგია დაახარჯონ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ამაში დამატებით ანაზღაურებას გადაუხდიან, თავისსავე სკოლაში, თუ სხვა სკოლაში, ნაკლები დრო და ენერგია კი – საკუთარი გაკვეთილების ჩატარებას. „ეს საბოლოოდ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ სად გადაუხდიან მას მეტს. თუმცა, დიდი ალბათობით ეს, ასე ვთქვათ, კერძო შემოსავალი უფრო დიდი იქნება”, – ამბობს ის.

იმ პირობებში კი, როდესაც მომსახურება ფასიანი ხდება, რამდენიმე პრობლემას ვაწყდებით: ამით, ფაქტობრივად, სკოლებში რეპეტიტორების ინსტიტუტი დაკანონდება. თან მაშინ, როდესაც მოსწავლეებისთვის 8 საატესტატო გამოცდის ჩაბარება ხდება სავალდებულო და ისედაც არაერთხელ გამოითქვა ეჭვი, რომ ეს რეპეტიტორების ინსტიტუტს გააძლიერებდა. ამ გამოცდების დაწესების ოფიციალური მოტივი კი სკოლაში სწავლების დონის ამაღლებაა.

თავისუფალი უნივერსიტეტის კვლევის ცენტრის დირექტორი ვახტანგ მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ სკოლებისთვის დამატებით ფასიანი მეცადინეობების ჩატარების უფლების მიცემა მხოლოდ ერთი კომპონენტია იმ მიდგომისა, რაც სამინისტროსა და მთავრობას განათლების მიმართ აქვს. მისი აზრით, ამ რვა საატესტატო გამოცდის ასე სავალდებულოდ და ერთბაშად დაწესებამ გააჩინა საჭიროება შექმნილიყო მათი ჩაბარების რეგულირებული შესაძლებლობა და კიდევ ერთი ბიუროკრატიული მექანიზმი ჩაირთო. მეგრელიშვილი ამბობს, რომ ვინაიდან გაჩნდა შიშები ამ გამოცდების გამო, სახელმწიფო მოსწავლეებს სთავაზობს მექანიზმს თავისივე შექმნილი ბარიერის დასაძლევად.

ის, რომ ყველა მშობელს აქვს უფლება შვილს დამატებითი ცოდნა მიაწოდოს, საკამათო არაა. ეს მასსა და რეპეტიტორს შორის კერძო კონტრაქტით დარეგულირდება. ამგვარი ფასიანი სერვისის შეთავაზება კი სკოლისა და სახელმწიფოს საქმე ნაკლებადაა. მეტიც, სკოლის მიზანი სასწავლო პროცესში განათლების დონის მაქსიმალურად ამაღლებაზე ზრუნვა უნდა იყოს. სწორი მენეჯმენტისა და სწავლების დონის ამაღლების შემდეგ სკოლაში რეპეტიტორი გაცილებით ნაკლებ მოსწავლეს დასჭირდება. ახლა კი, თუ სასწავლო პროცესისას  ბავშვი საკმარის ცოდნას ვერ იღებს და დამატებით მეცადინეობა სჭირდება, გამოდის, რომ პრობლემა ცუდ მასწავლებელსა და თვითონ ამ სკოლაშია და ამას მოწვეული პედაგოგი ვერ უშველის. მით უმეტეს, რომ ეს დამატებითი სერვისი მოსწავლეების მხოლოდ ნაწილისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

კომენტარები