ბასკია

ზღვისა და სოფლის ბიოპროდუქტების საკვირაო ბაზრობა ზუსტად პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის წინ იმართება. შაბათ-კვირას უამრავი მანქანა, პორტატული საცხობი, ჩვეულებრივი ხილის დახლი და კიდევ მილიონი სავაჭრო რაღაც ერთ რიგში დგება და კილომეტრიან პავილიონს ქმნის. თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ გვერდზე გალერეის მაგვარი რამეა, ისე ჩაურბენ, ვერც შეამჩნევ.

დილაადრიან მისვლის მიუხედავად, პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმთან მაინც ქუჩის სიგრძე რიგი დამხვდა. წინ 10-10 წუთიანი ინტერვალით მივიწევდი. აქ ხომ ამერიკელი პოსტექსპრესიონისტი მხატვრის – ბასკიას ყველა პერიოდის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი: “სამოთი” და ბრუკლინის ქუჩების 70-იანებით დაწყებული, 80-იანების ბოლოს შესრულებული შედევრებით დამთავრებული.  1988 წელს ჟან-მიშელ ბასკია ჰეროინისა და ნარევი  ნარკოტიკების ჭარბი დოზის მიღებისგან გარდაიცვალა.

გამოფენაზე გაგაკვირვებთ გიდების სიმრავლე და მათი დაწვრილებითი განმარტებები თითოეული ნახატის შესახებ. თითოეული გიდი მინიმუმ 30-კაციან ჯგუფს ბასკიას ყოველი ხაზის, წარწერის და სხვა გენიალური ნაბოდვარის და ნაჩხაპნის დაწვრილებით განმარტებას აძლევდა. მათი დარწმუნებული ტონი და დამთვალიერებლების გაფაციცებული სახე („დიახ, მთელი სხეულით გისმენთ!”) ექსპოზიციას კომიკურ ელფერს სძენდა… გაცილებით ადვილი გასაგები იყო იმ ადამიანების საქციელი, რომლებიც კედლებზე რამდენიმე ადგილას მიწერილ ანოტაციას კითხულობდნენ. ისინი შემდეგ საათობით ისხდნენ თითოეულ საგამოფენო ოთახში, ბასკიას მოხატული ტილოების, ფიცრების და სხვა საგნების წინ.

ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს გენიალური კაცი რემბრანდტი არაა, მის იდეალურ ტექნიკაზე, მეოთხედ ტონალობებზე და საოცარ ჩრდილებზე რომ ილაპარაკო. თუ მასზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმებს ნახავთ, დარწმუნდებით, რომ არ შეიძლება მას რაიმე სახის განმარტებითი რეცეპტი შეურჩიო. ამ ნახატებში ანთროპოლოგი გაცილებით კარგად გაერკვევა, რადგან ბასკიას სიმბოლოები სადღაც ჰაიტიზე და პუერტო რიკოზე, იქიდან კი ისევ უკან, აფრიკის შუაგულში გისვრის. მისი ხელი ბავშვივით და პირველყოფილი ადამიანივით უმანკოა. ფიგურებიც პირველყოფილია – სადღაც ბრუკლინის გამოქვაბულებიდან.

ბასკიამ ხატვა ბავშვობიდანვე დაიწყო. დედამისს პატარაობიდანვე მეტროპოლიტენში და სხვა მუზეუმებში დაჰყავდა. მამამისს სამსახურიდან პატარა ჟან-მიშელისთვის ფანქრები და ქაღალდები მოჰქონდა.

თინეიჯერობისას გრაფიტი არტით ერთობოდა და ალ დიასთან ერთად შემოქმედებითი ალიანსი – სამო ( Same Old Shit) შექმნა. “სამოს” სახელით გრაფიტი ნიუ იორკის ქუჩებში 1979 წლამდე ჩნდებოდა.

 ბასკიას დიდება 1981 წლიდან იწყება. 1982 წელს გალერისტმა ანინა ნოსეიმ შესთავაზა, რომ მის გალერეაში დასახლებულიყო და ემუშავა. ნოსეის გალერეაში ბასკიამ ბევრი დიდებული ნახატი შექმნა. ნიუ იორკს ლოს ანჯელესის  გამოფენები მოჰყვა – ლარი გაგოსიანის გალერეაში. ევროპაში მისი პერსონალური გალერისტი ბრუნო ბიშოფბერგერი გახდა…

ბასკიასთან ნახავთ ვუდუს კულტურის გადმონაშთებს, ქრისტიანულ მითოლოგიას, ჭარბად წააწყდებით რომაელი და ანტიკური საბერძნეთის გმირების სახელებს... ხელოვანი ისტორიაში კარგად ერკვეოდა და მისი ნახატების თვალიერებისას ისეთი წარმოდგენა გრჩება, თითქოს ბასკია ყველა მოხსენიებულ პერსონაჟთან თავს აიგივებდა. ის თავის თავსაც მეფედ წარმოიდგენდა და სიმბოლოდ, გვირგვინი ჰქონდა არჩეული. გვირგვინი მის თითქმის ყველა ნახატზე ჩანს, ეს სიმბოლო კოპირაითის ნიშანთან ერთად მის ხელმოწერად იქცა. ახლა, ტყავის ქურთუკი, რომელსაც ბასკიამ საღებავიანი პულვერიზატორით სამქიმიანი გვირგვინი მიახატა, რამდენიმე მილიონი ღირს. მასთან იმ დროინდელი პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების ანარეკლებსაც ხშირად შეხვდებით, სხვადასხვა ფრაზებად ან სიმბოლოებად გადმოსროლილებს. ბასკია ყველაფერზე რეაგირებდა და მათგან გამოწვეულ ემოციებს ხატავდა.

მხატვრის თითქმის ყველა პერსონაჟი შავკანიანია და გარდა კონკრეტული პიროვნებების პორტრეტებისა – მას ჰგავს. თმაც ყველას ბასკიასავით აქვს აჩეჩილი...

ბასკიას ბეისბოლი და კრივი უყვარდა, მოკრივეებს ხშირად ხატავდა და მათ ფორმაში გამოწყობილი, ფოტოებსაც ხშირად იღებდა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ასეთი ფოტო ენდი უორჰოლთან ერთად აქვს გადაღებული: ფოტოზე ორივე არტისტს ხელთათმანები უკეთია და ევერლასტის შორტები აცვია.

მეგობრობდა უორჰოლთან, ბრაიან ფერისთან, სანდრო კიასთან, ბლონდის ვოკალისტ დები ჰარისთან. ერთი სიტყვით, ყველა იმ ადამიანთან, ვინც 70-80-იანების ამერიკაში რამეს წარმოადგენდა. მუსიკოსიც იყო, 1982 წლამდე ბენდი ჰყავდა, სადაც სინთეზატორზე და კლარნეტზე უკრავდა. ის ხშირად ესწრებოდა სხვადასხვა წვეულებებს, როგორც  დისკჟოკეი, წერდა მიქსებს და რეპექსპერიმენტებიც ჰქონდა.

ბასკია დიდების ზენიტში მოკვდა. რამდენიმე წლის განმავლობაში მისი გამოფენები ლოს ანჯელესში, ნიუ იორკში, ბერლინსა და პარიზში რეგულარულად იმართებოდა. მის მიერ ოდესღაც სახატავ მასალად გამოყენებული მაცივრები, სკამები, ხის ყუთები, ტანსაცმლის საკიდები ბასკიას სიცოცხლეშივე მილიონებად იყიდებოდა. 1987 წელს ენდი უორჰოლის (თავის ერთ სკეტჩში ბასკია უორჰოლს “გენიოს ბიჭად” იხსენიებს) გარდაცვალებამ ბასკიაზე ძალიან იმოქმედა. დიდწილად, მხატვრის ნიუ იორკის “სვეცკი” საზოგადოებაში “გაქაჩვა” ხომ ბებერი მანიპულატორი ლომის – ენდი უორჰოლის დამსახურებაც იყო.

1988 წელს ბასკია საკუთარ გამოფენაზე დასასწრებად პარიზში ჩავიდა. ცოტა ხნის შემდეგ მშობლიურ ნიუ იორკში დაბრუნდა და აღესრულა. გამოფენა 30 იანვრამდე გაგრძელდება.

P.S. კარგს იზამთ თუ ფულს არ დაინანებთ (140 ევრო) და მუზეუმის მაღაზიაში ბასკიას ნახატებით გაფორმებულ რიბოკის რეტრო სტილის სპორტულ ფეხსაცმელს შეიძენთ. ლიმიტირებული გამოშვებაა და თან ძალიან ეგზოტიკურია. ჩაიცვით ვიწრო შარვალზე, პალტოზე და ქუჩებში ბევრი იარეთ. ერთი-ორი რამე კედელსაც მიაჩხაპნეთ, რა იცით რა მოხდება მომავალში.

კომენტარები