ჟენევის მოლაპარაკებები კვლავ უშედეგოდ დასრულდა

ერთადერთი საკითხი, რაზეც ჟენევაში მხარეები შეთანხმდნენ არის, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 4 მარტს გაიმართება. შვეიცარიაში გამართული შეხვედრების შემდეგ ქართული დელეგაციის წევრებმა განაცხადეს რომ ისინი მოლაპარაკებებით ”ძალიან გაწბილებულები” არიან. ”ამის მიზეზი პირველ რიგში ის არის, რომ ჩვენ რუსული მხარისგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადების გაკეთებაზე უარი მივიღეთ,” განუცხადა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ რადიო ”თავისუფლებას.”

ბოკერიას თქმით, მოლაპარაკებების დროს, რუსეთის დელეგაციის წევრებმა კონფლიქტის მხარედ ყოფნა უარყვეს. ”მათ არ ჰქონდათ მკაფიო პოზიცია იმის შესახებ არსებობს თუ არა საერთოდ 12 აგვისტოს შეთანხმება და აქვთ თუ არა მათ ძალის არგამოყენების შესახებ რაიმე სახის ვალდებულება,” აღნიშნა ბოკერიამ. მისი თქმით, რუსეთის ” ძალზე არაკონსტრუქციული პოზიცია” ქართული მხარის ”შეშფოთებას” იწვევს. ”მით უმეტეს, როცა ეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მილიტარიზაციის ფონზე ხდება,” დასძინა მან.

ქართულმა მხარემ უკმაყოფილება ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეთა ”არამკაფიო პოზიციის” გამოც გამოთქვა. ”მე ვფიქრობ თანათავმჯდომარეების პოზიცია უფრო მყარი და მკაფიო უნდა იყოს და ჩვენ ამის თაობაზე ჩვენი უკმაყოფილება არ დაგვიფარავს,” აღნიშნა ბოკერიამ.

თანათამჯდომარეებმა ჟენევაში შეხვედრების შემდეგ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნეს. ”ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ძალის არგამოყენების შესახებ ცალმხრივი განცხადებები, როგორც საერთაშორისო სამართლის ფარგლებში სამართლებრივი ვალდებულება, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროცესის წინსვლის საქმეში,” ნათქვამია განცხადებაში. თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ მოლაპარაკებების მე-14 რაუნდმა ”შესაძლოა იმპულსი მისცეს ჟენევის პროცესის ფარგლებში შემდგომ ნაბიჯებს.”

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ გორდონმა, რომელიც ჟენევაში აშშ-ს მხარეს წარმოადგენდა, აღნიშნა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ცალმხრივი განცხადება ძალის არგამოყენების შესახებ მხარეებს საშუალებას მისცემს ფოკუსირება კონკრეტულ საკითხებზე მოახდინონ.  სააგენტო ასოშიეთედ პრესს გორდონმა განუცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის შემდეგ არსებულ პრობლემებზე მოლაპარაკებებმა ”პროგრესი განიცადა.” მან რუსეთს ქართული მხარის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დადებული პირობის ანალოგიური განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდა.

 

კომენტარები