აღმოსავლეთის პარტნიორობა ვითარდება

ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის წევრი ექვსი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მინისტერიალზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე წარმოადგენდა. შეხვედრას საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კეტრინ ეშტონი თავმჯდომარეობდა.

მინისტერიალზე აღმოსავლეთ პარტნიორების პროგრამის მიმდინარეობაზე, მის ფარგლებში მიღწეულ წარმატებებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე სტუბმა განაცხადა, რომ "საქართველოსთან აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის კუთხით კარგი პროგრესია მიღწეული და ამ ქვეყანასა და ევროკავშირთან დაკავშირებით საქმეები სწორი მიმართულებით მიდის.“

ბრიუსელში მინისტერიალის ფარგლებში ევროკავშირის მომავალი სამიტისთვის მოსამზადებელი შეხვედრები გაიმართა. სამიტი 2011 წლის მაისში ბუდაპეშტში ჩატარდება. ბუდაპეშტის სამიტში მონაწილეობა უნდა მიიღონ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყნების პირველმა პირებმა.

აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირმა 2008 წელს  აღმოსავლელ მეზობლებთან ურთიერთობების გაღრმავების მიზნით ჩამოაყალიბა. პროგრამა ითვალისწინებს ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასა და გამარტივებას, სავიზო რეჟიმის ჯერ გამარტივებას, შემდეგ კი გაუქმებას, ასევე არალეგალური მიგრაციის მკაცრ რეგულირებასა და ქვეყნების ერთიან ენერგო სივრცეში ინტეგრაციას.  დღეისათვის პროგრამაში ჩართული არიან საქართველო, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი და მოლდავეთი. დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში პროგრამას ბელურუსიც შეუერთდება.

WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებული კონფიდენციალური დოკუმენტების თანახმად, ევროკავშირის დიპლომატმა აშშ–ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ფილიპ გორდონს უთხრა, რომ რუსეთი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობას "ნულოვან–ჯამური პერსპექტივით“ უდგება და ამ ინიციატივას აღიქვამს, როგორც ანტი-რუსულ პროქტს. 

კომენტარები