მუქარის გაკვეთილი

2010 წლის 24 ნოემბერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სკოლის დირექტორებს შეხვდა. ნეტგაზეთის აუდიოჩანაწერში ისმის, რომ ერთ-ერთ საკითხთან დაკავშირებით, ის დირექტორებს, დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დასჯით დაემუქრა. მუქარა ასე იყო ფორმულირებული „თქვენს სისხლს დავლევ”! სხვა საკითხზე საუბრისას ის იმ კერძო სკოლებს დაემუქრა, რომლებიც მისი აზრით სათანადო განათლებას არ აძლევენ მოსწავლეებს. მუქარა მათ მიმართ ასე ჟღერდა „ამ სკოლებში ოც მილიონს ვხარჯავთ. ამ ოც მილიონს ახლა ყელიდან ამოვუღებ”! ამგვარი ლექსიკის და ზოგადად მუქარების ენით სკოლების დირექტორებთან საუბარი გარდა იმისა, რომ მორალური თუ ესთეტიკური თვალსაზრისით გაუმართლებელია და მნიშვნელოვნად ცდება დემოკრატიული სახელმწიფოს მოხელისთვის დასაშვებ ლექსიკას, პრაგმატული თვალსაზრისითაც გაუმართლებელია. ეს მიდგომა რამდენიმე მიზეზით ამცირებს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში სასიკეთო ძვრების განხორციელების შესაძლებლობას.

განათლების სფეროს რეფორმა მრავალ ქვეყანაში მიმდინარეობს. მრავალ ქვეყანაში დადასტურდა, რომ ძირეული ცვლილებებისთვის სახელმწიფოს სჭირდება ძლიერი მოკავშირე და თანამოაზრე სკოლის დონეზე. სკოლის დირექტორები გადამწყვეტ როლს თამაშობენ სისტემის შიგნით სიახლეების დანერგვაში და მათი თანამონაწილეობა, პარტნიორობა კრიტიკულია. დავალებების მიცემის და შემდეგ დახმარების ნაცვლად, ან თუნდაც დახმარებასთან ერთად, მუქარით პარტნიორობა ვერ მიიღწევა. პარტნიორი დაინტერესებული უნდა იყოს საერთო საქმის წარმატებით და არა იმით, რომ მისმა ზემდგომმა არ დასაჯოს.
 
განათლების სისტემისთვის საქართველოში მნიშვნელოვანია, რომ ადამიანური რესურსების ჯანსაღი ცვლა ხდებოდეს. სახელმწიფო დაინტერესებული უნდა იყოს, რომ წარმატებულ, მცოდნე, ინიციატივიან ადამიანებს მოტივაცია შეუქმნას, რომ სკოლებში დაიწყონ მუშაობა. ამგვარი ადამიანებისთვის სისტემა, სადაც ძალაუფლების მქონე პირები თავს უფლებას აძლევენ, რომ მსგავსი მიდგომები გამოიყენონ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიმზიდველი იყოს.
 
იმისთვის, რომ დირექტორმა სკოლის ეფექტიანად მართვა შეძლოს, მას სჭირდება ძალაუფლება. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რომ მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების თვალში იმ დირექტორის ავტორიტეტი, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამგვარად მიმართავს, მაღალი ვერ იქნება. ასევე არ არის ძნელი წარმოსადგენი, რომ ზოგიერთი დირექტორი, სამწუხაროდ, მინისტრის მაგალითს მიბაძავს და საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას უხეში საუბრებითა და მუქარით შეეცდება. 
 
სამწუხაროა, როდესაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თავის ავტორიტეტზეც არ ზრუნავს. რამდენიმე კვირით ადრე მან დამალა სიმართლე, როდესაც სკოლის დირექტორები აიძულა თანამდებობები დაეტოვებინათ და ეს საჯაროდ უარყო. მისი ეს საქციელიც, თავისთავად ცხადია, მუქარა იყო. შემდეგ ის საუბრობს ისე, თითქოს არა თავის კოლეგებთან და პარტნიორებთან, არამედ ქვეშევრდომებთან ჰქონდეს საქმე. ყოველი ასეთი ნაბიჯის შემდეგ კარგი ინიციატივების მიმართ სახელმწიფოსთვის განათლების სფეროში ჩართული ადამიანების ნდობის მოპოვება უფრო რთული გახდება. ნდობისა და თანამონაწილეობის გარეშე კი სასიკეთო ცვლილებების გავრცელება მინისტრს არათუ საქართველოს ყველა სკოლაში, არამედ საკუთარი კაბინეტიდან რამდენიმე მეტრშიც კი გაუჭირდება.

კომენტარები