ვიენალე – ვენა დისტანციიდან

1962 წელი. მაშინ, როდესაც ბრიტანეთში The Rolling Stones იბადება, ჯონ შლეზინგერის ფილმი A Kind Of Loving ბერლინალეზე ოქროს დათვით ჯილდოვდება, კანში კი მიქელანჯელო ანტონიონის “დაბნელებასა” და რობერ ბრესონის “ჟანა დარკის პროცესს” ჟიურის სპეციალურ პრიზს გადასცემენ – ავსტრიელი კინოჟურნალისტების ინიციატივით, ვენაში პირველი საერთაშორისო ფესტივალი (შემდგომში ვიენალე) იმართება.
 
ჯერ კიდევ არ დამდგარა 1968 წელი, როდესაც ლუი მალი, რომან პოლანსკი, ჟან-ლუკ გოდარი, კლოდ ბერი, კლოდ ლელუში და ჟან-გაბრიელ აბიკოკო კანის ფესტივალის სასახლეში ჩვენებას გაფიცული სტუდენტებისა და მუშათა კლასის მხარდასაჭერად ჩაშლიან.
 
ჯერ არც ბერლინალეს დაუმკვიდრებია თავისი ცნობილი “პოლიტკორექტული და საქმიანი” კინოფესტივალის იმიჯი – დირექცია აქაც, კანის მსგავსად, გლამურული სანახაობის შექმნას ცდილობს.
 
1962 წელს მსოფლიო უკვე კარგად იცნობს ფრიც ლანგს, ერიხ ფონ შტროჰაიმს, იოზეფ ფონ შტერნბერგს, ბილი უაილდერს, ოსკარ ვერნერსა და რომი შნაიდერს, წინ აქვს მიხაელ ჰანეკეს აღმოჩენა, მაგრამ (არათუ მაშინ) დღესაც ცოტამ თუ იცის, რომ ჩამოთვლილნი წარმოშობით ავსტრიელები
არიან. 
 
ისინი პოპულარობას საკუთარი ქვეყნის გარეთ იხვეჭენ და ზოგიერთ მათ ფილმს ავსტრიელი მაყურებელი საერთოდაც ვერ ნახულობს.
 
სწორედ ამ მიზნით იქმნება ვენის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის დევიზიც არის: “ფილმები, რომლებიც ჩვენამდე არასოდეს მოაღწევდა”. დასაწყისისთვის აქცენტი წარმოშობით ავსტრიელი კინემატოგრაფისტებისა და აღმოსავლეთ ევროპის კინოზე კეთდება. 
 
ფესტივალი, რომელიც არც ბერლინალეს მსგავსად – პოლიტკორექტული კინოს პროპაგანდას, არც ოსკარის მსგავსად – კომერციული კინოს პოპულარიზაციასა და არც კანის მსგავსად – კონიუნქტურისა და მოდის კანონდებას არ ცდილობს; არც ინოვაციურობით, აღმოჩენებით ან სკანდალურობით გამოირჩევა, ჯილდოს გაცემასაც კი მხოლოდ 1995 წლიდან იწყებს – დღესდღეობით ევროპაში უკვე ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კულტურულ მოვლენად მოიაზრება. 
 
ვენა ხომ არც ბერლინია და არც პარიზი, მით უმეტეს, არც შტატები – აქ ცხოვრება სულ სხვა ტემპში მიმდინარეობს. 
 
კულტურული, პოლიტიკური – საერთოდაც, რაიმე სახის რევოლუციებით თავს არავინ იწუხებს. ხალხი ძველისძველ ვენურ კაფეებში ვალსის ფონზე ყავა მელანჟის სმით, ოპერაში მოცარტის სმენითა და შონბრუნის პარკში სეირნობით ირთობს თავს. ვენა მედიტაციაა. მედიტაცია კი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სიმშვიდეს, თავშეკავებულობას, მუდმივ დაკვირვებას გულისხმობს. აბა, რა უნდა აკეთოს აქ ახალგაზრდობამ? სად წაიღოს მისთვის დამახასიათებელი დესტრუქციის დაუოკებელი ჟინი? ამ ქალაქში ხომ ახალი შენობებიც კი თითქმის აღარ შენდება! არა, ახალგაზრდობას ვენაში არაფერი ესაქმება – უმეტესობა სწორედ ბერლინს, პარიზსა და შტატებს ამჯობინებს; ვენა კი ისევ ძველ ტრადიციებსა და კულტურაში ჩაფლული რჩება და ყველაფერ თანამედროვეზე დაკვირვება მაინც დისტანციიდან ურჩევნია. ალბათ, კანონზომიერებაა – პოლიტიკურად ნეიტრალურ ქვეყანაში ადგილი აღარც კულტურული რევოლუციებისთვის რჩება. 
 
ფესტივალიც ასეთი აქვთ: მშვიდი, ელიტარული, ყოველგვარ პომპეზურობასა და სკანდალს მოკლებული; სნობურსაც კი უწოდებდა კაცი.
 
თუკი ბერლინალეს ოსკარის რეპეტიციად მოიაზრებენ, ვიენალე ე.წ. ა-კლასის საერთაშორისო კინოფესტივალების – კანის, ოსკარის, ბერლინალეს, ვენეციისა და ლოკარნოს ერთგვარ მიმოხილვად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
 
ტრადიციულად, შემოდგომის ბოლოს ჩატარებული ფესტივალი წლის განმავლობაში კინოსამყაროში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებსა და ფილმებს აჯამებს; ზემოთ ჩამოთვლილი ფესტივალებისგან განსხვავებით, არც მაყურებელს და არც მონაწილეებს შეჯიბრისა და კონკურსში გამარჯვების მოლოდინით არ ძაბავს. მხოლოდ 1995 წლის შემდეგ, რაც ვენის საერთაშორისო ფესტივალზე FIPRESCI – კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანებამ, სპეციალური პრიზი დააწესა, ვიენალეს პროგრამა საკონკურსოდ იქცა. დღეს უკვე სამი ჯილდო არსებობს: FIPRESCI, ქალაქ ვენის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი და ავსტრიული გაზეთის – STANDART-ის გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი აუდიტორიის ჯილდო. 
 
მაგრამ ჯილდო ვიენალეზე მნიშვნელოვანი მაინც ვერ გახდა. აქ თვალში არ მოგხვდება არც წითელი ხალიჩა, არც პაპარაცების  ქოთქოთი, არც ფრაკსა და ბაფთებში გამოწყობილი ვარსკვლავები. ყველაფერი პირიქით ხდება – რეჟისორი კი არ ელის მაყურებლისა და კრიტიკის შეფასებას, არამედ ეს უკანასკნელნი ისმენენ ავტორისგან მიღწეული წარმატების “რეცეპტებს”. 
“საუკეთესო ადგილია კონტაქტების დასამყარებლად, პროგრამაში, როგორც წესი, მხოლოდ წლის ყველაზე წარმატებული პროექტები ხვდება. მათთან ერთად, ვიენალეზე შემქმნელებიც ჩამოდიან”, – მითხრა რუსუდან პირველმა, რომლის ბოლო ფილმი “სუსა” ვენის საერთაშორისო ფესტივალის წლევანდელ პროგრამაში აპიჩატპონგ ვირასეტაკულის, ფრანსუა ოზონის, დენი კოტეს, სოფია კოპოლას, ვუდი ალენისა და სხვათა ფილმებთან ერთად, ანუ “წარმატებულთა” სიაში მოხვდა. 
 
“ამაღელვებელი, სულისშემძვრელი, სევდიანი, გულისამაჩუყებელი” – ასე ახასიათებდა პუბლიკა “სუსას” რეჟისორთან საუბრისას, რომელთა კითხვებიც რუსუდანთან ძირითადად, ქართული კინოს დღევანდელ მდგომარეობას, პროდუქციის სიმცირისა და მძიმე სოციალური თემების აქტუალურობის მიზეზებს ეხებოდა. 
 
პატარა გარეუბნელი ქართველი ბიჭის ისტორიის სრული ანშლაგით ჩვენების პარალელურად, ვიენალეს ფარგლებში ერიკ რომერის “ზამთრის ზღაპარს” უჩვენებდნენ – წელს რომერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მისი ფილმების რეტროსპექტივა მოეწყო. ალბათ, უბრალო დამთხვევაა, რომ სწორედ რომერის ფილმები გასდევდა ფონად წლევანდელ საკონკურსო პროგრამას, სადაც ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ სიუჟეტად ოჯახური ურთიერთობები რჩებოდა: მამა და ქალიშვილი, როგორც ამას ვენეციის კინოფესტივალის ოქროს ლომის მფლობელი, „სადმე”  (სოფია კოპოლა), ამავე ფესტივალის საუკეთესო შემსრულებელი ქალის ნომინაციაში გამარჯვებული ბერძნული ფილმი „ატენბერგი” (ათინა ცანგარი), ლოკარნოში საუკეთესო რეჟისორის ჯილდოს მფლობელი დენი კოტე და სხვები მოგვითხრობდნენ. 
 
რომერი უხდება ვენას. ალბათ, ამიტომაც იყო მისი 24 ფილმის ჩვენებაზე სრული ანშლაგი. მსგავსი რამ მსოფლიოში თურმე დიდი იშვიათობაა. მისი ფილმები ბევრგან არ უყვართ. რომერის კინო ხომ არააქტუალურია – შესაბამისად, უკვდავი; მაგრამ მსოფლიოს მარადიულ თემებზე უფრო “აქტუალური” კინო აინტერესებს – ინფორმაცია მალფუჭებადი პროდუქტია და დღეს სათქმელი ხვალ უკვე მოძველებული იქნება. აბა, ვისღა ადარდებს უკვდავება და რომერის “ზღაპრები”? ან ისტორია, რომელსაც სიკვდილიც კი ვერ ასრულებს? აი, ვენაში, როგორც ჩანს, ადარდებთ. და ბევრად მეტად, ვიდრე კოპოლას კინოვარსკვლავისა და მისი ქალიშვილის ურთიერთობის მდორე ამბავი; სადაც ერთადერთი ფრაზა, რაც ფილმის ყურებისას თავში მომივიდა, იყო “გავიცინეთ, გვეყო!” – სულ რამდენიმე მეტ-ნაკლებად დასამახსოვრებელი ეპიზოდიც კი კოპოლას ყველაზე წარმატებული ნამუშევრის, “თარგმანში დაკარგულების” პირდაპირი კალკი იყო! 
 
რომ აღარაფერი ვთქვათ 2010 წლის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ ფილმზე „ლურჯი ვალენტინი”. ისტორია ერთ დროს ბედნიერი წყვილის დანგრეული ურთიერთობის აღდგენის უშედეგო მცდელობაზე იმდენად უღიმღამო და მოსაწყენია, რომ ფილმს ვერც მიშელ უილიამსისა და რაიან გოსლინგის რეალური სექსუალური სცენები, ვერც თავად ბრწყინვალე რაიან გოსლინგი შველიან. 
 
არადა, რომერიც ხომ ასეთივე ბანალურ ისტორიებს გვაჩვენებს...
 
ჰოდა, მთელს მსოფლიოს შეუძლია, “აქტუალური” და მოდური სოფია კოპოლა გააღმერთოს, ხოლო ვენას კონსერვატიული და მოსაწყენი უწოდოს; ეს ქალაქი კი მაინც ერიკ რომერის უკვდავი “ზღაპრების”, უილიამ ლუბჩანსკის ოპერატორული შედევრების, ახალი აღმოსავლური და ლათინოამერიკული კინოსა და ოთარ იოსელიანის ფილმების ერთგული დარჩება. 

კომენტარები