პორტუგალიური ტაბლოიდის ცნობას წინააღმდეგობრივი ინფორმაცია მოჰყვება

დღეს პორტუგალიურმა ტაბლოიდმა Correio da mahna-მ (დილის ფოსტა) გაავრცელა ცნობა, თითქოს ლისაბონში ნატოს სამიტზე მყოფმა ქართულმა დელეგაციამ 80 მსუბუქი ყოფაქცევის ქალი დაიქირავა, სასტუმრო ტიარაში შეიყვანა და ხმაურიანი საღამო მოაწყო, რომელსაც სომხეთის დელეგაციის წევრებიც შეუერთდნენ. 

ინფორმაცია დღესვე აიტაცეს და გაავრცელეს ინტერფაქსმა, ლენტა.რუ-მ, ნოვოსტიმ და სხვა რუსულმა სააგენტოებმა.

გაზეთის მტკიცებით, ხმაურით შეწუხებულმა ნიკოლა სარკოზიმ ქართველებს სასტუმროს ადმინისტრაციასთან უჩივლა. ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა, ქართული დელეგაციის წევრებმა კი მსუბუქი ყოფაქცევის ქალები "მეუღლეებად გაასაღეს".

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დელეგაციაში ოფიციალურ პირთაგან სულ ხუთი მამაკაცი (მათგან სამი მეუღლესთან ერთად) და ამდენივე ქალბატონი იყო. ამასთანავე, ტიარა პორტუგალიის ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური სასტუმროა.

"სასტუმროში ვცხოვრობ, აქ 24 საათის განმავლობაში ვიმყოფებოდი და გარწმუნებთ, რომ არანაირი ინციდენტი არ ყოფილა. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ინფორმაცია ტყუილია”, — განაცხადა ინტერპრესნიუსთან საუბრისას ტიარას გენერალურმა მენეჯერმა, კონცეიშაო რიბეირომ.

გაზეთის რედაქტორის მოადგილე ერნანდუ პერეირა კი ამტკიცებს, რომ ინფორმაცია ”რამდენიმე პოლიციელისგან” მოიპოვეს, რომლებიც ”სასტუმროში დელეგაციების უსაფრთხოებას იცავდნენ”. ”ქართველებს დანაშაული ხომ არ ჩაუდენიათ?! გოგოები დაპატიჟეს და წვეულება მოაწყვეს. პორტუგალიაში ეს ლეგალურია" — განაცხადა პერეირამ.

ვიკიპედიის მიხედვით, Correio da manha პორტუგალიის ერთ-ერთი ყველაზე კითხვადი ”ყვითელი” გაზეთია და იმდენად ვულგალურია, რომ junk food (მავნე საჭმელი) news-ს უწოდებენ.

სააგენტო ექსპრესნიუსი ”მოსკოვურ წყაროზე” დაყრდნობით ამტკიცებს, რომ პორტუგალიურ გამოცემას ინფორმაცია საფრანგეთის პრეზიდენტის დელეგაციის წევრმა, წარმოშობით რუსმა დიპლომატმა მიაწოდა და ინფრომაციის გავრცელებაში გაზეთს ფულიც გადაუხადა.

ცნობის გავრცელებას წინ უსწრებდა საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში, სადაც მოიწონეს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების ქართული ხედვა, ასევე სააკაშვილის შეხვედრა ბარაკ ობამასთან და საქართველოს შესახებ პოზიტივის შემცველი პუბლიკაციები დასავლურ პრესაში.

კომენტარები