თბილისის ბიუჯეტი ქამრების შემოჭერას დეკლარირებული სიტყვებიდან საქმედ აქცევს. 2011 წელს თბილისის ბიუჯეტი 123 მილიონი ლარით მცირდება: შემოსავლები – 104 მილიონი, ხოლო ხარჯები – 131 მილიონი ლარით.
თბილისის მერია საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებას 2011 წელს, მიმდინარე წელთან შედარებით (65 მილიონი ლარი), 17 მილიონი ლარით ამცირებს. მერიის სისტემაში დასაქმებულთა რაოდენობა 30%-ით იკლებს. მცირდება მათი შრომის ანაზღაურებაც: მიმდინარე წელთან შედარებით (22 მილიონი ლარი), 2011 წელს ამ მიმართულებით (15 მილიონი ლარი), 7 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯება.
სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული ქამრების მოჭერის პოლიტიკა ხარჯების თითქმის ყველა პუნქტს შეეხო. გამონაკლისი მხოლოდ თბილისის საკრებულოა. საკრებულოს დაფინანსება 1.2 მილიონი ლარით იზრდება. იქ მომუშავეთა რიცხვი 40 კაცით შემცირდა. თუმცა შრომის ანაზღაურება 100 მილიონი ლარით გაიზარდა.
თბილისის ბიუჯეტის მთავარი მიზანი სერვისის გაუმჯობესებაა. ზედმეტი ხარჯების შეკვეცასთან ერთად, თბილისის ბიუჯეტი პრიორიტეტებს განსაზღვრავს.
თბილისის მერიამ 2011 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები მოსახლეობასთან ერთად დაგეგმა. მათ შორისაა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მოსახლეობის სოციალური დაცვა, მოსახლეობისთვის მომსახურების გაუმჯობესება, ქალაქის დასუფთავება და სანიტარული წესრიგი, ასევე ქალაქის გამწვანება, განათლება და გარეგანათება.
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ქალაქის ბიუჯეტის ეკონომიკური საქმიანობის პუნქტში შედის. აქვეა გზებისა და ეზოების კაპიტალური და მიმდინარე შეკეთებაც. სულ ეკონომიკურ საქმიანობაზე ქალაქის ბიუჯეტიდან 90 მილიონი ლარი დაიხარჯება. ეს რიცხვი, 2010 წელთან შედარებით (153 მილიონი ლარი), 63 მილიონი ლარით ნაკლებია.
2011 წელს თბილისის მოსახლეობის სოციალურ დაცვაზე 112 მილიონი ლარი დაიხარჯება. 2011 წლის ბიუჯეტი აქცენტს სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე – ხანდაზმულებზე, მრავალშვილიან ოჯახებსა და შეზღუდული უნარების მქონე ბავშვებზე აკეთებს. ხანდაზმულთა პენსიების დანამატებით უზრუნველყოფისთვის 2011 წელს ბიუჯეტი 24.6 მილიონ ლარს გამოყოფს, რაც მიმდინარე წელთან შედარებით (24.1 მილიონი ლარი) 500 ათასი ლარით მეტია. გრძელდება სოციალურად დაუცველთა საცხოვრებლით უზრუნველყოფაც. ამ მიმართულებით 2011 წლის ბიუჯეტში 1.7 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რაც მიმდინარე წელთან შედარებით (1.4 მილიონი ლარი), 300 ათასი ლარით მეტია. სულ სოციალურ დაცვაზე მიმდინარე წელთან შედარებით (125 მილიონი ლარი), 13 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯება.
მოსახლეობისთვის მომსახურების გაუმჯობესება და გარეგანათება, ასევე, ბინების მესაკუთრეთა ამხანაგობების ინსტიტუტის განვითარება და სადარბაზოების შეკეთება ქალაქის ბიუჯეტის თბილისის მოსახლეობის საბინაო-კომუნალური მეურნეობის პუნქტში შედის. საბინაო-კომუნალური მეურნეობისთვის 196 მილიონი ლარი გამოიყოფა. ეს რიცხვი, მიმდინარე წელთან შედარებით (226 მილიონი ლარი), 30 მილიონი ლარით ნაკლებია.
ქალაქის დასუფთავება და გამწვანება ქალაქის ბიუჯეტის გარემოს დაცვის მუხლში შედის. აქვე იგულისხმება ნარჩენების შეგროვება, გადამუშავება და განადგურება, ბიომრავალფეროვნებისა და ლანდშაფტების დაცვა. თბილისის გარემოს დაცვას 2011 წელს 63.2 მილიონი ლარი მოხმარდება. ეს რიცხვი, მიმდინარე წელთან შედარებით (63.3 მილიონი ლარი), 100 ათასი ლარით ნაკლებია.
2011 წელს განათლებას თბილისის ბიუჯეტიდან 31 მილიონი ლარი მოხმარდება. აქ შედის სკოლამდელი აღზრდა და ბაგა-ბაღების დაფინანსება. მიმდინარე წელთან შედარებით (45 მილიონი ლარი), ამ მიმართულებით, 14 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯება.
თბილისის ბიუჯეტი ამ პრიორიტეტების გარდა, საზოგადოებრივ წესრიგსა და უშიშროებას, ჯანმრთელობის დაცვასა და კულტურას აფინანსებს. აქედან, მიმდინარე წელთან შედარებით, საზოგადოებრივ წესრიგსა და უშიშროებაზე 18 ათასი ლარით, ხოლო კულტურაზე – 548 ათასი ლარით მეტი დაიხარჯება. ჯანმრთელობის დაცვის ხარჯი 3 მილიონი ლარით მცირდება. ყველა ეს მიმართულება ცენტრალურ ბიუჯეტთან საზიაროა.
მოსახლეობის პრიორიტეტებს შორის მოხვდა ორი პროგრამა: ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე და თბილისის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა.
2011 წელს თბილისის ეკონომიკის განვითარებისთვის ბიუჯეტიდან 5.3 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამ პროგრამის მიზანია ბიზნესის დაწყების მხარდაჭერა და მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარება. პროგრამის ფარგლებში იგეგმება იაფი სესხების გაცემა მცირე და საშუალო ბიზნესებზე, დამწყები ბიზნესმენებისთვის ტრენინგი და ბიზნესკონსულტაციები. მიმდინარე წელთან შედარებით (4.6 მილიონი ლარი), 2011 წელს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, 637 ათასი ლარით მეტი გამოიყოფა. ბიუჯეტი არ აკონკრეტებს თანხას, რომელიც თითოეულ ქვეპროგრამას მოხმარდება. არც ტრენინგებისა და ბიზნესკონსულტაციების რაოდენობა და ხანგრძლივობაა დაზუსტებული.
2011 წელს ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის პროგრამის ფარგლებში 64 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის მთავარი მიზანია სამშენებლო ბიზნესის განვითარება და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. მიმდინარე წელთან შედარებით (10 მილიონი ლარი), 2011 წელს ბიუჯეტიდან 54 მილიონი ლარით მეტი გამოიყოფა.
ორივე ეს პროგრამა მოსახლეობის დასაქმებას ითვალისწინებს. 2010 წლიდან მომავალ წელს კიდევ 10 პროგრამა გაგრძელდება.
თბილისის მერიამ შეძლო ის, რაც ვერც ცენტრალურმა ხელისუფლებამ და ვერც საკრებულომ ვერ მოახერხა – მაქსიმალურად შეკვეცა ხარჯები, მათ შორის, პირველ რიგში, ადმინისტრაციული და ბოლომდე შეინარჩუნა ყველა ნაკისრი ვალდებულება. ამასთან, ბიუჯეტის განხილვების პროცესში არ დათმო მთავარი პრინციპი – 2011 წლიდან შემცირდება ადამიანების პირდაპირი სუბსიდირება დახმარებებით და მათი დასაქმების ალბათობა გაიზრდება.





