პენიტენციური სისტემა

პენიტენციური რეფორმის ახალი ეტაპი

საქართველოში პირობით ვადამდე გათავისუფლების ახლებური პრინციპი ამოქმედდა. პატიმრობის ახალი კოდექსის მიხედვით, პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭოები შეიქმნა. ისინი უშუალოდ იღებენ გადაწყვეტილებას, პირი გაათავისუფლონ, თუ სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეუცვალონ.  

ამჟამად სულ სამი საბჭო ფუნქციონირებს – აღმოსავლეთის, დასავლეთისა და არასრულწლოვანთა. მომავალში საბჭოების რაოდენობის ზრდაცაა შესაძლებელი.
 
ცვლილებები პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ძალაში ოქტომბერში შევიდა. იქამდე პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს ერთი ცენტრალიზებული კომისია განიხილავდა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოში მიიღებოდა. 
 
საბჭოებმა თავიანთი მოვალეობა პირველად ნოემბრის პირველ ნახევარში შეასრულეს. მათ, საერთო ჯამში, 20 პატიმრის განცხადება დააკმაყოფილეს – აღმოსავლეთის საბჭომ – 14, დასავლეთის საბჭომ – 4, ხოლო არასრულწლოვანთა საბჭომ – 2.  
 
შუამდგომლობის განხილვისას საბჭო აფასებს –  მსჯავრდებულის ქცევას სასჯელის მოხდის პერიოდში; წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს; ჩადენილი დანაშაულის ხასიათს; პატიმრის პიროვნებას; მის ოჯახურ მდგომარეობას; ასევე იმას, მიღწეულია, თუ არა სასჯელის მიზანი და ა.შ. 
 
პირობით ვადამდე გათავისუფლება არ ნიშნავს სასჯელის მოხდისგან სრულ გათავისუფლებას. შემდგომში მსჯავრდებულის ყოფაქცევას პრობაციის ბიურო აკონტროლებს. კონტროლის გარდა, ისინი ამ ადამიანებს რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაში ეხმარებიან. 
 
თავის მხრივ, საბჭოებს მუდმივმოქმედი კომისია ზედამხედველობს. ის არანაკლებ სამ თვეში ერთხელ განიხილავს საბჭოების ანგარიშებს მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. კომისიას შეუძლია, გამოითხოვოს საბჭოს განხილული ნებისმიერი საქმე, რომლითაც მსჯავრდებულს უარი ეთქვა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. თუ კომისია უარს იტყვის გათავისუფლებაზე, ეს შეიძლება სასამართლოში ერთჯერადად გასაჩივრდეს, ისევე როგორც საბჭოს უარი.
 
როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე ტატო ქელბაქიანი განმარტავს, ცვლილების მიზანი დეცენტრალიზებული სისტემის შექმნაა. მისი თქმით, რაც უფრო დეცენტრალიზებულია სისტემა, მით უფრო ეფექტიანად მუშაობს და მეტ ადამიანს მიეცემა გათავისუფლების საშუალება. 
 
სასამართლოებს პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის გარდა, სხვა უამრავი ფუნქცია აქვთ. იმ ორგანოების შექმნა კი, რომლებიც უშუალოდ ამ საკითხზე იქნებიან ფოკუსირებული, მისი თქმით, იმედს იძლევა, რომ თითოეული ადამიანის პირად საქმეს მეტ ყურადღებას დაუთმობენ. ქელბაქიანი ხაზს უსვამს, რომ საბჭოებში დაცულია ყველა ის პრინციპი, რაც სამართლიანი სასამართლოს სტანდარტია – ზეპირი მოსმენა, ადვოკატის მონაწილეობა, შეჯიბრებითობა...
 
ციხის საერთაშორისო რეფორმის (PRI) წარმომადგენელი ცირა ჭანტურია ცვლილებებს დადებითად აფასებს. ის ხაზს უსვამს როგორც დეცენტრალიზაციის მნიშვნელობას, ასევე არასრულწლოვნების საბჭოს ცალკე ერთეულად გამოყოფას და იწონებს მათთვის შემუშავებულ მიდგომებს. ეს საბჭო საქმეებს არასრულწლოვანთა სპეციფიკის გათვალისწინებით განიხილავს. 
 
არასრულწლოვნების მიმართ განსხვავებული მიდგომა ინერგება პირობით ვადამდე  გათავისუფლების ხელახლა თხოვნის ვადებთან დაკავშირებითაც. საბჭო ყოველთვიურად განიხილავს შუამდგომლობებს. უარის შემთხვევაში, პატიმარს უფლება აქვს 6 თვის შემდეგ მას ხელახალი თხოვნით მიმართოს. არასრულწლოვნებისთვის კი ეს ვადა სამი თვით განისაზღვრება. 
არასრულწლოვნებისთვის გასულ კვირას კიდევ ერთი პროგრამა ამოქმედდა – განრიდებისა და მედიაციის. განრიდება პროკურორის მხრიდან
 
არასრულწლოვანის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებას გულისხმობს ალტერნატიული პასუხისმგებლობის დაკისრების გზით. მედიაცია კი არასრულწლოვანსა და დაზარალებულს შორის დიალოგის პროცესია, თუ დაზარალებულიც თანახმაა. მისი უარი განრიდების პროცესს არ აფერხებს. 
 
შანსი იმ არასრულწლოვანს ეძლევა, რომელიც პირველად ჩაიდენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს. ის უნდა აღიარებდეს ბრალს და ბოდიში მოიხადოს. არასრულწლოვანი და მისი ოჯახი ასევე მზად უნდა იყვნენ დაზარალებულისთვის (თუ თავად უარს არ იტყვის) ზიანის ასანაზღაურებლად. 
 
არასრულწლოვანთან ფორმდება ინდივიდუალური ხელშეკრულება (მაქსიმუმ 12 თვით). ამ ხელშეკრულებით მისი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება. მასზე ხელს აწერს სოციალური მუშაკიც, რომელიც პროკურორთან ერთადაა ჩართული პროცესში. დაკისრებული სანქცია მისი ჩადენილი დანაშაულის პროპორციული უნდა იყოს. ხელშეკრულების პირობების განსაზღვრისას მის პიროვნებასა და ინტერესებს გაითვალისწინებენ. 
 
თუ არასრულწლოვანი უხეშად დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს, პროკურორი უფლებამოსილია დაიწყოს, ან განაახლოს სისხლის სამართლებრივი დევნა. განრიდების შანსი არასრულწლოვანს მხოლოდ ერთხელ ეძლევა. 
როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, ცვლილების მიზანი, ერთი მხრივ, ნაკლებად მძიმე დანაშაულის პირველად ჩამდენის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებაა. მეორე მხრივ კი, რეციდივის – განმეორებითი დანაშაულის – თავიდან არიდება.  
პროგრამა ჯერჯერობით ოთხ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში – ამოქმედდა.

 

კომენტარები