უცხო სიხარული

 საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლის ბოლო, ამხანაგურ მატჩში სლოვენიას სტუმრად 2:1 მოუგო!

მასპინძელთა გოლი ჯერ შეცვლაზე შესულმა სანდრო გურულმა გაქვითა – მცველებს შეცდომა არ აპატია, რამდენიმე წამში კი ჯანო ანანიძემ მათე ვაწაძის შესანიშნავი პასით მეორე გაიტანა. ეს გოლები ორივესთვის პირველი იყო ნაკრებში, სანდრო გურულმა კი სულაც დებიუტი აღნიშნა გოლით!

ქართველებმა სლოვენიელებს მეოთხე ცდაზე პირველად სძლიეს. აქამდე გამართული სამი დაპირისპირებიდან მეტოქემ ორი მოიგო, ერთი კი ფრედ დასრულდა.
 
თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჩვენმა გუნდმა 2010 წელი დაუმარცხებლად დაასრულა: მარტში, ესტონეთთან ასევე 2:1 მოგებული თამაშის შემდეგ ნაკრებმა 4 ოფიციალური და 3 ამხანაგური მატჩი ჩაატარა და დაუმარცხებელი სერია რვამდე გაზარდა. ეს რეკორდის გამეორებაა (1997 წელს სამი წაუგებელი მატჩი დავით ყიფიანის ხელმძღვანელობით, 1998 – ვლადიმერ გუცაევმა ნაკრები ხუთჯერ ათამაშა დაუმარცხებლად).
სლოვენიაში მოგებული თამაში არაერთი საინტერესო ფაქტის გამოა აღსანიშნავი, თუმცა მთავარი, ცხადია, მოგებაა. თუნდაც არცთუ კარგი თამაშის ფონზე – ჩვენი გუნდი ნამდვილად არ იყო შთამბეჭდავი, მაგრამ შედეგს კი სასურველს მიაღწია. 
 
თემურ ქეცბაია პირველი მწვრთნელია ნაკრების ისტორიაში, რომელიც საწყის 8 შეხვედრაში დაუმარცხებელია!
 
ეს რეკორდია და ამავდროულად, უტყუარი დადასტურებაც: მის ხელში გუნდი პროგრესირებს და იგებს მატჩს, თუნდაც სტუმრად, თუნდაც მეორე შემადგენლობით და თუნდაც გაშვებული გოლის შემდეგ. მთავარი, რაც ქეცბაიამ მოახერხა, არის ის, რომ ფეხბურთელებს თვითრწმენა დაუბრუნდათ, ბოლომდე იბრძვიან და წაგების რცხვენიათ.
 
საქართველოს ნაკრებს ბევრი სამუშაო რომ აქვს, არავინ დაობს, მაგრამ ამაზე საუბრით ამჯერად თავს არ შეგაწყენთ. ახლა სიხარულის დროა, რადგან ჩვენი გუნდისთვის წლევანდელი შედეგები უცხოა, სასიამოვნოდ უცხო, ჩვენ, გულშემატკივრები კი ამას ძალიან დიდხანს ველოდით.
 
შეუდარებელი გრძნობაა, როცა შენი საყვარელი გუნდით ამაყობ! საქართველოს ნაკრებმა მოიგო, გამარჯვებულებს კი არ ასამართლებენ.
 
ჩვენც გავიხაროთ, ხოლო ნაკლოვანებებზე საუბარი თემურ ქეცბაიას და მის თანაშემწეებს მივანდოთ. მით უმეტეს, რომ ჩანს, მათ ეს საქმე კარგად ეხერხებათ.
 
იმედია, 2011 წელიც ასეთივე წარმატებული იქნება.
 
საქართველოს ეროვნული ნაკრები 2010 წელს
 
3 მარტი. თბილისი. ამხანაგური მატჩი
2:1 ესტონეთი (ლ. კობიაშვილი, დ. სირაძე)
 
25 მაისი. ავსტრია, ლიენცი. ამხანაგური მატჩი
0:0 კამერუნი
 
11 აგვისტო. მოლდოვა, კიშინიოვი. ამხანაგური მატჩი
0:0 მოლდოვა
 
3 სექტემბერი. საბერძნეთი, ათენი. ევრო 2012
1:1 საბერძნეთი (ა. იაშვილი)
 
7 სექტემბერი. თბილისი. ევრო 2012
0:0 ისრაელი
 
8 ოქტომბერი. თბილისი. ევრო 2012
1:0 მალტა (დ. სირაძე)
 
12 ოქტომბერი. ლატვია, რიგა. ევრო 2012
1:1 ლატვია (დ. სირაძე)
 
17 ნოემბერი. სლოვენია, კოპერი. ამხანაგური მატჩი
2:1 სლოვენია (ს. გურული, ჯ. ანანიძე)
 

კომენტარები