გასოლის მეოთხე 3D

 ბოლო დეკადის საუკეთესო მეოთხე ნომრები იყვნენ მშვიდი და საუკეთესო ტიმ დანკანი, გამომწვევი, ასაკში შესვლით უფრო გაბოროტებული კევინ გარნეტი, გაურკვეველი და მაინც მაგარი დირკ ნოვიცკი, ცხოვრებაში ბუნჩულა და მოედანზე მკვლელი ელტონ ბრენდი. და კიდევ ერთი ესპანელი, რომლის ამპლუაც ამერიკელებისთვის არის ცენტრი და ევროპელებისთვის – ფორვარდი. რომელიც უფრო ფორვარდია, ვიდრე ცენტრი და უფრო ცენტრობს (ენდრიუ ბაინუმის ტრავმის გამო), ვიდრე მეხუთე ამოწეულ პივოტს თამაშობს. მოკლედ, ყველაფერს აკეთებს და კალიფორნიული ბანდისთვის უკვე კობი ბრაიანტზე წონადია. NBA-ში მეორე კვირის MVP გახდა ლეიკერსის ესპანელი ჟირაფი, პო გასოლი. 

პო კარიერის საუკეთესო სეზონებს ატარებს. მშვიდი შეტევაში, აკურატული და ხისტი დაცვაში, თითქმის ავტომატიზმამდე დაყვანილი საშუალო სროლა და გაუმჯობესებული პროცენტული მაჩვენებელი საჯარიმოების შესრულების დროს (პოს პირველი 23 საჯარიმოდან 21 ჰქონდა ჩაგდებული). გასოლი აღარ არის კობის შემდეგ გუნდის საუკეთესო მეორე ოფცია. ფილ ჯექსონისთვის ბარსელონელი უფრო საიმედოა, ვიდრე წინა სეზონებში და გასოლმა ეს დაიმსახურა. 
ბოლო ორ მატჩში პო საშუალოდ 23 ქულას, 12 მოხსნას და 2 დაფარებას იღებდა. საუკეთესო წლებში, შაკი ამ სტატისტიკას მესამე მეოთხედისთვის აფიქსირებდა, მაგრამ დიზელი უკვე ისტორიაა და პო – ლეიკერსის მომავალი, აწმყო, თითქმის ყველაფერი. კარიერაში მეოთხე ტრიპლ დაბლიც მშვენიერი, ეფექტური იყო. პორტლენდის 121:96 გალახვაში პომ 20 ქულა, 14 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა გადაიხადა და ხურდაც არ მოუთხოვია, სამმაგი შეირგო და მშვიდად წავიდა ჯეკ ნიკოლსონისგან რუტინული მილოცვის მისაღებად. 
ამ არაჩვეულებრივ ადამიანს ერთი ნაკლი აქვს – ბარსელონელია და მადრიდის რეალზე ჭკუა ეკეტება. ეჭვი მაქვს, ეს ფილ ჯექსონს ისევე ადარდებს, როგორც –  ქართველი მწვრთნელების უმრავლესობას ეტორე მესინას სამწვრთნელო სემინარი. 

კომენტარები