რამდენიმე მოსაზრება საგამოცდო აურზაურის შესახებ

 რამდენიმე დღეა თბილისის სკოლების უფროსკლასელები გამოსაშვები გამოცდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავენ. ამ მიტინგებს პრეზიდენტმა სააკაშვილმა „ოროსანთა რევოლუციის” მცდელობა უწოდა, ოპოზიციამ კი საგანმანათლებლო გენოციდის პოლიტიკის გამტარებელი პირსისხლიანი რეჟიმის კრულვის მორიგი რიტუალი აღასრულა. 

 გამოცდების წინააღმდეგ გამოსვლები, ისევე როგორც ამ საკითხზე პოლიტიკოსთა მჭახე შეფასებები, საქართველოს ისტორიაში ახალი ფენომენი არ არის. 80-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული მოსწავლეები და სტუდენტები ხან უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩარიცხვას, ხანაც სემესტრული გამოცდების გაუქმებას ითხოვდნენ და ამ მიზნით პროტესტის სხვადასხვა ექსტრავაგანტულ ფორმებს მიმართავდნენ. 
 
წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად მოსწავლეთა ანტისაგამოცდო აქციებს თან სდევდა მნიშვნელოვანი სიახლე – მომიტინგეთა სკოლების დირექტორებმა, საფეთქელში ცხელი ტყვია კი არ მიიხალეს – განათლების სამინისტროში “ნებაყოფლობით” გადადგომის განცხადებები აფრინეს. იმ სკოლებში, რომელთა ხელმძღვანელებმა თანამდებობიდან წასვლაზე უარი განაცხადეს, განათლების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შემოწმება დაიწყო. ცხადია, ამ შემოწმებას არანაირი კავშირი არა აქვს მოსწავლეთა პოლიტიკურ აქტივობასთან. მან მხოლოდ აკაკის “გამზრდელის” ცოდნა უნდა შეამოწმოს ოროსან მოსწავლეთა იდეურ პოლიტიკურ დონეზე პასუხისმგებელ პირებს შორის. 
 
განათლების მინისტრ შაშკინის განცხადებით, მისი უწყება თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლის დირექტორის გადაყენების საქმეში არ ჩარეულა – მათ გადადგომის თხოვნით სკოლების სამეურვეო საბჭოებს თვითონ მიმართეს. 
 
თავად დირექტორებს მოვლენების განსხვავებული ვერსია აქვთ. კერძოდ, 149-ე საჯარო სკოლის ხელმძღვანელმა მაია გიორგაძემ განაცხადა, რომ იგი სხვა სკოლების დირექტორებთან ერთად განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და გადადგომის შესახებ განცხადებაზე ხელის მოწერა მოსთხოვეს. უარის მიღების შემდეგ სკოლაში გენერალურმა ინსპექციამ შემოწმება დაიწყო, მოგვიანებით კი გიორგაძემ თავი შეუძლოდ იგრძნო და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გენერალური ინსპექცია 148-ე სკოლაშიც შევიდა, რომლის დირექტორი გიორგაძის მეუღლეა. ვალერიან გიორგაძის განცხადებით, შემოწმება მინისტრის ბრძანებით დაიწყო, ინსპექციის წარმომადგენელი კი – თუ მეუღლე ნებაყოფლობით არ გადადგებოდა – მასაც თანამდებობიდან გათავისუფლებით დაემუქრა.
 
ზეწოლის შესახებ სკოლის მოსწავლეებიც საუბრობენ. მათი მტკიცებით, სკოლის დირექტორები მათ კარებს უკეტავდნენ, შენობიდან რომ არ გასულიყვნენ. გაცდენებისთვის მოსწავლეებს ახსნა-განმარტებებს აწერინებენ. სწორედ ამიტომ, გასული კვირის ბოლოს გამართულ აქციებზე მონაწილეებს უკვე პირბადეები ჰქონდათ აკრული.
 
განათლების სამინისტრო დირექტორებზე ან მოსწავლეებზე რაიმე ზეწოლას კატეგორიულად უარყოფს. შვილის გამო მამის პასუხისმგებლობის დაუშვებლობას, მართალია მხოლოდ სიტყვიერად, მაგრამ თვით იოსებ სტალინიც კი აღიარებდა. ცხადია, რომ 21-ე საუკუნის კანონმდებლობის მიხედვით, პროტესტის გამო მოსწავლეების და მით უმეტეს დირექტორების დასჯის უფლებამოსილება სახელმწიფოს ვერ ექნება.
 
პირიქით, ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე-14 და მე-15 მუხლები მოსწავლეებს გამოხატვის თავისუფლებას და შეკრებების გამართვის უფლებას აძლევს. სკოლის ადმინისტრაციას მასში ნებისმიერი სახით ჩარევა ეკრძალება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სასწავლო პროცესის მსვლელობისათვის ხელის შეშლის საფრთხე არსებობს. 
 
არასრულწლოვანთა აქციებში მონაწილეობას არც შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი ზღუდავს, გარდა იმ პირობისა, რომ მე-5 მუხლის მიხედვით, აქციის ორგანიზატორი სრულწლოვანი უნდა იყოს. 
 
ამასთან, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით, გაფრთხილება არ არის სავალდებულო ცალკეული მოქალაქეებისათვის, რომელთაც საკუთარი შეხედულებების საჯაროდ გამოხატვა სურთ. ამგვარი აქციის დროს მის მონაწილეებს უფლება არ აქვთ, შეკრებისა და მანიფესტაციისათვის გამოიყენონ შენობების შესასვლელები და კიბეები, გადაკეტონ გზის სავალი ნაწილი ან შეაფერხონ ტრანსპორტისა და ხალხის მოძრაობა.
 
პირბადიანი მოსწავლეების აქციებთან დაკავშირებული ემოციების და მასზე რეაქციის შედეგად წამოჭრილი უფლებრივი საკითხების ფონზე გარკვეულწილად ჩაიკარგა თავად საკითხის არსი – გამოსაშვები გამოცდების მომხრე და საწინააღმდეგო არგუმენტები. 
 
განათლების სამინისტრო მიიჩნევს, რომ მოსწავლეებს საკმარისი დრო ჰქონდათ მოსამზადებლად. 8 ძირითად დისციპლინაში გამოსაშვები გამოცდების შემოღების შესახებ გადაწყვეტილება მარტში მიიღეს. 
 
სამინისტრო ამტკიცებს, რომ ახალი ტესტები საკმაოდ მარტივია. ამავე დროს, საატესტაციო პროგრამის მაისში ჩატარებული პილოტირების შედეგები, რომელიც ეროვნული საგამოცდო ცენტრის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, საწინააღმდეგო სურათს იძლევა – ზოგიერთ საგანში მოსწავლეთა უმრავლესობამ დაბალი ქულები მიიღო. 
 
საატესტაციო გამოცდების აუცილებლობას სამინისტრო სკოლებში აკადემიური მოსწრების დაბალი დონით ხსნის. მისი მტკიცებით, მოსწავლეები მხოლოდ იმ საგნებში ემზადებიან, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდისათვის სჭირდებათ. მთავრობა თვლის, რომ გამოსაშვები გამოცდების შემოღება დანარჩენ დისციპლინებში სწავლების დონეს გამოასწორებს. 
 
გამოცდების და ტესტების მეშვეობით განათლების ხარისხის ამაღლებასთან დაკავშირებული მოლოდინები შესაძლოა გადამეტებულად ოპტიმისტური აღმოჩნდეს. 
გამოცდების მოწინააღმდეგე განათლების მკვლევრები მიუთითებენ ერთ კანონზომიერებაზე – დაკვირვება გავლენას ახდენს დაკვირვების ობიექტზე. რაც უფრო მნიშვნელოვანი ხდება შემოწმების სისტემა, მით უფრო უარყოფითი ზეგავლენა აქვს იმ პროცესზე, რომლის შემოწმებისათვისაცაა ის მოწოდებული. 
 
სასწავლო პროცესში გამოცდების მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, მოსწავლისათვის მთავარი არა ზოგადად ცოდნის დაუფლება და უნარების განვითარება, არამედ გამოცდის ან ტესტის კარგად ჩაბარება ხდება.
 
აკადემიური წარმატების მთავარ საზომად ტესტების გამოყენება განათლების ხარისხის მატებას ავტომატურად ვერ უზრუნველყოფს. მიზეზი მარტივია: ტესტით ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების ძალიან მცირე ნაწილის შემოწმებაა შესაძლებელი. 
 
შესაბამისად, ადამიანის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი კომუნიკაციური, სოციალური, ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარების და ღირებულებების ჩამოყალიბების ნაცვლად, განათლების პროცესში აქცენტი სწორი პასუხების დაზეპირებასა და გამოცნობის ტექნიკის განვითარებაზე გადადის. 
 
მთელი სასწავლო პროცესის ფარგლებში ლოგიკური აზროვნების განვითარების ნაცვლად მოსწავლეები ე.წ. „უნარების საგანში” მომზადებას არჩევენ. სტანდარტიზებული გამოცდების როლის ზრდა განსაკუთრებით აზარალებს ე.წ. საავტორო და კერძო სკოლებს და ინოვაციის სტიმულს უკლავს. 
 
გამოსაშვები გამოცდების სასარგებლო ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ისაა, რომ მან საშუალო განათლებას ღირებულება უნდა დაუბრუნოს. სკოლაში სწავლის მთავარი მიზანი არ შეიძლება იყოს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებისთვის მომზადება. თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებს ეს რეფორმა მოსწავლეთა მოტივაციის შეცვლას. 
 
მისაღები გამოცდები აბიტურიენტის ფარდობით და არა აბსოლუტურ ცოდნას და უნარებს ამოწმებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტის წარმატებას, არა მხოლოდ პირადი მომზადების დონე განაპირობებს – მნიშვნელოვანია, თუ რამდენად არის მომზადებული მისი თაობა. აქედან გამომდინარე, ახალგაზრდას მისთვის უცნობი სირთულის შეჯიბრისათვის მომზადება უწევს. ამ შეჯიბრში მას წინასწარ არასდროს ეცოდინება, თუ რა მინიმალურ დონეს უნდა მიაღწიოს, ვინაიდან ყოველთვის შესაძლებელია, რომ კონკურენტი უფრო მომზადებული აღმოჩნდეს. შესაბამისად, ის იძულებულია გამოცდაზე მაქსიმალური ქულების მისაღებად იმეცადინოს.
 
სწორედ ამის გამოა, რომ აბიტურიენტების უმეტესობას არასოდეს აკმაყოფილებს ცოდნის ის მოცულობა, რაც მას თუნდაც ყველაზე კარგმა სკოლამ შეიძლება შესთავაზოს. სასკოლო განათლების უგულებელყოფა და გამოცდებისათვის მზადება უმაღლესი განათლების მოსურნე ახალგაზრდისათვის აბსოლუტურად რაციონალური სტრატეგიაა. 
 
საატესტაციო გამოცდების მოწინააღმდეგეები სხვა უარყოფით შედეგებზეც მიუთითებენ. მაგალითად, კერძო მასწავლებელთან მომზადების სურვილით ხშირია სკოლის ნაადრევად მიტოვების შემთხვევები. ეს ტენდენცია უფრო დიდია ე.წ. რისკის ჯგუფის წარმომადგენელთა შორის – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების, უმცირესობებისა და სოციალურად დაუცველი ადამიანების ფენებში. 
 
უკვე კარგა ხანია, გამოცდების შესახებ დებატები სპეციალისტთა შორის მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს განათლების სისტემის მესვეურებმა ან მათმა ოპონენტებმა ამ დისკუსიაში საბოლოო წერტილის დასმა შეძლონ. ცხადია, არც ერთი სისტემა უნაკლო არ არის და ყველაზე წინააღმდეგობრივ მიდგომასაც საკუთარი პლუსები აქვს. ცდისა და შეცდომის გზით ყველა უკეთეს მოდელს ესწრაფვის, მაგრამ ხშირად ეს უკეთესი, კარგის მტერი აღმოჩნდება ხოლმე. 

კომენტარები