ქამრების შემოჭერა — სიტყვა, რომელიც ვერ იქცა საქმედ

პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის ჩასწორებული ვარიანტი დაბრუნდა. პირველი მოსმენის შემდეგ, მთავრობის მიერ დოკუმენტში შეტანილი ცვლილებების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტი 6.960 მილიარდი ლარიდან – 7.088 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. 2011 წლის პროგნოზით ბიუჯეტის შემოსავლები მშპ-ს 27.8%, ხოლო ხარჯები – მშპ-ს 24.9% იქნება. საბიუჯეტო დეფიციტი 4.3%-მდე შემცირდება. 
 
სახელმწიფო ბიუჯეტი, 2010 წელთან შედარებით, 97 მილიონი ლარით იზრდება. აქედან შემოსავლები – 534 მილიონი, ხარჯები კი – 110 მილიონი ლარით. ბიუჯეტის ნამეტი თანხის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობის, განათლების, ინფრასტრუქტურის, სპორტის, ეკონომიკის სამინისტროებს, საერთო სასამართლოებსა და ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს ემატება. დეკლარირებული ქამრების მოჭერის პოლიტიკა ბიუჯეტში ისევ ნაწილობრივ აისახა.
 
საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი (100 ათასი მოხელე) კიდევ  437 კაცით გაიზარდა, მათი შრომის ანაზღაურება კი – 4 მილიონი ლარით. სულ ხელფასებზე 1.1 მილიარდი ლარია გამოყოფილი. 2010 წელთან შედარებით ეს რიცხვი 46 მილიონით მეტია.
 
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაციის თანახმად, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებაზე სულ 1.8 მილიარდი ლარი დაიხარჯება. აქ შედის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფა, ფინანსური და ფისკალური საქმიანობა, საგარეო ურთიერთობები, საკადრო მომსახურება. მიმდინარე წელთან შედარებით, 2011 წელს ამ მიმართულებით მთლიანობაში 21 მილიონით ნაკლები დაიხარჯება.
 
პრიორიტეტული სფეროებიდან ორს შეუმცირდა დაფინანსება. თავდაცვაზე 653 მილიონი ლარი, საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებაზე კი – 791 მილიონი ლარი გამოიყოფა. მიმდინარე წელთან შედარებით, თავდაცვაზე 86 მილიონით, ხოლო საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებაზე – 1.9 მილიონით ნაკლები დაიხარჯება. ბიუჯეტის ჩასწორებულ ვარიანტში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ასიგნებები პირველად ვარიანტთან შედარებით, 6 მლნ 900 ათასი ლარით იზრდება და საბოლოოდ 105.5 მლნ ლარს აღწევს.
 
2010 წელთან შედარებით, ყველაზე მეტად – 112 მილიონი ლარით იმატებს საბინაო კომუნალური მეურნეობის დაფინანსება (სულ 132 მილიონი ლარი). აქედან უმეტესი ნაწილი – 129 მილიონი ლარი წყალმომარაგებას მოხმარდება.
 
44.7 მილიონი ლარით გაიზრდება სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები. 2011 წელს სოციალურ უზრუნველყოფაზე 1.4 მილიარდი ლარი დაიხარჯება. აქედან, მიმდინარე წელთან შედარებით, 20 მილიონით ნაკლები მოხმარდება მიზნობრივი ჯგუფების (ღარიბები, ავადმყოფები და შეზღუდული შესაძლებლობების პირები, ხანდაზმულები) დაფინანსებას. ამავე წელთან შედარებით, სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა სოციალური უზრუნველყოფის სფეროში 190 მილიონი ლარით გაიზრდება. მისი უმეტესი ნაწილი – 154 მილიონი სოციალური გაუცხოების საკითხებზეა გამიზნული, რომლებიც კლასიფიკაციას არ ექვემდებარება.
 
 ჯანდაცვის დაფინანსება 15.4 მილიონი ლარით იზრდება. 2011 წელს ჯანდაცვაზე 385 მილიონი ლარი გამოიყოფა. აქედან, 332 მილიონი ლარი არაკლასიფიცირებული საქმიანობის მუხლშია გაწერილი. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა განმარტა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება. ბიუჯეტის ამ ნაწილს დასრულებული სახით მესამე განხილვისათვის წარმოადგენენ. პეტრიაშვილი ამბობს, რომ ყველაფერზე, რაც  მიმდინარე წელს ფინანსდება, ბიუჯეტიდან 2011 წელსაც გამოიყოფა სახსრები.
 
3.9 მილიონი ლარით იზრდება კულტურის, დასვენებისა და რელიგიის დაფინანსება. 2011 წელს ამ სამ სფეროზე 103 მილიონი ლარი გამოიყოფა. აქედან ყველაზე მეტი – 41 მილიონი კულტურის სფეროში მომსახურებას მოხმარდება. ბიუჯეტი მომსახურების სფეროებს არ აკონკრეტებს.
 
3.6 მილიონი ლარით იზრდება გარემოს დაცვის დაფინანსება – 2011 წლის ბიუჯეტი 23 მილიონ ლარს დახარჯავს. აქაც უდიდესი ნაწილი – 11.5 მილიონი ლარი არაკლასიფიცირებულია. 
 
1.4 მილიონი ლარით მოიმატებს განათლების სფეროს დაფინანსება. 2011 წელს ამ კუთხით 550 მილიონი ლარი დაიხარჯება. მისი უდიდესი ნაწილი – 389 მილიონი ლარი საშუალო ზოგად განათლებას მოხმარდება. 2010 წელთან შედარებით, ამ კუთხით 33 მილიონით მეტი დაიხარჯება. ეს თანხა ძირითადად პირველკლასელთათვის კომპიუტერების შეძენას და საჯარო სკოლების დაფინანსებას მოხმარდება .
 
2011 წელს ბიუჯეტიდან სასჯელაღსრულებაზე, პრობაციასა და იურიდიულ დახმარებაზე 105.5 მილიონი ლარია გამოყოფილი. ბიუჯეტის კანონპროექტის ბოლო ვერსიაში, ამ რიცხვმა კიდევ 6.9 მილიონი ლარით მოიმატა. ამ თანხის ძირითადი ნაწილი ციხეების მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდება. 
 
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელთან შედარებით, ბიუჯეტი 97 მილიონი ლარით გაიზარდა, ეს კანონპროექტის ჩასწორებულ ვერსიაში საშინაო და საგარეო ვალდებულებების მომსახურებასა და დაფარვაზე საერთოდ არ აისახა. ბიუჯეტის კანონპროექტის ბოლო ვერსიაშიც ვალების მომსახურებაზე იგივე – 315 მილიონი ლარი დაიხარჯება. მიმდინარე წელთან შედარებით, ეს 86 მილიონით მეტია. 
 
დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქე, სახელმწიფო ვალში 2 ათას დოლარს იხდის. ვალების მომსახურებას ბიუჯეტის 4% ხმარდება. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 3.5-ჯერ გაიზრდება და 14%-ს მიაღწევს. სახელმწიფოს ამ წელს თავისი ვალების უდიდესი ნაწილის – 800 მილიონ დოლარზე მეტის დაფარვა ელის.
 
ქამრების მოჭერის შედეგად დაზოგილი თანხები, წესით, დეფიციტის შემცირებასა და ვალის დაფარვას უნდა მოხმარდეს. მოკლევადიანმა შოკმა გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის გაჯანსაღება უნდა გამოიწვიოს. დღეს სახელმწიფო წინასწარ ხარჯავს ფულს, რომელიც ჯერ არ აქვს და დანამდვილებით არც იცის, რამდენი ექნება ან ექნება თუ არა საერთოდ. თუ 2011 წლისთვის პროგნოზირებული 4.5%-იანი ეკონომიკური ზრდა ვერ მიიღწევა, მომეტებული საბიუჯეტო ხარჯები, პირველ რიგში, სწორედ რიგით მოქალაქეს დააწვება ტვირთად. ამას გადასახადების, ინფლაციის ან ვალის მოცულობის კიდევ უფრო გაზრდა გამოიწვევს.
 
 

კომენტარები