ჩინეთის მომავალი ლიდერი

კომუნისტური პარტიის ლიდერები ჩინეთის რესპუბლიკის დაარსების 61-ე წლისთავის აღსანიშნავ ცერემონიალზე
ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დახურული კრება პეკინის ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა და 4 დღე გაგრძელდა. კრებაზე 57 წლის ვიცე-პრეზიდენტი ში ძინპინი ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. ცენტრალურ სამხედრო კომისიას ჩინეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. უკანასკნელ წლებში ქვეყნის ლიდერებს კომპარტიის გენერალური მდივნის და ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა უკავიათ. ადრე კი, ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრალურ სამხედრო კომისიაში მაღალი თანამდებობა იყო. მაგალითად, დენ სიაოპინს არც პრეზიდენტის, არც პრემიერის და არც გენერალური მდივნის პოსტი არ ეჭირა – იგი ცენტრალურ სამხედრო კომისიას თავმჯდომარეობდა. შის დაწინაურება ნიშნავს, რომ იგი 2012 წელს ჰუ ძინტაოსგან ქვეყნის სადავეებს გადაიბარებს.

ძინპინს ჩინეთისთვის ბოლო 30 წლის მანძილზე ურთულეს პერიოდში მოუწევს ლიდერობის ჩაბარება. ახლანდელი პრეზიდენტი ჰუ ძინტაო და მისი წინამორბედი ძიან ძემინი დენ სიაოპინის მიერ დასახულ კურსს აგრძელებდნენ. ამ დროის განმავლობაში ჩინეთი მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკად გადაიქცა, მისი პოლიტიკური ინტერესები კი აღმოსავლეთ აზიის რეგიონს გასცდა. 

ძინპინის არჩევით კომუნისტურ პარტიაში კონსერვატორებსა და პოლიტიკური ლიბერალიზაციის მომხრეებს შორის არსებული განხეთქილება გამოჩნდა. მათ შორის ბრძოლა არა მხოლოდ პოლიტიკური კურსის, არამედ ლიდერობის ხელში ჩასაგდებადაც მიმდინარეობს. ძინპინი გამოკვეთილად არც ერთ პოლიტიკურ ბანაკს არ მიეკუთვნება. ის კონსენსუსზე ორიენტირებულ ლიდერად მოიაზრება, თუმცა პოლიტიკურმა წარსულმა შესაძლოა, რეფორმისტებისკენ გადახაროს. შის ჟეძიანისა და ფუძიანის ეკონომიკურად განვითარებულ, საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებულ პროვინციებში მაღალი პარტიული თანამდებობები ეკავა. ის 2007 წელს შანხაიშიც მუშაობდა. 

აღსანიშნავია ბოლო პერიოდში ჩინეთში დამკვიდრებული ტრადიციაც: ქვეყნის მომავალ ლიდერს არჩევს არა მარტო მისი უშუალო წინამორბედი, არამედ წინამორბედის წინამორბედი. მოქმედი პრეზიდენტიჰუ ძინტაო დენ სიაოპინის რჩეულია, ხოლო ში – წინა ლიდერის, ძიან ძემინის რეკომენდაციით დაწინაურდა.
ძინპინი მიეკუთვნება ე.წ. პრინცების, ყოფილი გავლენიანი პოლიტიკოსების შთამომავლების ჯგუფს. პოლიტიკოსის მამა, სი ჟონსუნი, რევოლუციონერი და თანამედროვე კომუნისტური ჩინეთის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. ის კულტურული რევოლუციის დროს მაო ძედუნმა დააპატიმრა. მამამისის რეფორმატორული მოსაზრებების გამო, ძინპინი მოშორებულ პროვინციაში გადაასახლეს, სადაც მან ბავშვობა გაატარა. მაოს გარდაცვალების შემდეგ დენ სიაოპინმა ჟონსუნი ხელისუფლებაში დააბრუნა. ის იყო ერთ-ერთი იმ იშვიათ კომუნისტ ლიდერთაგან, რომლებიც 1989 წლის საპროტესტო აქციების დროს სტუდენტებთან შეხვედრაზე წავიდნენ. გამოსვლების ჩახშობის შემდეგ, ჟონსუნი მეორედ და უკვე საბოლოოდ ჩამოაშორეს ხელისუფლებას.

ძინპინი არა მარტო ცნობილი მამით ამაყობს. იგი ჩინეთში სახელგანთქმულ მომღერალ პენ ლიუანზეა დაქორწინებული (მეორედ). პენი ჩინური ვარდი ნამდვილად არ გახლავთ. იგი, ვარსკვლავური ცხოვრების პარალელურად, სახალხო განმათავისუფლებელი არმიის მაღალჩინოსანი და სამთავრობო სათათბირო ორგანოს წევრია. ძინპინის პოლიტიკური კარიერის აღმასვლამდე, საზოგადოებისთვის მისი მეუღლე ბევრად უკეთ იყო ცნობილი. პენის აქტიურობისა და დამოუკიდებლობის გამო ქვეყნის მომავალ პირველ ოჯახში ცოლ-ქმრულ პრობლემებთან დაკავშირებით სპეკულაციები გაჩნდა. შესაძლოა, ეს არაა ჰილარისა და ბილის ან თუნდაც კარლასა და ნიკოლას მსგავსი შემთხვევა, თუმცა ჭორაობა ჩინეთშიც უყვართ. 

ძინპინს, ისევე როგორც ჩინეთის სხვა ახლანდელ თუ ყოფილ ლიდერებს, ტექნიკური განათლება აქვს მიღებული. ის ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ, პეკინის ცინგჰუას უნივერსიტეტში ქიმიას სწავლობდა. თუმცა მოგვიანებით იმავე უნივერსიტეტში სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი დაამთავრა, მარქსისტული თეორიისა და იდეოლოგიური სწავლების სპეციალობით. ამას გარდა მას ხარისხი იურისპრუდენციაშიც აქვს.

1979 წელს სწავლის დამთავრებისთანავე, როგორც ამბობენ მამის გავლენის წყალობით, მუშაობა დაიწყო ცენტრალური სამხედრო კომისიის მდივნად. ამ თანამდებობაზე გატარებული 3 წელი მას აქტიურ სამხედრო სამსახურად ჩაეთვალა.

მთელი თავისი კარიერის მანძილზე, ძინპინი არ იყო გამორჩეული ფიგურა. მას ქარიზმის ნაკლებობის გამო აკრიტიკებენ. პოლიტიკოსმა მხოლოდ წელს თებერვალში მიიპყრო ყურადღება, როდესაც მექსიკაში ვიზიტისას მკვეთრი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ყველაფრით უზრუნველყოფილ უცხოელებს არაფერი დარჩენიათ გარდა იმისა, რომ ჩინეთისკენ გაიშვირონ ხელი, რომელიც არც რევოლუციის და არც სიღარიბის ექსპორტიორია.

ჩინეთში ეკონომიკური განვითარების მიუხედავად იზრდება მოსახლეობის უკმაყოფილება. პირველ რიგში ამის მიზეზი ეკონომიკური დივიდენდების არათანაბარი გადანაწილებაა, რომელსაც პოლიტიკური შეზღუდვები ამძაფრებს. ოფიციალური მონაცემებითაც კი ცხადი ხდება, რომ 1993 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა მასშტაბის საპროტესტო აქციების რიცხვი გაათმაგდა, ბოლო წლების მანძილზე კი წლიურად 100 ათასი შემთხვევა იყო აღნუსხული. ჩინეთის მთავრობა პროტესტის ჩახშობას ცდილობს ნაციონალისტური სენტიმენტების წინ წამოწევით, რომელსაც ანტიიაპონური და ანტიამერიკული ფონი აქვს.

ჩინეთის ეკონომიკურ განვითარებაში საკვანძო როლი ექსპორტმა და ინვესტიციებმა ითამაშეს. ექსპორტს ხელს უწყობს ვალუტის სუსტი კურსი დოლართან მიმართებაში. ჩინეთის უზარმაზარი დადებითი სავაჭრო სალდო მსოფლიო ეკონომიკაში არსებულ იმბალანსზე მიუთითებს. ჩინეთის ეკონომიკის რყევებს გარკვეული გლობალური გავლენა ექნება. ერთი მხრივ, მთავრობას სურს გაზარდოს ეკონომიკაში საშინაო მოხმარების წილი, მეორე მხრივ კი, იუანის გამყარებას სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი და უკვე საკმაო გავლენის მქონე კორპორაციები ეწინააღმდეგებიან. მთავრობის გარკვეული წრეები აგრეთვე შიშობენ, რომ ექსპორტის შემცირებით შემოსავლებს დაკარგავენ. ჩინელი დისიდენტი და ამჟამად ამერიკაში მცხოვრები ვეი ძინშენი ირონიულად აღნიშნავს, რომ კომუნისტურ პარტიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი, პოლიტიკოსთა ერთი ჯგუფია. მათ ჯერ ვერ მოასწრეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისგან პირადი დივიდენდების მიღება და რეფორმებს ყველანაირად შეეწინააღმდეგებიან.

პოლიტიკური რეფორმა, კონკრეტულად კი სისტემის ლიბერალიზაციის საკითხი, სავარაუდოდ, ძინპინის დღის წესრიგის სათავეში მოექცევა. პრემიერმა ვენ ძიაბაომ რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ არავის შეუძლია წინ აღუდგეს ხალხის მოთხოვნას სიტყვის თავისუფლებისა და სხვა პოლიტიკური უფლებების შესახებ. თუმცა ძიაბაოს ლიბერალური რიტორიკა გასაკვირი არ არის, რადგანაც ჩინეთის პოლიტიკური ლიდერები სხვადასხვა დროს მსგავს განცხადებებს აკეთებდნენ. რეალურად კი ეს საკითხი 1989 წლის სისხლიანი მოვლენების შემდეგ დახურულია. 

მამის რეფორმისტულმა გამოცდილებამ და ეკონომიკურად განვითარებულ პროვინციებში მრავალწლიანმა მუშაობამ შეიძლება კომუნისტური პარტიის სათავეში ახალი იდეები მოიტანოს. ძინპინთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობის დროს ის არ ზღუდავდა ინოვაციურ აზროვნებას. მას საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებულ მენეჯერად ახასიათებენ. 

ორიოდე წელიწადში, როდესაც ძინპინი პრეზიდენტისა და კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის პოსტებსაც გადაიბარებს, აღმოაჩენს, რომ ქვეყნის მართვა მხოლოდ მის იდეებზე არ იქნება დამოკიდებული. მას მოუწევს კომუნისტური პარტიის სხვადასხვა ფრაქციებისა და გავლენიანი ლიდერების აზრის გათვალისწინება. უკვე ცნობილია, რომ 2012 წელს პრემიერის პოსტს ჩაიბარებს ლი კექიანი, რომელიც ძინპინის მოკავშირედ არ მოიაზრება.

 დენ სიაოპინსა და მის თანამებრძოლებს, ძინპინის მამის ჩათვლით, ხშირად ადარებენ ლეგენდარულ 8 უკვდავს, რომლებიც, გადმოცემის თანახმად, ფლობდნენ განსაკუთრებულ თვისებებსა და უნარს, შეეცვალათ ისტორიის მიმდინარეობა. დენის რეფორმებმა მაოს გაჩანაგებულ ქვეყანას ეკონომიკური სასწაული მოუტანა. ათწლეულების შემდეგ, ჩინეთი ისევ დგას ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებების საჭიროების წინაშე. ძინპინსა და სხვა ჩინელ ლიდერებს მართლაც განსაკუთრებული თვისებების მოხმობა მოუწევთ არსებული პრობლემების გადასაჭრელად.
 

 

 

კომენტარები