ეკონომიკური ზღაპარი

იყო ერთი სოფელი, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ. ზოგი ხე-ტყეს ამზადებდა, ზოგი ნადირობდა, ზოგს ხორბალი მოჰყავდა, ხოლო ზოგი წყალს ეზიდებოდა მოშორებით ჩამდინარე ნაკადულიდან. ჩვეულებრივი სოფელი იყო, არაფერი განსაკუთრებული, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სოფელში არ არსებობდა ფული. უფრო ზუსტად კი, ამ სოფლის მცხოვრებლებმა საერთოდ არ იცოდნენ სიტყვა „ფული”-ს რაობა. პრინციპში არც სჭირდებოდათ. თუ მონადირეს ხორბალი დასჭირდებოდა პურის გამოსაცხობად, ნანადირევს ხორბალში ცვლიდა, თუ შეშა დასჭირდებოდა – შეშაში, ხოლო თუ წყალი – წყალში. ცხოვრობდნენ ასე, შრომობდნენ და საკუთარი შრომის ნაყოფის სხვა საქონელში გაცვლით სრულად იკმაყოფილებდნენ საკუთარ მოთხოვნილებებს.

დროთა განმავლობაში სოფლელები ისე გაიწაფნენ საქმის კეთებაში, რომ ძნელად თუ ვინმე შეედრებოდა მეტყევეს შეშის ჭრაში, მთესავს ხორბლის მოყვანაში, მონადირეს ნადირობასა, ხოლო წყლის მზიდავს – წყლის ზიდვაში. მეტიც, მათ სამუშაოს შესაბამისი იარაღებიც შექმნეს (მონადირემ მშვილდი, მთესავმა გუთანი და ა.შ.), რითიც კიდევ უფრო გაიზარდა მათი პროდუქტიულობა. და რადგან გაწაფულობისა და იარაღების ხარჯზე ახლა უკვე ბევრად მეტი პროდუქტის მოპოვება შეეძლოთ, დაიწყეს მარაგების გაკეთება და მეზობელი სოფლების მცხოვრებლებთან სხვა პროდუქტებზე გაცვლა.

ხანდახან ამინდი ქმნიდა პრობლემებს. ხანგრძლივი წვიმების შემთხვევაში ხორბლის მოსავალი მცირდებოდა, ხოლო გვალვის შემთხვევაში – ნაკადულში წყალი იკლებდა. მაგრამ სოფლელები მალე მიხვდნენ, რომ მცირე რაოდენობით ხორბალი თუ წყალი უფრო მეტად ფასობდა და, შესაბამისად, მეტ შეშასა თუ ნანადირევში იცვლებოდა.

მოკლედ, ცხოვრობდნენ ასეთ იდილიაში – ქმნიდნენ პროდუქტს, რომელიც მათ გარდა სხვებსაც სჭირდებოდათ, შემდეგ კი ცვლიდნენ ამ პროდუქტს სხვა, მათთვის სასურველ პროდუქტებში. თითოეული სოფლელი მოტივირებული იყო მაქსიმალურად დაეკმაყოფილებინა სხვა სოფლელების მოთხოვნები, რაც იმის გარანტია იყო, რომ გაცვლის შედეგად საკუთარ მოთხოვნებსაც დაიკმაყოფილებდა. იდილია გრძელდებოდა მანამ, სანამ სოფელში რამდენიმე თითის მწოველი არ გამოჩნდა (საიდან გამოჩნდა, ამის შესახებ ისტორია დუმს. ზოგიერთი მემატიანეს აზრით კი, ისინი მუდამ სოფელში ცხოვრობდნენ).

თითის მწოველები არც უცხოპლანეტელები იყვნენ და, მით უმეტეს, არც მასონები. ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ ყოველგვარი გენეტიკური დეფექტის გარეშე. ერთადერთი, რაც მათ გამოარჩევდათ მოკვდავი სოფლელებისგან, იყო ის, რომ – ისინი თითს წოვდნენ; სხვას არაფერს აკეთებდნენ და მხოლოდ თითს წოვდნენ.

დისონანსი საყოველთაო ჰარმონიაში თითის მწოველთა პირველმა მოთხოვნამ შეიტანა, რომელიც შემდეგში მდგომარეობდა – ჩვენც ამ მიწაზე ვცხოვრობთ და ამიტომ ჩვენც ისევე გვეკუთვნის ამ მიწის ყველა ნაყოფი, როგორც დანარჩენ სოფლელებსო; შესაბამისად, ყოველთვიურად ცოტა შეშა, პური, წყალი და ნანადირევი უნდა გვიწილადოთო.

თავდაპირველად სოფლელებმა იუარეს, რატომ უნდა გაგიყოთ ჩვენი ნაშრომი, თუ თქვენ არაფერს ისეთს არ ქმნით, რაშიც შეიძლება ჩვენი პროდუქტები გაგიცვალოთო. მაგრამ თითის მწოველებმა უპასუხეს – ეს ჩვენი უფლებააო. თანაც, თუ პროდუქტებს არ გვიწილადებთ, შიმშილით დავიხოცებით და შთამომავლობას ვერ დავტოვებთო; თქვენ ხომ წინასწარ არ იცით რა სიკეთის მოტანა შეუძლია თითის მწოველების შთამომავლობას თქვენი შთამომავლობისთვის – ამიტომ თუ შიმშილით დავიხოცეთ:

1. არაჰუმანურად მოიქცევით და მუდმივად სინდისი შეგაწუხებთ,
2. პოტენციურ სიკეთეებს მოაკლებთ საკუთარ შთამომავლობასო. იფიქრეს სოფლელებმა და გადაწყვიტეს მიეცათ – მაინც ბევრი გვაქვს პროდუქტები, თან ამათ მართლა შიმშილით ხომ არ დავხოცავთო.

სოფელმა გააგრძელა ასეთ რეჟიმში ცხოვრება და ცოტა ხანში არა მარტო თითის მწოველები, არამედ მშრომელი სოფლელებიც კი თვლიდნენ, რომ უსაქმურებისთვის მუშაობით მოპოვებული პროდუქტის ნაწილის მიცემა ჩვეულებრივი ამბავი იყო.

მაგრამ გავიდა დრო და თითის მწოველებმა ახალი მოთხოვნა დააყენეს სოფლელების წინაშე. მათ ჩათვალეს, რომ პროდუქტის განაწილების არსებული სისტემა უსამართლო იყო, რადგან პროდუქციის უმეტესი ნაწილი სოფლელებს რჩებოდათ, ხოლო თითის მწოველებს მხოლოდ მცირედს უწილადებდნენ. ეს კი უსამართლობა იყო, რადგან არათანაბარ პირობებში აყენებდა სოფლის სხვადასხვა მცხოვრებს და ხელს უწყობდა ადამიანთა მდიდარ და ღარიბ კლასებად დაყოფას.

თავდაპირველად სოფლელებს ცუდად ენიშნათ თითის მწოველების მხრიდან წამოსული მსგავსი პრეტენზია, მაგრამ სოფლისშიდა დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, გადაწყვიტეს დათანხმებოდნენ ამ მოთხოვნასაც.

გავიდა დრო და სოფლელები მიხვდნენ, რომ ვეღარ ახერხებდნენ მარაგების შექმნას და მეზობელი სოფლების მოსახლეობასთან მათ გაცვლას. მეტიც, მათ გააცნობიერეს, რომ, მიუხედავად იმისა თუ რა მონდომებით იშრომებდნენ, შექმნილი პროდუქციის წილი, რომელიც მათ სარგებლობაში რჩებოდა – არ მატულობდა. რაც უფრო მეტს შექმნიდნენ – მით მეტი მიჰქონდათ თითის მწოველებს. მიხვდნენ, მაგრამ უკვე გვიან იყო. თითის მწოველები ზედმიწევნით გულდასმით ითვლიდნენ სოფლელების დოვლათს და არ აპირებდნენ საკუთარი „ლეგიტიმური” წილის მცირედით დათმობასაც კი.

ასე გააგრძელა სოფელმა ცხოვრება, სანამ თითის მწოველები მორიგი მოთხოვნით არ დაუპირისპირდნენ რიგით სოფლელებს. რამდენიმე მათგანმა ყველა თითის მწოველის სახელით განაცხადა შემდეგი:

• სოფლელების მიერ თითის მწოველებზე გადაცემული პროდუქცია არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ მათ მოეხდინათ საკუთარი შესაძლებლობების სრული რეალიზაცია, რითიც იზღუდებოდა მათი გამოხატვის თავისუფლება;
• თითის წოვა წარმოადგენდა ხელოვნების დარგს, რომელიც აღიარებული იყო ყველგან გარდა ამ სოფლისა (ამასთან დაკავშირებით მათ რამდენიმე სხვა სოფლის მაგალითიც მოიყვანეს); და ამ დარგს, როგორც თითის მწოველთა კულტურის ნაწილსა და მათი იდენტობის ერთ-ერთ უმთავრეს შემადგენელს, მეტი მოვლა-პატრონობა სჭირდებოდა;
• შესაბამისად, სოფლელებს უფრო მეტი პროდუქტი უნდა დაეთმოთ თითის მწოველთა სასარგებლოდ.

სოფლელები შეწუხდნენ. მიხვდნენ, რომ თუ ამ მოთხოვნას დათანხმდებოდნენ, არათუ მარაგების შექმნას, საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებასაც ვეღარ შეძლებდნენ. შეეცადნენ აეხსნათ თითის მწოველთათვის, რომ მათ ფიზიკურად არ შეეძლოთ მეტი პროდუქტის მიცემა და რომ ასეთ შემთხვევაში თვითონაც უპროდუქტოდ დარჩებოდნენ. რამდენიმე სოფლელმა თითის მწოველების მიერ გამოყენებული „თანასწორობის” არგუმენტიც კი მოიხმო, მაგრამ უშედეგოდ. თითის მწოველები დათმობას არ აპირებდნენ და ულტიმატუმის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შრომის პროცესში ხელის შეშლით იმუქრებოდნენ. სოფლელები დათანხმდნენ.

ცხოვრება ასე გაგრძელდა. სოფლელები შრომობდნენ, თითის მწოველები კი წოვდნენ. ძალიან მალე სოფლელებს პროდუქტები შემოაკლდათ. მეტი ძალისხმევით დაიწყეს მუშაობა, უარი თქვეს დასვენების დღეებზე, მაგრამ უშედეგოდ. ბევრი მათგანი მეზობელ სოფლებში გადასახლდა, სადაც შრომისა და მოპოვებული პროდუქციის გაცვლისთვის მეტი თავისუფლება არსებობდა. შედეგად სოფელი მნიშვნელოვნად გაღარიბდა და, შესაბამისად, იკლო თითის მწოველებისთვის გადასაცემი პროდუქციის მოცულობამაც. მაგრამ თითის მწოველები რისი თითის მწოველები იყვნენ, თუ რთული მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ მიაგნებდნენ?

გამოსავალი კი შემდეგში მდგომარეობდა. თითის მწოველებმა განუცხადეს სოფლელებს, რომ პროდუქციის რაოდენობის კლება არსებული რესურსების დაუგეგმავი და ქაოსური მოხმარების ბრალი იყო. ამიტომ საჭიროება მოითხოვდა სამუშაოები უკეთ დაეგეგმათ და შეექმნათ ცენტრალიზებული კოორდინაციის მექანიზმი. მხოლოდ ასეთ პირობებში შეძლებდნენ ჯერ პროდუქციის საკმარისი რაოდენობის შექმნას, შემდეგ კი მარაგების შევსებასაც. დაგეგმვისა და კოორდინაციის როლი, ცხადია, თავად თითის მწოველებმა ჩაიბარეს, რაშიც ისედაც გაღარიბებულ სოფლელებს პროდუქციის დამატებითი წილი მოსთხოვეს.

გავიდა დრო და დაგეგმვამ არ გაამართლა. არ გაამართლა, რადგან ვერ ითვლიდნენ რამდენი კუბური მეტრი შეშა რამდენ ლიტრ წყალში უნდა გაცვლილიყო, ან საერთო ჯამში რომელი პროდუქტის რა ოდენობით დამზადება იყო საჭირო. შესაბამისად, ხან რომელ პროდუქტს მოისაკლისებდნენ და ხან რომელს. ან როგორ გაამართლებდა, როცა პროდუქციას მხოლოდ სოფლელები ქმნიდნენ და მისი უმეტესი ნაწილი თითის მწოველებს მიჰქონდათ?

სოფლელებმა ითმინეს, ითმინეს და ბოლოს გადაწყვიტეს უარი ეთქვათ თითის მწოველებისთვის პროდუქციის განაწილებაზე, რადგან სხვა შემთხვევაში უბრალოდ შიმშილით ამოხდებოდათ სული.

აღშფოთებულმა თითის მწოველებმა კი სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.

კომენტარები